კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ მაკკეინს ოპოზიციის მხოლოდ სამი ლიდერი შეხვდა

11 იანვარი, 2010

11 იანვარს საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართა და მას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე, „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი და „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური განცხადებით, სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრაზე ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი მიიწვიეს. თუმცა, ზოგიერთმა, მოუცლელობის გამო, ბათუმში ჩასვლა ვერ მოახერხა. ამასთან, აშშ-ის საელჩო „მოუცლელი ლიდერების“ ვინაობას არ აკონკრეტებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებზე, ასევე - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და აშშ-ის თანადგომის თანმიმდევრულ პოლიტიკაზე. ოპოზიციის ლიდერებმა სენატორს სთხოვეს, გაიზარდოს ზეწოლა და გავლენა  რუსეთზე, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. გიორგი თარგამაძის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილის მძიმე სოციალური მდგომარეობისა და უმუშევრობის გათვალისწინებით,  მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა და ამ დახმარების ეფექტური გამოყენება, რაც მოსახლეობის დასაქმებაში უნდა აისახოს.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჯონ მაკკეინთან გამართულ შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებს.

„ჩვენ ვუთხარით მაკკეინს, რომ დემოკრატიული პროცესების გარეშე საქართველო ვერ გაუმკლავდება იმ საფრთხეებს, რაც არის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ვუთხარით, რომ აშშ-ის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს საშუალებები, რითაც ეს დახმარება უფრო ეფექტური იქნება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრაზე მაკკეინს უთხრეს, რომ თუ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა არ შეიცვალა, ვერანაირი საერთაშორისო დახმარება ვერ ააცილებს საქართველოს საგარეო საფრთხეებს.

„მაკკეინთან შეხვედრის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მაკკეინი არის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი მსოფლიოში, ვისაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მოუსმინოს“, - განაცხადა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაჩეჩილაძის განცხადებით, იგი მაკკეინს ესაუბრა იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც ქვეყენაშია შექმნილი: „ოსი და აფხაზი საქართველოში ცხოვრებით რომ დაინტერესდნენ, აქ არ უნდა იყოს ისეთი ცხოვრება, როგორიც არის ჩვენს ჩრდილოეთში. აქ უნდა იყოს მეტი თავისუფლება ყველა მიმართულებით, რაც ამ რეჟიმის პირობებში ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება“.

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯო ბარასი და ჯო თუნთი ბათუმში 10 იანვარს ღამით 22:30 საათზე ჩავიდნენ. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ჯონ მაკკეინი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენელებს. შემდეგ იგი გაემგზავრება ზუგდიდში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდება. მაკკეინი საქართველოს ბათუმიდან 11 იანვარსვე დატოვებს.

„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები