კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრებს წერილს ნუ მისწერთ, ქალაქი დაბინძურდება

17 სექტემბერი, 2009

მადლობა იმისთვის რასაც არ გააკეთებენ

მანონ ბოკუჩავა, რუსთავი

საქართველოს მთავრობის ინიციატივა „დიალოგი ხალხთან“ რუსთავშიც ჩამოვიდა. იდეის ფარგლებში სამინისტროებმა თავიანთი მიღწევების დემონსტრირებისთვის სხვადასხვა მაკეტები, ფერად-ფერადი პოსტერები და სარეკლამო ბროშურები გამოფინეს. მოკლედ შარტავას გამზირზე შეგვეძლო გვენახა ყველაფერი რაც გვეუბნება, რომ ცხოვრება მშვენიერია, ან ახლა თუ არა მომავალში მაინც ნამდვილად იქნება მშვენიერი.

საღამოს ექვსის ნახევარზე ყველაფერი დაშლილი, სატვირთო მანქანებზე დაწყობილი, ხოლო მეგობრობის გამზირი დანაგვიანებული იყო.

„ჩვენი წერილები არ წაუღიათ“ – სინანულით გვითხრეს მოზარდებმა და იმ ყუთზე მიგვითითეს, რომელსაც „წერილი მინისტრს“ ეწერა. „წერილი განათლების მინისტრს მივწერეთ, მაგრამ არ წაუღიათ“ - ჩივიან ბავშვები.

მოქალეების მიერ მინისტრებისთვის გაგაზავნილი წერილები გამზირზეც ვიპოვეთ. გარშემო ტექნიკური პერსონალის გარადა არავინაა. უყურადღებოდ მიტოვებულ ყუთებში კი წერილებთან ერთად გამაგრილებელი სასმელების ბოთლები, სიგარეთის ნამწვავები, კევები და სხვა სახის ნაგავია ჩაყრილი.

რადგან მინისტრებს მოსახლეობის წერილების საკითხავად არ სცალია, გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ წაგვეკითხა ისინი. მიუხედავად  იმისა, რომ სხვისი წერილების კითხვა არ არის კარგი საქციელი, ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს დიდი დანაშაული არ იქნება. ადამიანები ხომ ამ წერილებით მთავრობის წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვდნენ... მათ კი ეტყობა დაავიწყდათ ამ წერილების წაღება და ახლა იქნებ ასე მაინც წაიკითხონ და მიაქციონ ყურადღება მათ, ვისაც მთავრობისგან მხოლოდ ანგარიშის მოსმენა კი არა დახმარება სჭირდება.

„წიგნები და ველოსიპედი ვთხოვე“ – თავს არ მანებებს 7კლასელი, გულგატეხილი გიორგი მგელძე - „რადგან წერილები არ დატოვეს, ალბათ არც მომიტანენ.“ გიორგი მიხვდა რომ ჩვენთვის გასაჭირის გაზიარება მას ველოსიპედის მიღების შანსებს არ გაუზრდიდა და თავი დაგვანება.

გიორგისაგან განსხვავებული პრობლემა აქვს რუსთაველ ქალბატონს, რომელიც, როგორც წერილიდან ჩანს პრემიერ მინისტრს სთხოვდა დახმარებას. „ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში არ გვაქვს სასმელი წყალი, კანალიზაცია, გაზი. ჩვენი საცხოვრერბელი სახლი ხანძრის შედეგად დაზიანდა“, - ასეთ დღეში 7 ოჯახიაო წერს რუსთაველი ქალბატონი. „ვართ ამ მთავრობის მომხრეები და ვიქნებით ბოლომდე“ - წერს ბოლოს ის. მისი გასაჭირი ამ მხარდაჭერის გამო უფრო „ახლობელი“ პრემიერ მინისტრისთვის არ გამხდარა.

„ავტოკატასტროფაში მოვყევით. მივიღე სერიოზული დაზიანება. წელიწადი და 8 თვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. ყველაზე მეტი ტრავმა სახეზე მივიღე. ახლა ჩემს  სახეში ჩადგმულ რკინის ფირფიტაში ანთებითი პროცესია წასული. ყბის ორივე სახსარში არის ანკილოზი. შეზღუდული მაქვს ღეჭვა... ძალიან ვღელავ. ერთხელ წერილი პრეზიდენტსაც ხელში მივეცი, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ფირფიტების სახიდან ამოღებაა საჭირო. უპირველესად პირის გახსნა, რაც ცალკე თანხებთანაა დაკავშირებული. ორ შვილს ვზრდი ობლად. არ მინდა დედაც დაკარგონ“, - ეს წერილი ჯანდაცვის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი.

წერილებს შორის გარდაბნის დასახლება „მთის ძირის“ მცხოვრებთა საჩივარიცაა. ისინი პრემიერ მინისტრ გილაურს სწერენ, რომ მათი სახლების  ქვეშ გაზსადენის მილები გადის, მათ კი ოჯახებში გაზი არ აქვთ.

„ვარ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონერი. ჰეპატიტით დაავადებილი. პენსია წამლების საყიდლად არ მყოფნის. ამიტომ წინასწარ მიწევს კრედიტით თანხის გამოტანა. ამის შემდეგ მშიერი ვზივარ“, – წერს ჯანდაცვის მინისტრს 70 წლის პენსიონერი.

პირველი კლასელებისთვის განკუთვნილ სპეციალური ქართულის რვეულის ფურცელზე მე-2 კლასელი გოგონას თხოვნას ვკითხულობთ. ის განათლების მინისტრს ნიკა გვარამიას მე-2 კლასის წიგნებს სთხოვს.

მსგავსი თხოვნები, სადაც ბავშვები მინისტრისგან სახელმძღვანელოებით დახმარებას ითხოვენ იმდენად ბევრია, რომ ყველა ნამდვილად ვერ გამოვაქვეყნებთ... რუსთაველების წერლებს შორის ლაგოდეხის რაიონის სოფელი ზედა კართუბნის  მცხოვრებთა პრობლემაც გამოჩნდა. ,,არ გვაქვს დასალევი წყალი. გზა კი ისეთი დანგრეულია, სახლების კარებს ვერ ვაღებთ. ვიხრჩობით მტვერში“.

წერილები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, პრობლემები, ძირითადად, სოციალური და ეკონომიურია... თუმცა ვფიქრობთ, რომ წერილი, რომელზეც ახლა გვინდა გელაპარაკოთ განსაკუთრებულია. განსაკუთრებული იმიტომ, რომ მის ავტორს ეჭვიც კი არ ეპარება, რომ დაეხმარებიან და ბოდიშსაც უხდის პრემიერ-მინისტრს, რომ დროს ართმევს თავის პრობლემებზე საუბრით.

ავტორი ოცი წლის გოგაა. წერს, რომ სახლში ინვალიდი დედა ჰყავს, რომელსაც დამოიკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გასულ წელს ეროვნულ გამოცდებში 30”%-იანი გრანტი აიღო, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა ვერ მოახერხე და იძულებული გახდა სასწავლებლიდან წამოსულიყო.

„ერთი კითხვა მაქვს ბატონო პრემიერ-მინისტრო: ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის რატომ არ არის არაფერი? რატომ არ შეიძლება ვსწავლობდე და ჩემი პროფესია მქონდეს? აქ გადამწყვეტი ფულია და არა საქმის ცოდნა. შეიძლება ჩემი პრობლემებით მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ ვიცი უყურადღებოდა არ დამტოვებთ. რამეში დამეხმარებით. არ ვარ ზარმაცი, არც სწავლა მეზარება და არც მუშაობა. ამ სიტუაციაში ორივე ჰაერივით მჭირდება. ძალიან გთხოვთ ეს წერილი არ დაკეცოთ და გვერდზე არ გადადოთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაცას სჭირდებით. უბრალოდ, ფეხზე დაყენება მინდა. დანარჩენს ჩემით მივაღწევ. დიდი მადლობა იმისთვის, რაც შეიძლება გააკეთოთ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის“.

ეს მხოლოდ ნაწილია „წაუკითხავი წერილების“, რომლებიც ადამიანებმა მინისტრებს გაუგზავნეს, მაგრამ ჩვენ წავიკითხეთ. არ ვასახელებთ იმ ადამიანების ვინაობას, ვინც ამ წერილებს წერდა, რადგან მათთან არაფერი შეგვითანხმებია, მაგრამ თუ მთავრობის წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომ დაეხმარონ რომელიმეს ამ ადამიანთაგან აუცილებლად მივაწვდით კოორდინატებს.

ახალი ამბები