კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,იმელის” შენობის ნგრევა შეჩერდება

5 ოქტომბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

„იმელის“ ნგრევის შეჩერებაზე შეთანხმებას თბილისზე მზრუნველი გაერთიანების „ტფილისური ჰამქრისა“ და არაბული „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრაზე მიაღწიეს.

ეს შეხვედრა აქციაზე დაიგეგმა, რომელიც „ტფილისური ჰამქრის“ ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მთავარ მოთხოვნა სწორედ ნგრევის შეჩერება იყო. არაბული კომპანია შეხვედრის წინააღმდეგი არ ყოფილა.

შეხვედრა „კავკასიურ სახლში“ გაიმართა. „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენელმა გიორგი სეთურიძემ სასტუმროს გეგმა წარმოადგინა, სადაც კარგად ჩანს, რომ „იმელის“ შენობის მხოლოდ ერთი კედელი რჩება შეუცვლელი, მიუხედავად ამისა მაინც ამტკიცებენ რომ შენობის ფასადი ძველი სახით შენარჩუნდება.

„იმელის“ ნგრევის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მერიას და თავად გიგი უგულავას ეკისრება. რადგან მერიამ შენობა წელიწად-ნახევრის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღო. განხილვას, სადაც შენობის საკითხი გადაწყდა გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდა, საბჭოს შემადგენლობაში თბილისის მერი გიგი უგულავაც შედიოდა. კულტურის სამინისტროს საბჭოს განხილვას არქიტექტორთა 50 კაციანი ჯგუფიც ესწრებოდა, მათთვის „იმელისთვის“ ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით აზრი არავის უკითხავს. „საბჭოზე იმელის შენობის საკითხი რომ დადგა, უგულავამ განაცხადა - „იმელს“ უნდა მოეხსნას ძეგლის სტატუსი. კითხვაზე თუ რატომ უნდა მომხდარიყო ასე, დამსწრეებმა პასუხი ვერ მივიღეთ, ალბათ ეს იყო პოლიტიკური ნება“ - განაცხადა არქიტექტორმა კოკა ამირეჯიბმა.

საინტერესოა ის, რომ შენობას ძეგლის სტატუსი სწორედ მაშინ მოეხსნა, როცა მისი ყიდვის მსურველი ინვესტორი გამოჩნდა.

„ტფილისური ჰამქარი“ „იმელის“ დემონტაჟსა და თაბუკაშვილის ქუჩის სახლის ნგერვასთან პირდაპირ კავშირს ხედავს. „იმელის“ შენობის ნგრევა რამოდენიმე დღის წინ დაიწყო, მაგრამ რეალურად ეს პროცესი თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის ნგრევით, წელიწად-ნახევრის წინ იღებს სათავეს. სწორედ აქ გამოჩნდა ხელისუფლების დიდი ინტერესი იმ ტერიტორიის ნებისმიერ ფასად ხელში ჩაგდებისა“ - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. ის ხელისუფლების კორუფციულ დაინტერესებასაც  არ გამორიცხავს.

ყველაფერთან ერთად პროექტი კანონდარღვევით მიმდიანარეობს. თბილისის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 7 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, უნდა გაკეთდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა. რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს რა ფასეულობები არსებობს ტერიტორიაზე და რა უნდა იქნეს დაცული, ამის გარეშე თბილისის მერიას პროექტის განხილვის უფლება არ აქვს, თუმცა განაშენიანების გეგმა არ გაკეთებულა და შესაბამისად არც კვლევა ჩაუტარებია ვინმეს.

დაირღვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონიც, რომელიც ითვალისწინებს ისტორიულ-არქიტექტორული კვლევის ჩატარებას იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული კულტურული ფასულობა: რესტავრაციით, რეკონსტრუქციით, კონსერვაციით თუ სხვა. კოკა ამირეჯიბის თქმით ეს სამუშაოები არ ჩატარებულა რაც კანონის უხეში დარღვევაა. კანონდარღვევასთან ერთად ის დიდი შეცდომად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე ასეთი სიდიდის შენობის მშენებლობას. რადგან ეს, მისი აზრით, „ქუჩების გადატვირთვას გამოიწვევს და მოძრაობა ხალხისთვისაც შეიზღუდება“.

„დაბი ჯგუფის“ წარმომადგენელი გიორგი სეთურიძე კატეგორიულად უარყოფს შენობის ფასადის შეცვლაზე არსებულ ინფორმაციას. მისი თქმით შენობის მხოლოდ დაზიანებული უკანა მარის რეკონსტრუქცია მოხდება. ის კომპანიის დანაშაულს აღიარებს მხოლოდ ერთ საკითხში, „დაბი ჯგუფმა“ „იმელის“ შენობის უკანა ნაწილი ნებართვის გარეშე მოშალეს . სეთურიძის განცხადებით, კომპანია მზადაა პასუხი აგოს ამის გამო. სეთურიძე იმასაც აღნიშნავს, რომ „დაბი ჯგუფს“ არ ეკისრება პასუხისმგებლობა შენობის კულტურული სტატუსის იგნორირებაში, რადგან მისი განმარტებით, როცა „დაბი ჯგუფმა“ შენობა შეიძინა მას უკვე არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი.

გიორგი სეთურიძის თქმით შენობა ავარიულია, და მისი ნაწილის მოშლა სწორედ ამითაა განპირობებული. „დაბი ჯგუფის მიზანი შენობის დანგრევა ნამდვილად არაა“, - აცხადებს სეთურიძე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავარიულობის დამადასტურბელი დოკუმენტი არ არსებობს.

პროექტის მომზადებისთვის „დაბი ჯგუფმა“ ორ უცხოურ კომპანიას მისცა შეკვეთა. ეს კომპანიებია იტალიურ „ფავერო მილანოსა“ და „ჰაპულდს“.ამ პროექტის განხილვას არაბული კომპანია საჯაროდ გეგმავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა ის ქალაქის სათანადო სამსახურებს დასამტკიცებლად. ფასადის დემონტაჟის ნებართვა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„იმელის“ მშენებლობა 1934 წელს დაიწყო და 1938 წელს დასრულდა. პროექტი ცნობილ რუს არქიტექტორს ალექსეი შჩუსევს ეკუთვნის. მისივე პროექტით აშენდა ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში.

„იმელის“ შენობის ადგილას 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „კემპინსკი“ უნდა აშენდეს. ამ მიზნით შენობა ჯერ „კაპიტალ ვოსტოკმა“, შემდეგ კი არაბულმა კომპანიამ „დაბი ჯგუფმა“ შეისყიდა.

„დაბი ჯგუფს“ საქართველოში აქამდე რაიმე ინვესტიცია არ განუხორციელებია. კომპანია ძირითადად ემირატებში, აბუ დაბიში მოღვაწეობს.

ახალი ამბები