01:01, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილებისთვის სახლები შენდება, მაგრამ უხარისხოდ

04.11.2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ მქუხარე ტაშისა და ზარზეიმის ფონზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა. წინგადადგმული ნაბიჯით აღტაცებულმა მთავრობამ ამით კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს, რომ გამუდმებით მასზე ზრუნავს.  მაშინ ხელისუფლებამ საზოგადოებას თვალსაჩინოებისთვის დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე, 2009 წელს 85 ათასამდე დევნილი ახალ კორპუსებში უნდა შესახლდეს. პროცესი დაიწყო, რასაც დევნილების მხრიდან  უკმაყოფილება უკვე მოჰყვა.

ქუთაისში, ბელორუსიის ქუჩის #24-ში, ახლადგარემონტებული ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 16 დევნილი ოჯახი შეასახლეს. პრობლემებიც ახალმოსახლეობის პირველივე დღეებიდან დაიწყო. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

„პრობლემები იმაზე ბევრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არ გვაქვს წყალი, რომელსაც დღემდე ეზოდან ვეზიდებით. სათითაოდ ყველას, ოჯახში თუ არ გვექნება, არ დავეძებთ. მთავარია შენობაში იყოს, რომ ყოველთვის, როცა წყალი მოგვინდება, ქუჩაში გასვლა არ დაგვჭირდეს. გარდა ამისა, სხვა ბევრი გასაჭირიც გვაქვს. არ იკეტება კარ-ფანჯრები. არადა, ზამთარი მოდის და ამის გამო უკვე გვეშინია. კედლებიდან წყალი ჩამოდის, რადგან გადახურვა უხარისხოდაა ჩატარებული. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. შემოგვიშვეს ამ შენობაში და მას შემდეგ აღარც გამოჩენილან“, - ამბობს ბელორუსიის ქუჩის #24-ში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ნაზი მორგოშია.

დევნილებმა წყლის მილის მოძებნისა და საკუთარი ძალისხმევით სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ეზოში მიწა უშედეგოდ გადათხარეს. მცდელობამ, საცხოვრებელი კორპუსის წყლის მილი ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე  დაეერთებინათ, უშედეგოდ ჩაიარა. დღეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გარემონტებულ შენობაში შესახლებული 18 დევნილი ოჯახი სასმელ წყალს მაღალ სართულებზე კვლავ ეზოდან ეზიდება.

„არსებული პრობლემის გამო ჩვენ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს სერგო გიორგაძეს მივმართეთ. ვთხოვდით, დაინტერესებულიყო დევნილთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის მდგომარეობით და დაედგინათ სარემონტო საქმის მწარმოებელი ფირმის მიერ დარღვეული ყველა სამშენებლო სტანდარტი. მოკლედ, მოვითხოვდით, გამოეძიებინათ, არსებობდა თუ არა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ ფირმასა და ინსპექტირების ჯგუფის წევრებს შორის ფინანსური, ან რაიმე ტიპის გარიგება, რაზეც ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს. პასუხი აღნიშნული სამსახურიდან, რა თქმა უნდა, დღემდე არ მიგვიღია“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე. 

პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნა ქუთაისის მერიამაც. მერის მოადგილის დავით გორდელაძის განმარტებით, შესრულებული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაიბარა და მის ხარისხზეც ეს ფონდია პასუხისმგებელი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ე. წ. ინსპექტირების ჯგუფის წევრები, რომელთაც აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდათ, სწორედ ქუთაისის მერიის, კერძოდ კი, ქალაქის მერის ნუგზარ შამუგიას ბრძანებით დაინიშნენ. მათ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადგენა და დასკვნის დადება ევალებოდათ.

ქუთაისში, ყოფილი ბელორუსიის ქუჩის #24-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულად შპს „არქსტუდია პერისტილი“ გამოცხადდა. სარემონტო სამუშაოები კი, სს „ხურომ“  ჩაატარა.

ბელორუსიის ქუჩის #24-ში მცხოვრები დევნილების პრობლემებს ქუთაისში არსებულ, ახლახან გარემონტებულ, სხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებიც იზიარებენ. ისინიც, დანარჩენების მსგავსად, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან.

„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა. მისი განხორციელება დაწყებულია და იგი 84 900 დევნილისთვის ახალი კორპუსების, ხოლო 11 500 დევნილისთვის ახალი კერძო სახლების აშენებას გულისხმობს. გარდა ამისა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტის  განცხადებით, 60 000 დევნილს კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული ფართები მუდმივ საკუთრებაში უნდა გადაეცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2009 წლის ივლისის ანგარიშში ნათქვამია, რომ  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 75 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 86 კონტრაქტი აქვს დადებული. აქედან, 17 კოლექტიური ცენტრი უკვე სრულიად რეაბილიტირებულია.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის ნაბიჯი დადებითი პრეცენდენტია. თუმცა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. დღეის მონაცემებით, საქართველო სხვადასხვა კუთხეში მდებარე დაახლოებით 1600 კოლექტიურ ცენტრში 96 000-მდე დევნილი ცხოვრობს (90-იან წლებში დევნილები). კოლექტიური ცენტრების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. სამოქმედო გეგმის თანახმად, მათი ნაწილი შეკეთდება. 2009 წელს დევნილებს საკუთრებაში 400 კოლექტიური ცენტრი უნდა გადაეცეს. დღეს ყველას ინტერესებში შედის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ დევნილებს, მით უფრო მეტად გაიზრდება ნდობა რეაბილიტაციისა და პრივატიზაციის პროცესში ჩართული სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ. ეს კი, ამ ურთულესი პროცესის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა სახის დაბრკოლებების უფრო ეფექტურად გადაჭრასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამუნა ქაროსანიძე. 

ქუთაისში სულ 11 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თუმცა, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარებულისგან დიდად განსხვავებული ვერაფრით იქნება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC