კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეფორმირებული ქართული სასამართლო - ფასადი და ფასადს მიღმა

22 ოქტომბერი, 2009

„სამართალმა შერემონტებული სასამართლო დარბაზები დატოვა

16 ოქტომბერს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“    ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია „რეფორმირებული ქართული სასამართლო – ფასადი და ფასადს მიღმა“.

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, რომელიც 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოში მას კოორდინაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სამი მომხსენებელი „კონსტიტუციის 42 მუხლის“  აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე, ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი. მათ ისაუბრეს ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ იმ ტენდენციებზე, რომლებიც შემაშფოთებლად აკნინებს სასამართლოს როლს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და შეუსაბამოა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან.

საქართველოში „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით „სასამართლოს დამოუკიდებლობის მწვავე დეფიციტი დღესაც რჩება ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებად უფლებადაცვითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საქართველოში. ეს ნათლად გამოჩნდა  ქსელის წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში ივლისში გამართულ ქსელის რეგიონალურ შეხვედრაზე. სწორედ ამიტომ მიეძღვნა ქსელის პირველი საჯარო დისკუსია ამ თემას“.

„კონსტიტუციის 42 მუხლის“ („უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი) აღმასრულებელის დირექტორის მანანა კობახიძის განცხადებით, „რა თქმა უნდა, სასიამოვნოა შერემონტებული დარბაზები და შენობის ფასადები, მაგრამ უფრო მთავარი სასამართლო სისტემის რესტავრაციაა. საქართველოში სამართალმა სასამართლო დარბაზები დატოვა და იქ ყველაფერს პოლიტიკური ნება წყვეტს. მოსამართლე მთლიანად პროკურორზეა დამოკიდებული, ადვოკატის როლი გაუფასურებულია, მოქალაქეს  უჭირს მიაღწიოს სასამართლოს სამართლიან  გადაწყვეტილებას. ქართულ სასამართლოში ჩადენილ დარღვევებს აღიარებენ არა მარტო ქართველი, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც“.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო „სტუდია რეპორტიორის“ („უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი) ფილმის „კუბლაშვილის საჩუქრები“ საპრემიერო ჩვენება. ფილმში გამოთქმულია სერიოზული ბრალდებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მიმართ, რომელიც უკავშირდება კუბლაშვილის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობის დროს მისი ქონებრივი დეკლარაციის ბუნდოვანებით მოცულ დეტალებს.

ფილმის მიხედვით იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობის დროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახლანდელმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საჩუქრად მიიღეს ფულადი თანხა და საცხოვრებელი სახლი. ამ საჩუქრების შესახებ კუბლაშვილს თავის დეკლარაციაში რიგ შემთხვევაში საერთოდ არ მიუთითებია, რიგ შემთხვევაში კი მათ შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მითითებები გააკეთა, რითაც მან დაარღვია კანონის მოთხოვნები.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით: „თუკი ამ ფაქტს მივცემთ სამართლებრივ შეფასებას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან გადასახადების დამალვის მიზნით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ,მსგავსი ქმედება დასჯადია, რადგან საქმე ეხება დოკუმენტების გაყალბებას. ფილმს ვაფასებ დადებითად. თუმცა, კარგი იქნებოდა შექმნილი გარემოების უკეთ საჩვენებლად მოგვეძებნა საქმე, როდესაც მსგავსი ქმედების გამო დამნაშავე არის დასჯილი. ეს ფაქტი შედარებისთვის იქნებოდა ძალიან კარგი. ამ შემთხვევაში ნათლად დავინახავდით განსხვავებას, თუ როგორ ისჯება ნებისმიერი მოქალაქე თაღლითობის გამო, ხოლო მაღალჩინოსანი პირი მალავს დანაშაულს და შესაბამისად თავს არიდებს სასჯელს“.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენები, პოლიტიკოსები და მედია.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წარმოადგენს საჯარო ფიგურას. „შესაბამისად, საზოგადოების ინტერესი მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ აბსოლუტურად ლეგიტიმურია. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოითქმის. ჩვენი მიზანი იყო ამ ლეგიტიმური ინტერესის რეალიზაციისათვის თავისუფალი სივრცის შექმნა, რათა ადამიანებს მიეღოთ ინფორმაცია და მისცემოდათ შესაძლებლობა თავისი შეხედულება დაეფიქსირებინათ ამ ინფორმაციაზე (ან ფილმში გადმოცემულ მოვლენებზე). ფილმმა „კუბლაშვილის საჩუქრები“ დამსწრე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ცალსახად მისასალმებელია. განსხვავებული აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, სამხრეთკავკასიური ქსელის მიზანიც სწორედ დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებაა, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებზე საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხის გაზრდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არ მოისურვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ შევთავაზეთ უზენაეს სასამართლოს, რომ მათ წარმომადგენელს მონაწილეობა მიეღო გამართულ დისკუსიაში, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები