კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქეთევან ციხელაშვილი: "საქართველო აფხაზეთისთვის ფანჯარაა ევროპაში და აფხაზების ეს ინტერესი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ"

12 ნოემბერი, 2009

ირინა არდაშელია

ინტერვიუ  "ფრიდრიხ ნაუმანის (Friederich Naumann) ფონდის თავისუფლებისთვის" კონსულტანტთან საქართველოში, ფონდი "ლიბერალური აკადემია" თბილისის დირექტორთან  ქეთევან ციხელაშვილთან. 

- რამდენადაც ვიცი, თქვენ უშუალო შეხება გაქვთ აფხაზეთთან, მის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, მოსახლეობასთან და შესაბამისად, იქ არსებული განწყობების შესახებაც ფლობთ ინფორმაციას. რა შეგიძლიათ, გვითხრათ სადღეისოდ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ?

- იქაურებს ვხვდებოდით გასული წლის აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც. შემიძლია, გითხრათ, რომ აფხაზეთი ომამდეც რუსეთზე იყო დაქვემდებარებული და ახლა კიდევ უფრო მეტად დაექვემდებარა მოსკოვს. იქ რომ ჩახვიდეთ, გეგონებათ, რუსეთის რომელიღაც ოლქში იმყოფებით, რადგან ყოველდღიური სამუშაო ენა რუსულია, ე.წ. დე ფაქტო ხელისუფლებაც რუსულად მუშაობს, რუსულად იბეჭდება გაზეთები, რუსულად მუშაობენ ბანკები, მანქანის სანომრე ნიშნებიც კი რუსულია. ასე იყო ომამდეც, ახლა კი კრემლზე დამოკიდებულება გაორმაგდა. ამასთან, გამძაფრდა შიშის ფაქტორი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა რეგიონში გაათმაგდა.

- იქნებ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმაზე, რა შეიცვალა აფხაზებისთვის რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ?

- დამოუკიდებლობის აღიარებას ერთგვარი ეიფორია მოჰყვა, მაგრამ სულ უფრო მეტ ადგილობრივს ესმის, განსაკუთრებით – საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს, რომ ვერანაირ დამოუკიდებლობაზე რეალურად ვერ ვისაუბრებთ, ხოლო ის, რაც აფხაზეთმა რეალურად მიიღო, არა დამოუკიდებლობაა, ანუ ის, რაც აფხაზ ნაციონალისტებს სურდათ, არამედ პირიქით, რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. მართალია, ამას შეხვედრებზე პირდაპირ არავინ ამბობს, მაგრამ კულუარებში აშკარად იგრძნობა აფხაზური საზოგადოების შეშფოთება რუსული გავლენის ზრდის გამო, რადგან ხალხი უკვე ნათლად ხედავს ასიმილაციის რეალურ საფრთხეს, ეროვნულობის ნიშნების კარგვის პროცესს.

- თუ არსებობს ამ ფონზე, კერძოდ, "გარუსების" შიშიდან გამომდინარე, საქართველოსთან კონტაქტების  შენარჩუნების სურვილი?

- მართალია, ძალიან მცირედ გამოხატული, მაგრამ ასეთი მუხტი აფხაზური მხრიდანაც არსებობს. სწორედ ამ მუხტის გასაღვივებლად მოქმედებს ჩვენი ფონდი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ერთგვარი კონტაქტების შენარჩუნების მცდელობები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგი აუცილებელია, რომ მხარეებს შორის კონტაქტი საერთოდ არ გაწყდეს. შეხვედრებზე ვგრძნობთ, რომ არც აფხაზებს უნდათ, ჩვენს შორის ყველა კარი დაიკეტოს.

სხვათა შორის, აფხაზებისთვის საქართველოსთან კონტაქტების შენარჩუნების სურვილის სხვა მიზეზიც არსებობს: აგვისტოს ომამდეც აფხაზური მხარე დაინტერესებული იყო ევროპასთან ურთიერთობების დამყარებით. ეს ინტერესი არც ომის შემდეგ განელებულა, პირიქით, ასიმილაციის შიშმა ის კიდევ უფრო გაამძაფრა. აფხაზები დაინტერესებულები არიან ევროპულ ფონდებთან და ექსპერტებთან ურთიერთობით, აინტერესებთ ინფორმაცია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის,  "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის შესახებ, რაც აშკარად თვითგადარჩენის ინსტინქტითა და რუსული საფრთხის გაცნობიერებითაა განპირობებული. თუმცა, შესაძლოა, იმასაც უკავშირდებოდეს, რომ თავადაც არ აკმაყოფილებთ რესპუბლიკის განვითარების დონე. თუ თბილისისთვის რეალურად იქმნება გარკვეული პლატფორმები ევროპასთან თანამშრომლობისა, იგივე განათლების, ეკონომიკის კუთხით, მათთვისაც ასეთივე სასურველი  სამიზნეა ევროპა. მართალია, ისინი ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჭრილში მოხდეს, მაგრამ მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ეს შეუძლებელია, ამიტომ არაფორმალური ურთიერთობები მათთვის პრიორიტეტულია.

- ის ფაქტი, რომ აფხაზებს თვითმყოფადობის დაკარგვის შიში გაუჩნდათ, არაერთხელ სხვადასხვა წყაროებიდან გაჟღერდა. თქვენი ინფორმაციით, რეალურად იდგმებათუ არა აფხაზური მხრიდან რაიმე ნაბიჯები ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

- სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ იყო საუბრები აფხაზური ენის გადარჩენის აუცილებლობაზე. როგორც ვიცი, რაღაც კურსების შემოღებას აპირებდნენ. ასევე გეგმავდნენ, გარკვეული მიმართულებით აფხაზური ენა სავალდებულო გაეხადათ, რადგან ახალგაზრდა თაობა აფხაზურად პრაქტიკულად არ საუბრობს.

- რაც შეეხება დევნილების დაბრუნების საკითხს, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე დამაიმედებელი დევნილი მოსახლეობისთვის? რამდენად რეალურია ამ ეტაპზე მათი სახლებში დაბრუნება?

- პირდაპირ რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ეს არარეალურად მეჩვენება. ერთია ის, რომ ჩვენ მუდმივად დღის წესრიგში უნდა გვქონდეს ეს საკითხი, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, რესპუბლიკის სტატუსის პრობლემასთან მიუბმელად, რადგან ეს უკანასკნელი მართლაც სერიოზული პრობლემაა და ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, დევნილების ამ ეტაპზე დაბრუნება რთულია. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე რეგიონში რუსეთის თაოსნობითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მთელი რიგი დემოგრაფიული ცვლილებები მიმდინარეობს, ქართული მოსახლეობის დაბრუნებაზე კი საუბარიც არ მიდის. ამავდროულად, როგორც გითხარით, აფხაზურ მხარეს დიდი ინტერესი აქვს ევროპასთან კონტაქტების დამყარების, ევროპა კი ბაღაფშის ხელისუფლებაში დევნილებთან დაკავშირებული პოლიტიკის არარსებობას დიდ მინუსად მიიჩნევს და აფხაზებმა ეს იციან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აფხაზურ მხარეს დევნილთა დაბრუნების კუთხით რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ ევროპულმა პოზიციამ უბიძგოს. თუმცა, როდის  მოხდება ეს, ძნელი სათქმელია.

- თავად აფხაზურ საზოგადოებაში რა განწყობაა ქართველების მიმართ?

- განწყობა საკმაოდ მძიმეა, ხშირად არაადეკვატურიც კი. ვფიქრობ, ეს დიდწილად კონტაქტების არარსებობის ბრალია. ქართველებისგან იქ მტრის ხატია შექმნილი. გამიზნულად მუსირებს აზრი, რომ ქართველი მტერია. აფხაზეთში ომის გადაფასება არ მომხდარა, აფხაზები ფაქტობრივად ისევ ომის რეჟიმში ცხოვრობენ. ეს ყველაფერი გამოწვეულია ცალსახა ინფორმაციით: ისინი მუდმივად რუსულ ტელეარხებს ადევნებენ თვალს, ადგილობრივი გაზეთები და ტელევიზიები კოპირებაა რუსულის, რაც შეეხება ინტერნეტს, ის მაქსიმალურადაა შეზღუდული. აქედან გამომდინარე, თეორიულად რომ დაუშვათ დევნილების დაბრუნება, იმდენად დიდი ხიდჩატეხილობაა, რომ ეს რეალურად ძალიან რთული იქნება, ამიტომ აუცილებელია მუდმივი კონტაქტები.

- როგორც ვიცით, თქვენ სოხუმში აფხაზებთან შეხვედრებს მართავდით და ისინიც ჩამოდიოდნენ თქვენთან. გექმნებოდათ თუ არა დაბრკოლებები, ან თავად აფხაზები როგორ ახერხებდნენ საქართველოში ჩამოსვლას?

- პირადად მე ერთხელ ვახლდი დელეგაციას და პრობლემა არ შეგვქმნია. მართალია, იქ გადასვლა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი ჩასვლის შესახებ ყველამ იცოდა, ამიტომ უპრობლემოდ გადაგვიშვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივი თვალყურის რეჟიმში ვიყავით. რაც შეეხება აფხაზების ჩვენთან ჩამოსვლას, ამასთან დაკავშირებით მათში ძალიან დიდი შიში არსებობს, თუმცა მათ, ვინც უკვე გვყავს ჩამოყვანილი, ეს შიში ერთგვარად გაუქრათ. არის მეორე საკითხიც – შიში თავად აფხაზური ხელმძღვანელობის და რუსების. აფხაზური საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს ძალიან აინტერესებს, რა ხდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მაგრამ იციან, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში თავად აფხაზეთში შეექმნებათ პრობლემები. სწორედ ამიტომ შეგნებულად არ დავასახელებ მათ, ვინც ჩვენთან უკვე იმყოფებოდა, მით უფრო, რომ მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა სურვილი, ამ თემის აფიშირება მედიაში არ მომხდარიყო.

- რა შეგიძლიათ, თქვათ რუსულ-აფხაზურ პოლიტიკურ ურთიერთობებზე? იყო საუბრები, რომ ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა...

- პირად საუბრებში აფხაზური ხელმძღვანელობა აფიქსირებს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, ომის შემდგომ, როცა აფხაზეთი იზოლაციაში მოექცა, რუსეთმა აფხაზეთს მხარი დაუჭირა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა უგუნური არ არის. სხვა თუ არაფერი, კავკასიელები არიან და ახსოვთ, რომ სწორედ რუსებმა გაყარეს აფხაზები თურქეთში, სადაც ისინი დღეს მოჰაჯირებად ცხოვრობენ. მათ უნდათ ჩამოსვლა და ვერ ჩამოდიან. ეს ყველაფერიც იციან, მაგრამ ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ რუსეთის კეთილგანწყობით ისარგებლეს, საქართველომ კი ნატოს გზა აირჩია, რომელიც აფხაზეთში ომამდეც საფრთხობელასთან ასოცირდებოდა.

საინფორმაციო სააგენტო "პირველი"

ახალი ამბები