კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურ სომხებს საჯარო სამსახური არ ხიბლავთ

18 ნოემბერი, 2009

მაკა ჩინიჯიშვილი, ახალციხე,  გაზეთი „P.S.“

ახალციხეში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა პროცენტულად ასეა გადანაწილებული: ქართველები მთლიანი მოსახლეობის 61, 72% შეადგენენ, სომხები - 36,59%-ს. ეს სულ ბოლო მონაცემებია, რომელიც ჯონათან უილთიმ ecmi-ის მოხსენებისთვის მოამზადა. სტატისტიკის დეპარტამენტის 2002 წლის აღწერით კი, ახალციხეში მცხოვრები 45 948 ადამიანიდან 47% ქართველია, 42% - სომეხი, 6% - რუსი. ამ მონაცემებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამომრჩეველთა პროცენტული მონაცემებიც ასეა ნაწილდება.

სასურველია, ეთნიკურად შერეული რეგიონის საჯარო სამსახურში - გამგეობასა და საკრებულოში, თანამდებობებიც შესაბამისად იყოს გადანაწილებული. ახალციხის საკრებულოსა და გამგეობაში ეთნიკური სომხები მუშაობენ, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი მაინცდამაინც მაღალი არ არის. გამგეობის 96 თანამშრომლიდან მხოლოდ 9 მოზელეა ეთნიკური სომეხი. მათ შორის ერთი გამგებლის მოადგილეა, ხუთი - სოფლის რწმუნებული, დანარჩენები - სპეციალისტები.

საკრებულოში სულ 26 დეპუტატია, აქედან 10 პარტიული სიითაა არჩეული, დანარჩენი - მაჟორიტარული წესით. საკრებულოს წევრებიდან 9 ეთნიკური სომეხია.

ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები თანამდებობის დაკავებით ნაკლებად ინტერესდებიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული ენის ცოდნა-არცოდნაა. მართალია, ამ მხრივ ახალციხეში მცხოვრებმა თითქმის ყველა სომეხმა კარგად იცის ქართული ენა, მაგრამ ერთია სალაპარაკო ქართულის ცოდნა, სულ სხვაა საჯარო სამსახურისთვის, საქმიანი ქაღალდებისთვის საჭირო ენის ცოდნა. ეთნიკური სომხები, ძირითადად, სომხურ სკოლებში სწავლობენ. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას, ძირითადად, ერევანში აგრძელებენ. სომხურენოვანი განათლება მათ ქართულ საჯარო სამსახურში მუშაობის უნარ-ჩვევებს არ აძლევთ.

არსებობს კიდევ ერთი რეალური მიზეზი, რომლის აღმოსაჩენად უბრალო დაკვირვებაა საჭირო: ახალციხეში მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მეპატრონეები, ძირითადად, სომხური ეროვნებისანი არიან. მცირე ბიზნესი თითქმის მხოლოდ მათ ეკუთვნით. ბიზნესით დაკავებულ ადამიანს კი საჯარო სამსახურისკენ ნაკლებად მიუწევს გული. თუნდაც - იმიტომ, რომ ლეგალური შემოსავალი ბიზნესში უფრო მაღალია.

ვასილ ბერიძე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე: „ახალციხე, ეთნიკური შემადგენლობით, შერეული რეგიონია. აქ ბევრი სომეხი ცხოვრობს. საკრებულოში ამჟამად 9 სომეხი დეპუტატია. მათი ყოფნა საკრებულოში აუცილებელია, რადგან თავიანთ ეთნოსს წარმოადგენენ და მათი გულისტკივილი და პრობლემები მოაქვთ ჩვენამდე. მე მოადგილე მყავდა სომეხი. ვინც მოტივირებულია, მათთვის თანამდებობები შეზღუდული არ არის. სიმართლე გითხრათ, ვიღაცას მარტო იმის გამოც არ ვნიშნავთ თანამდებობაზე, ეთნიკურ უმცირესობას რომ წარმოადგენს“.

რუბენ კარაპეტიანი ახალციხის გამგებლის მოადგილეა. ერთი წელია, ეს თანამდებობა უჭირავს. იგი ამბობს, რომ სანამ ამ დონემდე მოვიდოდა, ყველა საფეხური განვლო, რაც საჭირო და აუცილებელი იყო: „ქართული ენის ცოდნის პრობლემა არ მქონია. თუმცა, მეც სომხური სკოლა დავამთავრე. შემდეგ სწავლა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განვაგრძე. ჩვეულებრივად ვსწავლობდი, ისე, როგორც ქართველები. გავიარე შინაგან საქმეთა სამინისტროს კურსები. ვფიქრობ, კი არ გამიმართლა, უბრალოდ, ვიშრომე და დამიფასდა. თუ სახელმწიფო სტრუქტურაში გინდა მუშაობა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, ენას უნდა ფლობდე და შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს. იმას, რომ სომეხი ვარ, არც ხელი შეუშლია და არც დამხმარებია“.

ახალციხეში სომხების 90% ფლობს ქართულს. თუმცა, როცა რამე პრობლემა აქვთ, მაინც ბატონ რუბენს აკითხავენ. ჰგონიათ, რომ ის უკეთ გაუგებს და მოუსმენს.

რუბენ კარაპეტიანი: „არ ვიცი, რატომ ხდება ასე, რომ ჩემთან შეხვედრა ურჩევნიათ. არადა, მათ აქ ყველა გულდასმით მოუსმენს და, თუ შესაძლებლობა იქნება, დაეხმარებიან კიდეც“.

ახალციხეში, სადაც მოსახლეობის თითქმის 37% სომეხია, გამგეობაში წამყვან თანამდებობაზე რეალურად მხოლოდ ერთი - რუბენ კარაპეტიანია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები არც სომეხ მოსახლეობას აქვს.

ორიგინალი: www.regions.ge

ახალი ამბები