კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი კანონდამრღვევი პოლიციელების დასჯას მოითხოვს

10 დეკემბერი, 2009
ალექსი ბეჟანიშვილი

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მტკიცებით, 2009 წლის პირველი ნაწილის ანგარიში მთლიანად მისი ომბუდსმენობის პერიოდშია შექმნილი. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა  პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე  ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ტუღუშის თქმით, მისთვისაც და მისი თანამშრომლებისთვისაც შეურაცხმყოფელია, როდესაც ამბობენ, რომ ეს ანგარიში მის მიერ არ არის მომზადებული და წინა ომბუდსმენმა დატოვა.

როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, მართალია, ანგარიშში ასახული ფაქტები სოზარ სუბარის მიერ არის შესწავლილი, თუმცა მისი ომბუდსმენად დანიშვნის პერიოდში ანგარიშის არც ერთი თავი არ იყო მომზადებული.

„ანგარიში, რომელიც დღეს პარლამენტშია შესული, თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ჩემი და ჩემი თანამშრომლების 24-საათიანი მუშაობის შედეგია“,-აღნიშნა ტუღუშმა.

რაც შეეხება 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს, რომელიც პარლამენტში განუხილველი დარჩა, ამ საკითხზე გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებთან კომენტარი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთლიანად პარლამენტის გადასაწყვეტია და მის მიმართ საყვედური არ უნდა იყოს გამოთქმული.

გიორგი ტუღუშმა კომიტეტის სხდომაზე ვრცლად ისაუბრა 2009 წლის პირველ ნახევარში მანიფესტაციების დროს გამოვლენილ დარღვევებზე.

ტუღუშის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში შექმნილი იყო მონიტორინგის ჯგუფები, რომლებმაც შეისწავლეს გადაცდომები როგორც სამართალდამცავთა მხრიდან, ისე მომიტინგეების მხრიდან.

გიორგი ტუღუშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის რწმუნებულზე, რომელსაც 6 მაისს მანიფესტაციის დარბევისას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტანსაცმელი ეცვა, მას მაინც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სამართალდამცავებმა. სახალხო დამცველი მოითხოვს ყველა იმ სამართალდამცველის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც 2009 წლის 6 მაისს სახალხო დამცველის რწმუნებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ხელს უშლის სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფუნქციონირებას.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის გამოყენებაზე ამახვილებს. კერძოდ, მიტინგის დარბევისას გამოყენებული იყო რეზინის და პლასტმასის ტყვიები, რის შედეგადაც მომიტინგეებმა ძლიერი დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთმა მათგანმა თვალიც კი დაკარგა.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ტყვიების გამოყენება მაშინ კანონსაწინააღმდეგო იყო. არალეტალური იარაღის  – რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება მხოლოდ 17 ივლისს „პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით დაკანონდა.

ამასთან, გიორგი ტუღუშმა აღნიშნული ცვლილებებიც გააკრიტიკა. სახალხო დამცველის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იყო შეკრებებისა და მანიფესტაციების ახლებური რეგულირება პარლამენტის მიერ, 17 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულ ნაწილში ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც და ადამიანის უფლებათა ქარტიასაც.

გიორგი ტუღუშმა პოლიციის მიერ ძალისა და უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფაქტებმა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იმატა, ამიტომ ეს ტენდენცია კარგად უნდა იყოს შესწავლილი და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სწორედ ქვეყნის დასავლეთ რეგიონებს.

გიორგი ტუღუში რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და დარღვევებს მოჰყვეს  ადეკვატური რეაგირება.


გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციები

ახალი ამბები