კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების შიმშილობის ფაქტი სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა

11 დეკემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

სახალხო დამცველის ოფისი პატიმრების სამდღიანი შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროში კი პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას ბოლო დღემდე უარყოფდნენ.

პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით წინა დღეებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში შიმშილობა 35-მა პატიმარმა 8 დეკემბერს სამი დღით - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყო. აქციაში მონაწილე პატიმრებს შორის იყვნენ მუხროვანის ამბოხებისთვის დაკავებული 19 პირი, ასევე, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, იგორ გიორგაძის მომხრეები - ზაზა დავითაია, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები. 9 დეკემბერს შიმშილობა კიდევ სამმა პატიმარმა დაიწყო - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა მამუკა შენგელიამ, აგრეთვე, მელორ ვაჩნაძემ და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ.

სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროში პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას ბოლო დღემდე უარყოფდნენ. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რამდენჯერმე გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ სიცრუე იყო. 

პატიმრების შიმშილობის ფაქტის გადამოწმება სახალხო დამცველის ოფისმა გადაწყვიტა. სახალხო დამცველის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისის მე-8 და რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყვნენ. მათ დაადასტურეს, რომ თბილისის მე-8 საპყრობილეში პატიმრები მართლაც შიმშილობდნენ, თუმცა - საპყრობილის ადმინისტრაციის გაუფრთხილებლად.

მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები 11 დეკემბერს რუსთავის მე-2 საპყრობილეშიც მივიდნენ, სადაც რამდენიმე პატიმართან გასაუბრებისას დადასტურდა, რომ ისინი მართლაც შიმშილობენ. თუმცა, აქციას წყვეტენ და 12 დეკემბრიდან საკვების მიღებას გააგრძელებენ.

შიმშილობის აქციის მიზანი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ხმის მიწვდენა იყო.

რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იგორ გიორგაძის მომხრეები შიმშილობდნენ. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბრისას  თეიმურაზ ჟორჟოლიანმა და ზაზა დავითაიამ, დაადასტურეს, რომ აქციის შესახებ ოფიციალურად ადმინისტრაციისთვის არ უცნობებიათ.

საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური გაერთიანებების სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა ვახტანგ ტალახაძის ადვოკატმა მაია ელოშვილმა. მისი თქმით, რუსთავის საპყრობილეში პატიმრებმა ადმინისტრაციას მიმართეს, რომ შიმშილობას იწყებდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ ამ ფაქტმა  ხელისუფლება შეაშფოთა, პატიმრების მიმართვა რეგისტრაციაში არ გაატარეს.

ფრაგმენტი ადვოკატ მაია ელოშვილის მიმართვიდან: „საქართველოს ხელისუფლება იმდენად შეაშფოთა ამ ფაქტმა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პოლიტიკური პატიმრების განცხადებები შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით. 10 დეკემბერს კი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უარყო პოლიტიკური პატიმრების შიმშილობის ფაქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსთავის #2 კოლონიაში შიმშილობს შვიდი პოლიტიკური პატიმარი: 1. თეიმურაზ ჟორჟოლიანი; 2. ვახტანგ ტალახაძე; 3. ზაზა დავითაია; 4. რევაზ ბულია, 5. იაკობ კვინიკაძე, 6. რამაზ სამნიძე; 7. ამირან ქადაგიშვილი. რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი შიმშილობენ: 8. გიორგი მეტრეველი, 9. კახაბერ ქანთარია, 10. გურამ პაპუკაშვილი, 11. ვარლამ გალდავა.

ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს, განახორციელოს ზეწოლა მოშიმშილე პოლიტპატიმრებზე და გადაიყვანოს ისინი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრების მიმართ განხორცილებული ნებისმიერი სახის ზეწოლა, ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა უხეში შელახვა, რასაც თავად პოლიტიკური პატიმრების, მათი ოჯახის წევრების, ადვოკატებისა და უფლებადამცველების მხრიდან მოჰყვება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე და რადიკალური ქმედებები.

იმედი გვაქვს, 16 დეკემბრამდე - ევროპის საბჭოში საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხის განხილვამდე, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებები და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“.

ახალი ამბები