05:07, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ტომას ბლეიკი: „საქართველოში ბიზნესგარემო შეიძლება გაუარესდეს“

02.11.2009
Thames UK Limited-ის დირექტორს ტომას ბლეიკს საკუთარ ბიზნესზე კონტროლის განხორციელების უფლება ჩამოართვეს – ეს ინფორმაცია 23 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, Thames UK Limited ბრიტანული კომპანიაა, რომელმაც რუსთავის მეტალურგიულ კომპლექსში 2007 წლის დეკემბერში 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

რუსთავის რკინისა და ფოლადის საწარმოების რეკონსტრუქციის და სამომავლო საინვესტიციო გეგმის მომზადების მიზნით, 2009 წლის ივლისში საქართველოში ჩამოსული ბლეიკი მოულოდნელად ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გარდა ამისა, მას კომპანიის დოკუმენტაციის და სხვა საბუთების გაცნობის უფლებაც ჩამოართვეს.

როგორც გაირკვა, ადგილობრივმა მმართველმა გუნდმა, რომელსაც ადგილობრივი სასამართლო უჭერს მხარს, აღნიშნული კომპანიის მფლობელს საკუთარ ბიზნესზე მენეჯერული და იურიდიული კონტროლის განხორციელების უფლება ჩამოართვა.

ადგილობრივმა მენეჯმენტმაც ასევე უარი განაცხადა კომპანიასთან თანამშრომლობაზე, როგორც გაირკვა, ისინი ჩართულნი იყვნენ რუსთავის ქარხნის დაშლისა და შემდეგ მისი ჯართად გაყიდვის პროცესებში.

რუსთავის სასამართლოს მიერ გაიცა ორი დადგენილება, რომლის მიხედვითაც Thames UK Limited-ს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდა.

პირველი განჩინების მიხედვით, Thames UK Limited-ს აღარ აქვს უფლება შეცვალოს დირექტორი ადგილობრივი ქარხნის მფლობელ, ჰოლდინგურ კომპანია შპს „ენერგია და ინდუსტრიის კომპლექსში“ ან შეიტანოს რაიმე ცვლილება მის წესდებაში. მიუხედავად იმისა, რომ Thames UK Limited ხსენებული კომპანიის წილების 100%-იანი ბენეფიციარი მესაკუთრეა.

მეორე განჩინებაც ასევე კრძალავს Thames UK Limited -ის შპს „ენერგია და ინდუსტრიის კომპლექსის“ შვილობილი კომპანიის, სს „ქართული ფოლადის“ სამეწარმეო, მენეჯერულ და სხვა საქმიანობაში ჩარევას. თუმცა „ქართული ფოლადის“ 100%-იანი მფლობელი ასევე ხსენებული კომპანიაა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი კომპანიამ გაასაჩივრა საქართველოს სასამართლოში, 2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სააღმასრულებლო ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის აქტივები აუქციონზე გაიტანეს ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათ არ მიუღიათ. საქართველოს სასამართლოს განჩინებების მიხედვით კი კომპანიის ხელმძღვანელობას არ მიეცა უფლება, გაცნობოდნენ რაიმე დოკუმენტაციას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, კომპანიის 100%-იან მესაკუთრეს საკუთარი კომპანიის მართვის უფლება ჩამოერთვა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ამბების უკან ჯოზეფ კეი დგას“, – განაცხადა ბლეიკმა. მისივე თქმით, მანამდე კომპანიის მფლობელი იყო კომპანია, რომელიც კავშირში იყო ბადრი პატარკაციშვილთან. ხოლო ჯოზეფ კეი კი დღემდე ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლად ითვლება. „ყველაფერი კრიმინალური ელემენტების გავლენით ხდება. ეს არის რუსთავის ადგილობრივი ადმინისტრაცია და მმართველი გუნდი“.

ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის საკითხებში და თვით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ დააფიქსირეს აღშფოთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო მინისტრთან. „თუმცა ასეთი მაღალი დონის მიმართვა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდანაც კი უპასუხოდ დარჩა“, - ამბობს ბლეიკი.

საბოლოო აუქციონი თვის ბოლომდე ჩატარდება, რის შემდეგაც კომპანია უბრალოდ დაკარგავს ყოველგვარ მფლობელობით უფლებას საკუთარ ბიზნესზე საქართველოში.

Thames UK Limited დიდი ხანია ახორციელებს ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში. მოცემული ვითარების საჯაროდ გამოტანა კი ნეგატიურად იმოქმედებს ზოგადად საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის იმიჯზე.

„მოცემულ შემთხვევას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პოტენციურ გაფრთხილებას, საქართველოში მოქმედი ინვესტორთა საზოგადოებისთვის. აღნიშნული პრესკონფერენციისთვის, სავარაუდოდ, ან დიდი ჯარიმა დამეკისრება, ან მინიმუმ 2 წლიანი პატიმრობა“, - დასძინა ბლეიკმა.

დასასრულს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის გაკეთებულ მიმართვაში, კომპანიის დირექტორი მიესალმება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების მიმართულებით არჩეულ გზას და მხარდაჭერას უცხადებს მას. მაგრამ იგი აქვე ქვეყანაში არსებული ბნელი ძალების თაობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი თავიანთი მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ საქართველოს რეპუტაციის ხარჯზე.

ბლეიკი სთხოვს პრეზიდენტს, რომ იგი უმოკლეს ვადებში გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში და დაიცვას იგი იმ კრიმინალური ელემენტებისგან, რომლებიც ცდილობენ ინვესტორების ექსპროპრიაციას საქართველოში.

„საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველი, და რაც ყველაზე მნიშვნელობანია, სამართლიანი და საიმედო ადგილის რეპუტაცია იმყოფება რისკის ქვეშ“, - თქვა მან.

საქართველოში ინვესტიციების მოცულობის მხრივ ბრიტანული კომპანიებიდან ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე არის კომპანია Thames UK Limited.

საქართველოს სტატისტკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის პირველ ორ კვარტალში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტივიების მოცულობა ბრიტანეთიდან დაახლოებით 38% შემცირდა და დაახლოებით 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

და მართლაც, თუ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლების განცხადებით, კრიმინალი უკვე საბოლოოდ ამოძირკვულია, რატომ ჩივის უცხოელი ინვესტორი და რატომ არ რეაგირებს ამაზე საქართველოს მთავრობა? რატომ ეშინია იმის, რომ აღნიშნული საკითხის საჯაროდ გამოტანისთვის, მას დასჯიან. მაშინ, როდესაც სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიის პრინციპებით ხელმძღვანელობა, არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა.

წყარო: „ბანკები და ფინანსები“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC