01:00, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოს ციხეები - პატიმართა გამოსასწორებელი თუ სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელი დაწესებულება?

06.10.2009
ეკატერინე ჩაჩუა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისრტოში პატიმართა დასახმარებლად არაერთი კომისია თუ განყოფილება შეიქმნა, თუმცა მათი უფლებები მაინც ირღვევა. ფაქტია ისიც, რომ ავადმყოფ პატიმართა მკურნალობის, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მისი დაძლევის ბრძოლის მეთოდები არაეფექტურია. სამოქმედო გეგმა, რაც სამინისტროს გააჩნია, არაადეკვატურია.საკნებში არსებული არაჰიგიენური პირობების, ცუდი კვებისა და არასწორი მკურნლობის გამო გავრცელებულია ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერტკულოზი,შიდსი, C ჰეპატიტი და სხვა. ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის არაერთხელ მიმართა მრავალმა პატიმარმა თუ მათი ოჯახის წევრმა.

პატიმარი გია საგინაძე სასჯელს თბილისში, გლდანის საპყრობილეში იხდის. პატიმრის ახლობლების განცხადებით, საგინაძეს ჯანმრთელობა შერყეული აქვს. მისი ოჯახი თბილისში არ ცხოვრობს და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ისინი ვალერი ძაგნიძისგან იგებენ, რომელიც საგინაძის ოჯახის ახლობელია.

„ზუსტად არავინ მეუბნება როგორ მკურნალობენ, თუმცა ვიცი, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, - ამბობს ვალერი ძაგნიძე. „მაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ მას ტკივილგამაყუჩებელ წამლებს აძლევენ, მაგრამ ეს მკურნალობის კურსს ვერ ჩაანაცვლებს“.

გია საგინაძე 2007 წლის 25 დეკემპერს დააპატიმრეს, მას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2008 წლის 30 იანვარს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დასკვნით, ის დაავადებულია ქრონიკული C ჰეპატიტით, აივ ინფექცია შიდსით, განლევის სინდრომით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ამის გამო, 2008 წლის 29 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა ნემსიწვერაძემ მისი გათავისუფლების საკითხი დააყენა. სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უარის მოტივი ასე ფორმულირდა: - ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის ბოლომდე მოხდის საშუალებას არ აძლევს.

საგინაძის ადვოკატი გურამ შარია აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2003 წელს გამოცემული #72/ნ ბრძანებულების მე-13 მუხლის  მიხედვით, პატიმარს უპირობოდ ათავისუფლებენ, თუ მას აღმოაჩნდება შემდეგი დაავადებები:

1. აივ ინფექცია/შიდსის შედეგად განვითარებული ინფექციური ან პარაზიტული ავდმყოფობები, C3 კატეგორია, ტერმინალური სტადია.

2. აივ ინფექცია შიდსის შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეები, C3 კატეგორია, ტერმინალური სტადია.

3. აივ ინფაქცია შიდსის შედეგად განვითარებული ავადმყოფობები (დემენცია, განლევის სინდრომი) ჩ3 კატეგორია, ტერმინალური სტადია.

პატიმრობის პერიოდში გია საგინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას შემდეგ რაც ქსნის კოლონიიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, საგინაძე  კანტუზიითაც დაავადდა. რის შედეგადაც კვლავ აუცილებელი გახდა მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ამჟამად საგინაძე ციხის რესპუბლიკურ საავადყოფიში იხდის სასჯელს.

საგინაძის ადვოკატის განცხადებით, ავადმყოფის მდგომარეობას ამძიმებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაც; პატიმარი სააპელაციო სასამართლოს სხდომას არც დასწრებია, რადგან მას სიარული აღარ შეუძლია.

სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლი მიხეილ ძაგირაშვილი ამბობს, რომ საგინაძე დაპატიმრებამდეც მძიმედ იყო დაავადებული, თუმცა ამას მისთვის დანაშაულის ჩადენაში ხელი არ შეუშლია და არც სასჯელის ბოლომდე მოხდაში უნდა შეუშალოს ხელი. ჩამოთვლილი დაავადებები, ძაგირაშვილის აზრით, პატიმარის გასათავისუფლებლად სკმარისი საფუძველი არ არის და შესაბამისად ვერც სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ შემოსული საჩივრებიდან, საქართველოს ციხეებში პატიმართა მკურნალობის ნორმების დარღვევის თვალსაზრისით, ყურადრებას პატიმარ ხარაიშვილის საქმეც იქცევს.

რობერტ ხარაიშვილი დაავადებულია ყელის კიბოთი, მას ოპერაციის შემდეგ ყელში მილი ჩაუდგეს, გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პატიმარის მდგომარეობას ამძიმებს C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და შიდსი. ოპერაციის შემდეგ ის მალევე გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააბრუნეს. ხარაიშვილის ადვოკატის ეკა ქობესაშვილის თქმით, ციხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პატიმრის გლდანის ციხეში დაბრუნება აუცილებელი იყო, რადგან მისთვის ცალკე ბადრაგის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ციხის ხელმძღვანელობამ ასევე მიიჩნია, რომ ავადმყოფის ონკოლოგიურ დაწესებულებაში მკურნალობის აუცილებლობა აღარ არსებობდა. ხარაიშვილის  მძიმე მდგომარეობას ციხის ექიმებიც ადასტურებენ. ადვოკატის განცხადებით, პატიმარი უკმაყოფილოა ციხეში არსებული მკურნალობის ნორმებით, ექიმები მას  ჭრილობის ნახვევების გამოცვლას უგვიანებენ, ჭრილობიდან სდის ჩირქი, აქვს ტკივილებიც. ტკივილგამაყიჩებელი ნემსები კი გაუკეთდა, მაგრამ ნანემსრები დაუჩირქდა და მათზე იოდის წასმაც პრობლემაა. ექიმები ხარაიშვილის ნათქვამს უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი თავიანთი მოვალეობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ. „სახელმწიფო არანაირ მექანიზმს არ გვიტოვებს პატიმრის სასჯელის გადასავადებლად. აუცილებელია, სასამართლოს წარედგინოს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეს თანხა (ლაპარაკია 700 ლარზე) პატიმრის ოჯახს არ გააჩნია და მისი გამოყოფა არც სახელმწიფოს ევალება. ხარაიშვილს თავისი სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს და მისი ვადამდე გათავისუფლება კანონით დასაშვებია“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი. „ჩემი ძმა დედაჩემს  20 წელია არ უნახავს“, - ამბობს პატიმრის ძმა - დაკავების შემდეგ გასასამართლებლად რუსეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს, ყველამ ვიცით, რომ ის ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვეღარ იცოცხლებს“.

დღეს საქართველოს ციხეებში   გავრცელებული დაავადებები - ტუბერკულიოზი და ფილტვების ანთება, სიკვდილიანობის საფუძველია.

სტატისტიკური მონაცემებით, წელიწადში ყოველი 101 პატიმრიდან 39 იღუპება, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 21-31 წლის პატიმრებში ფიქსირდება. „ინფექციური დაავადებების გავრცელების კერა საკნებში არსებული არაჰიგიენური საცხოვრებელი პირობები და არაჯანსაღი კვებაა“ - ამბობს სამედიცინო ექსპერტი ლევან ლაბაური.

„ჩემი შვილი 20 წლისაა, ის წინასწარი პატიმრობით სასჯელს ქუთაისის #2 საპყრობილეში იხდის, ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც დააპატიმრეს, დღეს პირველად უნდა მენახა და „პერედაჩაც“ გადამეცა. ჩემი შვილი იმდენად ძალაგამოცლილი იყო, რომ ორმა ბადრაგმა ხელით მოიყვანა. მიამბო, რომ ციხის ექიმის დიაგნოზით, მას ფილტვების ანთება ჰქონია. მე იმ წუთში  წამლების შესაძენად საჭირო ფული არ აღმომაჩნდა, არც ის ვიცოდი რა სჭირდებოდა. ციხის ექიმი  ადგილზე არ იმყოფებოდა. ციხეში მნახველთა შორის ვიღაც ექიმი აღმოჩნდა, იმან ჩამაწერინა, თუ რა წამლები უნდა მომეტანა პატიმრისთვის.

რაც ამპულებში იყო, უკან დამიბრუნეს, შეტანა არ შეიძლებაო. ჩემი შვილის მდგომარეობა ახლა როგორია არ ვიცი, მისი ნახვის უფლება თვეში მხოლოდ ერთხელ მაქვს, ის კი გავიგე, რომ მიტანილი წამლები გადასცეს“, - გვითხრა ერთ ერთი პატიმრის დედამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთხელ უკვე წერდა გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის უფროსის, პაატა ხოხაშვილის შესახებ, რომელიც 5 მაისს მუხროვანში მომხდარი ამბოხის მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, გლდანის საპყრობილეში, იხდის სასჯელს. პაატა ხოხაშვილი გასულ წელს აგვისტოს ომში  ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა. მას თავის ქალა და ხერხემლის მალები მძიმედ დაუზიანდა. ხოხაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, პატიმრის მდგომარეობა განსაკუთრებით ციხეში გაუარესდა. მას დაზიანებული აქვს ხერხემლის მე-3 და მე-5 მალა, რაც მისი ინვალიდობის საშიშროებას ქმნის. ხოხაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება ფიზიოტერაპიული მკურნალობა, რისი საშუალებაც ციხეში არ არსებობს, „ისიც ვერ მოვახერხეთ, მისთვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები შეგვეტანა, ახლა გავიგეთ, რომ ციხის ექიმის დანიშნულებით ხოხაშვილს ტკივილგამაყუჩებლებს დღეში ორჯერ უკეთებენ. პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მან ციხეში 30 კილო დაიკლო. ვერ მივაღწიეთ იმასაც, რომ იმ ტკივილგამაყუჩებლების ჩამონათვალი მოვიპოვოთ, რასაც პატიმარი იღებს. ბოლო შეხვედრისას მას ჰეპატიტის ნიშნებიც ჰქონდა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ამ პრობლემებზე სასაუბროდ სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მივმართეთ. სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სამმართველოში განგვიცხადეს, რომ ისეთი დაავადებების დაძლევა, როგორიცაა ტუბერკულოზი, ე. წ. ეროვნული პოროგრამის პრეროგატივაა. დაავადებულთათვის ცალკე საკნებია შექმნილი, გართულების შემთხვევაში კი პატიმრები ქსნის სამკურნალო ცენტრში გადაჰყავთ. „ერთი თვეა, რაც პატიმართა საკითხები სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სამმართველოს გადაეცა, მანამდე ამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ხელმძღვანელობდა. ახლადშექმნილი სამმართველო ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მიმდინარეობს რეფორმის პოლიტიკის შემუშავება და პატიმრების სამედიცინო დახმარება ამიტომაც ვერ ხერხდება. საჩივრები კი შემოდის, მაგრამ დებულების არ არსებობის გამო სათანადო დახმარება ვერ ხორციელდება. ერთ თვეში ამ პრობლემებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირების საშუელება გვექნება. სრულყოფილ მუშაობას, ალბათ, იანვრიდან დავიწყებთ, მანამდე კი უნდა შევიმუშაოთ სამოქმედო კონცეფციაც, ასე რომ, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნინო მუსერიძემ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Thomas
2014-02-11 16:42
That is awful!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC