კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის განათლება ხელმიუწვდომელია

12 ნოემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა. განათლების უფლება ლტოლვილთათვის გარანტირებულია საქართველოს კანონით „ლტოლვილთა შესახებ“. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები ვალდებულები არიან, ხელი შეუწყონ ლტოლვილ ბავშვებს სახელმწიფო სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწყობაში. მიუხედავად ამისა, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვების ნაწილი სკოლის გარეშეა დარჩენილი.

ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში სულ ხუთი სკოლა ფუნქციონირებს: დუისის, წინუბანის, ბირკიანის, დუმასტურისა და ჯოყოლოს. ამჟამად ლტოლვილი ბავშვების უმრავლესობა ორ სკოლაშია გადანაწილებული – სოფელ დუისსა და ჯოყოლოში. დუისისა და ჯოყოლის სკოლებში არსებობს რუსული სექტორი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზეა.

პანკისის ხეობა ზამთარში რთული კლიმატური პირობებით გამოირჩევა, რის გამოც ბევრი ბავშვი სასკოლო მეცადინეობებზე დასწრებას ვერ ახერხებს, შესაბამისად - ვერ იღებს ადეკვატურ განათლებას. სოფელ წინუბანში მხოლოდ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს. ზედა კლასების დასრულების მიზნით, ლტოლვილმა ბავშვებმა ერთი სოფლიდან მეორეში - დუისში უნდა იარონ. წინუბნიდან დუისამდე დაახლოებით 5 კილომეტრია. ბავშვებმა ეს გზა ფეხით უნდა გაიარონ. იმის გამო, რომ ამ ბავშვების ტრანსპორტირება არც სახელმწიფოს და არც სხვა ორგანიზაციათა დახმარებით არ ხდება, მოზარდების უმრავლესობა სკოლაში ვერ დადის. გზა საკმაოდ სახიფათოა. ჩეჩნეთიდან ლტოლვილების თქმით, სკოლაში სიარულის დროს ბავშვებს გზაზე არაერთხელ მგლები გადააწყდნენ. მოზარდები მტაცებლების თავდასხმას ძლივს გადაურჩნენ.

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 22–ე მუხლი განსაზღვრავს: „ხელშემკვრელი სახელმწიფოები დაწყებითი განათლების საკითხში ლტოლვილებს უქმნიან მოქალაქეების მსგავს უფლებრივ მდგომარეობას“. ზემოთაც აღვნიშნეთ, განათლების უფლება ლტოლვილთათვის გარანტირებულია საქართველოს კანონით „ლტოლვილთა შესახებ“, რომლის მე–7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს: „აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები ვალდებულები არიან, ხელი შეუწყონ ლტოლვილ ბავშვებს სახელმწიფო სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწყობაში“. საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას ლტოლვილი ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემის აღმოსაფხვრელად აქამდე არაფერი გაუკეთებიათ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის განმარტებით, ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა მაისურაძის განცხადებით, გამგეობა ცდილობს, ლტოლვილი ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირების პრობლემა მოაგვაროს. „მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხებს გავითვალისწინებთ. გარდა ამისა, გაეროს უმაღლესი კომისარიატი დაგვპირდა, რომ მიკროავტობუსებს გადმოგვცემენ“ , - აღნიშნა გამგებელმა.

სკოლებში ერთ-ერთ პრობლემად რჩება ლტოლვილი ბავშვების მიერ სწავლისთვის თავის დანებება. მიზეზი, ძირითადად, ნაადრევი დაოჯახება, შესაბამის ტანსაცმელთან და სხვა აუცილებელ სასწავლო ნივთებთან დაკავშირებული ხარჯებია. სწავლისათვის თავის დანებების ფაქტები განსაკუთრებით თვალშისაცემია 12–16 წლის ლტოლვილ გოგონებს შორის. აღნიშნულ პრობლემაზე აქცენტი გაამახვილა  გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ ლტოლვილ ბავშვთა უფლებების გარანტიების დაცვის არასაკმარისობით, რომლებიც ცხოვრობენ განცალკევებულ და მოშორებულ ლტოლვილთა დასახლებებში, რაც მათ განვითარებას ხელს უშლის.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ლტოლვილთა აღრიცხვისას, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვლინდა. 2005 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ დაიწყო პილოტური პროექტი, რომელიც ლტოლვილი ბავშვების ინკლუზიურ განათლებას ეხებოდა. თუმცა პროექტს პრობლემა შეექმნა. მასში ჩართული იყო სასკოლო ასაკის 4 ბავშვი და 5 მოზრდილი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ცნობით, ამ პროექტმა ორი მიზეზით არ გაამართლა. პირველი - გონებრივად უნარშეზღუდული ბავშვის ყოლა ჩეჩენ საზოგადოებაში დიდ სირცხვილად ითვლება და მშობლებს ურჩევნიათ, ისინი სახლში ჰყავდეთ, მეორე – საგანმანათლებლო კლასი არ მოქმედებდა მთელი დღე და ბავშვებისთვის საკვები არ იყო გათვალისწინებული. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე ბავშვები ამჟამად განათლებას საერთოდ ვერ იღებენ.

ახალი ამბები