კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოების ნაწილმა კათოლიკოს-პატრიარქს ტაბუდადებული კითხვები გაუგზავნა

4 დეკემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი


საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც აქამდე დისკუსიებს ინტერნეტ-ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მართავდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ხელისუფლებას კითხვები მოუმზადა.

მიმართვის რამდენიმე ავტორმა - თეა თუთბერიძემ, ბექა მინდიაშვილმა, დათო ამირეჯიბმა, კახაბერ კურტანიძემ და სხვებმა 3 დეკემბერს იოანე პეტრიწის ძეგლთან პრესკონფერენცია გამართა. მათი განცხადებით, საზოგადოების ნაწილში არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

ინტერნეტ სივრცეში გაფანტული კითხვები 30-კაციანმა ჯგუფმა მოამზადა. ხოლო მიმართვას, რომელიც პატრიარქს და ხელისუფლებას გაუგზავნეს, ხელს ჯერჯერობით 235 ადამიანი აწერს. ხელმოწერები გრძელდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით 27 კითხვა მომზადდა, მათ შორის არის ისეთი კითხვები, რაზეც აქამდე პასუხი არ გაცემულა და მათ ერთგვარი ტაბუ ადევს: რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? იყვნენ თუ არა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მაღალ იერარქთა შორის საბჭოთა სუკ-ის აგენტები? თანამშრომლობდა თუ არა ილია II სუკ-თან? რატომ არ დაიცვა პატრიარქმა 1983 წელს ე.წ. „თვითმფრინავის გატაცების საქმეზე“ დახვრეტილი მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე? რა ურთიერთკავშირი არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შორის? რა მიზანს ემსახურება საქართველოს ეკლესიის იერარქების შეხვედრები კარასინთან, შვიდკოისთან, კოვალენკოსთან?  რატომ არ უჭერს მხარს პატრიარქი უკრაინისა და ესტონეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას?

„ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, დავსვათ ეს შეკითხვები და მოვითხოვოთ მათზე პასუხები. ეს არის კითხვები, რომლებიც მთელი ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ- სივრცეში საზოგადოების მხრიდან  დაისვა. ინტერნეტში ამ თემებზე დისკუსიები იმართებოდა, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, ტელეეთერით ნაკლებადაა. ნებისმიერი პასუხი, მათ შორის იგნორირებაც და კითხვების უპასუხოდ დატოვება საპატრიარქოს მხრიდან უკვე პასუხად ჩაითვლება“, - განაცხადა თეა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე.

ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგებელი: „ჩვენი სურვილი იყო, ეს კითხვები გამოსულიყო ინტერნეტიდან და გაგვეცნო  საპატრიარქოსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რა ურთიერთობები არსებობდა საპატრიარქოსა და კგბ-ს შორის. მეორე მხრივ, უნდა გაირკვეს, რა ურთიერთმიმართებები არსებობს სახწელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რატომ ხდება მართმადიდებელი ეკლესიის  დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან,   მაშინ როდესაც მართმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ? არის თუ არა ეს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში და მეორე მხრივ, არის თუ არა ეს დისკრიმინაცია იმ რელიგიური უმცირესობებისა, რომელთა შემოსავლებითაც ივსება ბიუჯეტი? ჩვენი კითხვები ასევე ეხება  ძალადობის პრობლემას, რომელიც არსებობს მართმადიდებლური ეკლესიების ამა თუ იმ ორგანიზაციული ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ განსხვავებულ პოზიაციას ამა თუ იმ საკითხზე.  რატომ არ რეაგირებს სახელწიფო რელიგიის თავისუფლების შელახვაზე? ესაა შეკითხვები რომელთა შესახებ  საზოგადოებაში აქამდე არ საუბრობდნენ. შესაძლოა, ეს დარჩეს  რიტორიკულ კითხვებად, მაგრამ, ალბათ, ესეც ერთგვარი პასუხი იქნება“.

პრესკონფერენციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. პატრიარქის მიმართ კითხვების გაგზავნის იდეამ, მართმადიდებლური ეკლესიის მრევლის ზოგიერთ წარმომადგენელში პროტესტი გამოიწვია. პროტესტი სიტყვიერი შელაპარაკებაში გადაიზარდა.
 
ავთანდილ დუმბაძე, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი: „ეს არის აბსოლუტურად შეთითხნილი კითხვები, რითაც ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ გული იმაზე შესტკივათ, რომ ეკლესიას მაღალი ავტორიტეტი აქვს.  ესენი არიან გრანტიჭამიები, უცხოელ დამფინანსებლებზე  და მტრულ ძალებზე შეჩერებული ადამიანები, რომლებიც მწვანე კუპიურების საფასურად, მიზანმიმართულად  ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებენ. ღვთის შეწევნით ეს არ გამოუვათ“.

იდეის ავტორებმა მრევლის პრეტენზიებს უპასუხეს.

დავით ამირეჯიბი ფსიქოლოგი: „ამათი პრეტენზიები აბსოლუტურად გაუგებარია. რა ვქნათ, დავხუჭოთ თვალი იმ კითხვებზე რაც საზოგადოებას უჩნდება?! ჩვენ მედიატორის როლში ვართ და გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს ეს კითხვები, მასალები, ისტორიული ფაქტები, ანალიტიკური სტატიები და თვალსაზრისები, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება. ჩვენი ინტერესი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევაა“.

კითხვების  სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტ-ფორუმებზე: www.planeta.ge და www.forum.ge

ახალი ამბები