08:49, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

02.11.2009
30 ოქტომბერს – პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ან ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს ნებისმიერ ქვეყანაში საზღვრების მიუხედავად.

ქსელი განსაკუთებულ შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. ქსელი ამ ქვეყნების მთავრობებს  პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და  პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. 

„მიუხედავად იმისა რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კონსტიტუციებით დაცული და აღიარებულია მთელი რიგი უფლებებისა, რომელიც ადამიანის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისა და დისკრიმინაციის გარეშე მონაწილეობის უნდა უზრუნველყოფდეს,  სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში კვლავაც ხდება ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის დევნა, მუქარა და ზეწოლა პოლიტიკური საქმიანობისა და შეხედულებების გამო“, - განაცხადა საქართველოს „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა“ და ქსელის კოორდინატორმა საქართველოში ანა ნაცვლიშვილმა.

აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების საკითხის შესასწავლად ევროსაბჭომ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი; მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური მომხსენებელის დასანიშნად სომხეთში. საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნეს ანგარიშები პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანების საქმებსა და მათზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) აღიარა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი.

სომხეთი: ამჟამად, სომხეთში სულ ცოტა 17 პოლიტპატიმარი არსებობს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც 2008 წლის 1 მარტს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დროს დააპატიმრეს. დარბევის დროს მოკლეს 10 ადამიანი, ოპოზიციის ასობით მომხრე დააპატიმრეს, ნაწილი იძულებული გახდა გაქცეოდა რეპრესიებს. რამოდენიმე თვის წინ სომხეთის პრეზიდენტმა გამოსცა ამნისტია და 1 მარტს დაკავებული ადამიანების ნაწილი გაათავისუფლა; თუმცა 17 მათგანი კვლავ პატიმრობაში რჩება. მათი უმრავლესობის პატიმრობის ერთადერთ საფუძველს პოლიციელების ჩვენები წარმოადგენს; ამ ადამიანებს მრავალწლიანი უაკანონო პატიმრობა ემუქრებათ.

„ნაწილობრივი ამნისტია, რომლის დროსაც ბევრი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა არ იყო სამართლიანი. 30 ოქტომბერს, პოლიტპატიმრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ 17 პოლიტპატიმრის ოჯახს და მოვითხოვთ მათი ქმრების და მამების, შვილებისა და ძმების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ ვუერთდებით 1 მარტის დარბევის მსხვერპლთა ოჯახებს და მოვითხოვთ სამართალს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ ბოლო მოეღოს პოლიტიკურ რეპრესიებს სომხეთში“, - განაცხადეს ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

აზერბაიჯანი: ადგილობრივმა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ აზერბაიჯანში ათობით პოლიტიკური პატიმარი არსებობს. პოლიტპატიმრების გრძელ სიაში შედიან ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების აქტივისტები, მათი ნათესავები და ა. შ. ქსელი განსაკუთრებით შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი 5 ჟურნალისტის გამო; ესენი არიან: ფატულაევი, ზაჰიდოვო, ჰუსეინოვი, ალაჰვერდიევი და ალიბეილი; ასევე ორი ბლოგერი - ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი. ყველა მათგანი ჟურნალისტური საქმიანობისათვის დააპატიმრეს. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფატულაევი, ზაჰიდოვი და ჰუსეინოვი პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს. ამნესტი ინტერნეშენალმა ფატულაევი და ჰუსეინოვი სინდისის პატიმრებად სცნო.

27 ოქტომბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა გადაწყვიტეს მიმართონ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სთხოვონ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეროვნული შერიგებისა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიზნით.

„პოლიტპატიმრები არიან სამოქალაქო ომის მძევლები, რომელიც 1980-იანი წლების დასასრულის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს ქვეყანაში. პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაძაბული ურთიერთობის დასაძლევად, რაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ციხეების გადავსებას იწვევს“, - განაცხადა ელდარ ზეინალოვმა, აზერბაიჯანის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
 
საქართველო:  ადამიანის უფლებადამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შეისწავლეს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ოპოზიციასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების, ოპოზიციის აქტივისტების და მათი ნათესავების დაკავების ათობით საქმე. ბევრი მათგანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოკლებულია სათანადო სამართლებრივ დასაბუთებას და ხშირად ეფუძნება ყალბ მტკიცებულებებს (ჩადებულ იარაღს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ა. შ.). დაკავებულები ხშირად აღნიშნავენ რომ არაოფიციალურ საუბრებში ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აღიარებენ ასეთი დაკავებების მიღმა პოლიტიკური მოტივების არსებობას და მათი მხრიდან პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმის სანაცვლოდ ამ ადამიანებს გათავისუფლებას სთავაზობენ. ნორა კვიციანი, მერაბ რატიშვილი, ომარ ქუცნაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი (რომელსაც საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური თავსესაფარი მიანიჭა) პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია.

პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა მოჰყვა აპრილში ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებს. რამოდენიმე დაკავებული  გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის წარმოებული პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად, თუმცა მათი დიდი ნაწილი კვლავაც საპატიმროში რჩება.

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებისათვის მიუღებელია პოლიტიკური პატიმრების კვლავ გამოჩენა ჩვენს ქვეყნებში საბჭოთა კავშირის ნგრევიდან 20 წლის შემდეგ.

ქსელის წევრები მოუწოდებენ  აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მთავრობებს:

• გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები
• შეწყვიტონ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა-შევიწროვება

ევროსაბჭოს, ევროკავშირის მისიებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს:
• მოავლინონ თავიანთი მისიები ან წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების საკითხის შესასწავლად
• განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და მოავლინონ თავიანთი დამკვირვებლები ასეთად დასახელებულ სასამართლო პროცესებზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC