კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ანგარიში ხალხს" ოპოზიციის დარბევაში

10 სექტემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

"ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პოლიციის მაღალჩინოსნებმა "უცნობის" სიმღერის ხმამაღლა ჩართვისათვის "კონსერვატორთა" ოფისი დაარბიეს

საქართველოს მთავრობამ გუშინ "ხალხს ანგარიში" თელავში წარუდგინა. მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ერეკლეს გამზირი. სამინისტროების მიერ გამოფენილ სტენდებს და სხვადასხვა საგნებს ძირითადად, კახეთის რაიონებიდან საგანგებოდ ჩაყვანილი საჯარო მოხელეები ათვალიერებდნენ. 15:00 საათზე თელავს პრეზიდენტიც ეწვია. იმ ფონზე, როცა მინისტრები კახელებს დემოკრატიულ რეფორმებზე ელაპარაკებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი სიტყვით ქვეყნის აღმშენებლობაზე გამოდიოდა, კონსერვატორული პარტიის თელავის ოფისში პოლიციის მაღალჩინოსნები და ნაცმოძრაობის შეიარაღებული აქტივისტები შევარდნენ.

შეჭრილები ოპოზიციის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. დარბეულია კონსერვატორული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისი. დამტვრეულია ტექნიკა და ავეჯი. პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონის აპარატებიც. ნაცემები არიან კონსერვატორების წევრები გიორგი დალაქიშვილი, ერეკლე ცოცანიძე, გიორგი მოსიაშვილი. ასევე, რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თელავის უნივერსიტეტის პროფესორი გოგი ჭონიშვილი, ახალი მემარჯვენეების წევრი არჩილ ჯორჯაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტალიური.

გოგი ჭონიშვილის განცხადებით, პოლიციელები და ნაცმოძრაობის აქტივისტები კონსერვატორების თელავის ოფისში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ქმედებების პროტესტის ნიშნად, ოფისში მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიმღერა მაღალ ხმაზე ჩართეს.

არჩილ ჯორჯაძე, "ახალი მემარჯვენეების" თელავის ორგანიზაციის წევრი: "შემოვარდნენ და როგორც მგლები ისე დაგვესივნენ. 20 ზორბა ბიჭი მაინც იქნებოდა. წიხლები, მუშტები, იარაღის კონდახები, სკამები, დუბინკები, ყველაფერს ერთნაირად გვირტყავდნენ. ეს ყველაფერი იმდენად მტკივნეული იყო, რომ ბოლო ხმაზე ვყვიროდით და შველას ვითხოვდით, რის გამოც კიდევ უფრო მეტად გვირტყავდნენ. როცა გაიგეს, რომ ოფისში შემოღწევას რამდენიმე ჟურნალისტი ცდილობდა, თავი დაგვანებეს".

კონსერვატორების ოფისში პოლიციის შეჭრიდან რამდენიმე წუთში მივედით. ოფისიდან განწირული ყვირილის ხმა ისმოდა. კიბეებზე ნაციონალური მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იმედა კევლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფარნა მაყაშვილი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი შეიარაღებული პირები იდგნენ. დაგვინახეს თუ არა, იარაღი მოიმარჯვეს.

- რა ხდება, გვესვრით?

- დატოვეთ აქაურობა!

- რას დავტოვებ? მე ეხლა აქედან წავალ. გამატარეთ! ამის თქმა იყო და იმედა კევლიშვილი დამეძგერა. დიქტოფონი ხელიდან გამომგლიჯა და გადამიგდო.
 
კონსერვატორების ოფისის კართან მაინც მივედით, მაგრამ კარი შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. ვაბრახუნეთ და ვყვიროდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით. ცემის და გინების ხმა არ შემწყდარა. შენობა დავტოვეთ და ქუჩაში მყოფ ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თელავის მაჟორიტარ დეპუტატს გია არსენიშვილს  მივმართეთ.

- ბატონო გია, ზემოთ პოლიციელები ხალხს კლავენ. დაგვეხმარეთ.

- ეგ ჩემი საქმე არ არის და საერთოდ, საიდან იგონებთ ასეთ რაღაცეებს.

- რას ვიგონებ, ხმა არ გესმით?

- არ მცალია, - აღნიშნა არსენიშვილმა და იქაურობას მოშორდა.

ისევ შენობაში დავბრუნდით. იქ მყოფი შეიარაღებული პირების ფიზიკურ წინააღმდეგობას არ დავჯერდით და ოფისში შევაღწიეთ, რომლის კარიც უკვე ღია იყო და ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ წიხლავდნენ. პოლიციელები მათ პირდაპირ თავებში ურტყავდნენ. რას აკეთებთ? კლავთ ხალხს? – ვიყვირე. "ამას აქ რა უნდა, გაიყვანეთ და წაართვით ყველაფერი", - ბრძანება გასცა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით და იარაღის შუბლზე მიბჯენით გამათრიეს. რამდენიმე წუთში მოძალადეებიც უკან მომყვნენ.

დარბევის და ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლები შეესწრნენ. მათი თქმით, დარბევას თელავის პოლიციის და კუდ-ის თელავის განყოფილების უფროსები ხელმძღვანელობდნენ. ესენი არიან, შოთა ბეჟანიშვილი – თელავის პოლიციის უფროსი; აკა საჩიშვილი – თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე; გოგი გიორგელაშვილი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსი; ზურა საჩიშვილი და ზურა ქადაგიშვილი - ამავე განყოფილების ოპერატიული მუშაკები და პოლიციის მაღალჩინოსანი ბექა როსტომაშვილი. დარბევაში პოლიციის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მათი ზუსტი ვინაობა არ იციან.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნაცემი გიორგი დალაქიშვილი ავად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგად დალაქიშვილს ქალა ტვინის დაჟეჟილობა დაუდგინდა. გიორგი დალაქიშვილს თავზე სისხლჩაქცევებიც აქვს. რაც შეეხება პოლიციელების მიერ ნაცემ ალექსანდრე ტალიურს, მას კბილი ჩაუმტვრიეს, ერეკლე ცოცანიძეს კი დაჟეჟილობები თვალზე აღენიშნება.

უნდა აღინიშნოს, რომ დარბევას რამდენიმე მეტრიდან ადევნებდნენ თვალს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ახალაური, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. "ახალი მემარჯვენეების" თელავის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკა ვარდოშვილმა კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს არაერთხელ სთხოვა, რომ პოლიციელები და ნაცმოძრაობის აქტივისტები შეეჩერებინა. ვიცე გუბერნატორი ვარდოშვილის ამ თხოვნას შემდეგნაირად პასუხობდა: "ჩვენს ფრონტზე არ უნდა შემოჭრილიყავით".

კონსერვატორების ოფისის დარბევის ფაქტს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე რეგიონებში პარტიული ზონდერ – ჯგუფების გააქტიურებას უკავშირებს. "ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის სიმღერის ჩართვით ხელისუფლების პიარ კამპანიებს მხოლოდ აპროტესტებდნენ, რის გამოც მათ მმართველი პარტიის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები ველური მეთოდებით გაუსწორდნენ. იმ ფონზე, როცა მთავრობა ვითომ ხალხს ანგარიშს აბარებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასე უსწორდებიან. ეს არის ნაცმოძრაობის პარტიული ზონდერ ჯგუფების მიერ შესრულებული დარბევა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პოლიციის მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ კონსერვატორების თელავის ოფისის დარბევის და ოპოზიციის წარმომადგენლების სასტიკად ცემის ფაქტებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობენ.

როგორც ჩვენთან საუბარში კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, მსგავსი ფაქტები აღარავის უკვირს, თუმცა ხელისუფლების ტერორმა ტოტალური მასშტაბები მიიღო. "თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში არცერთი საპროტესტო აქცია აღარ გამართულა. ეს ნიშნავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება აღარ არსებობს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. მომხდარის შესახებ მათ დეტალურად ვაცნობებთ და რეაგირებას ვთხოვთ", - განაცხადა კუკავამ.

კონსერვატორების ოფისის დარბევის და ოპოზიციის წარმომადგენლების სასტიკად ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული ამ დრომდე არ არის. გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა დღეს მიმართა. გამოძიების დაწყების პარალელურად, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დარბევაში მხილებული პოლიციის თანამშრომლებისთვის და სხვა ჩინოვნიკებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ახალი ამბები