კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როცა კანონდარღვევა სახეზეა

13 იანვარი, 2010

ელისო ჩაფიძე, „რეზონანსის“ მთ. რედაქტორის მოადგილე

მას შემდეგ, რაც 9 იანვარს გაზეთ „რეზონანსში“ მისმა მთავარმა რეადაქტორმა ლაშა ტუღუშმა და კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ცალსახად დაარღვია კანონი, როცა ცესკოსთვის მისი თავმჯდომარეების კანდიდატურები 8 იანვრის 18:00 საათამდე არ წარადგინა და 10 იანვარს დაიბარა ბათუმში საკონსულტაციოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაჩნდა მრავალი კითხვა.

როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო უმრავლესობას კანონი ისე ესმის, როგორც ხელს აძლევს და იმაზე მიგვითითებენ, თქვენ მარსზე ხომ არ ცხოვრობთ, კანონის დარღვევაზე კი არა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე ისაუბრეთო. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კუთხითაც მათი საქმიანობა წარმატებულად ვერ ჩაითვლება. გზა კი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ურემი გადაბრუნდა და უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგეთ. დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მოლაპარაკეების მეტი რა ვიცით ამ ქვეყანაში, მაგრამ რეალურად რომ საქმეს აკეთებდეს, ისეთი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა.

სხვათა შორის, არც ოპოზიცია იბდღვნის კალთებს, აქაოდა, კანონი დაირღვაო. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ჯერ წარადგინოს პრეზიდენტმა კანდიდატურები და თუ არა მოგვეწონება, მერე ავტეხ ხმაურსო. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლების პოზიცია ნამდვილად არ არის, არადა, მიზანშეწონილობისა და სარგებლობის თეორიით როდემდე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ცოტა ძნელი სათქმელია.

მათ კი, ვისაც არ სჯერა, რომ პრეზიდენტმა საიმპიჩმენტო საქმე ჩაიდინა, ვთავაზობთ ამონაწერს სულ ახლახან - 2009 წლის 30 დეკემბერს მიღებული კანონიდან: „მუხლი 129, 11: 1. ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლით დადგენილი წესით 2010 წლის 1 იანვარს და ითვლება ცესკოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლად.

2. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს.

3. არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა ცესკოს სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული კომისიის უხუცესი წევრი...“

როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, დღეს კიდევ ერთხელაა ამ 12 დღის წინათ მიღებული კანონის დარღვევა მოსალოდნელი, რადგან დღეს ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად სხდომის მოწვევა, ალბათ, გაუჭირდება და ჩვენი თვალები ბათუმის სასტუმროებისკენ იქნება მიმართული იმის გასარკვევად, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი.

ასეა თუ ისე, ძნელია, არ დაეთანხმო პარლამენტარ ლევან ვეფხვაძეს, როცა ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხს კი დააყენებენ, მაგრამ ამ საკითხის სერიოზული განხილვა იმ პარლამენტში, რომელიც ჩვენ გვყავს, მართლაც ძალიან ოპტიმისტური ხედვა იქნება. მეორე მხრივ, არც ტელევიზიები მოიკლავენ თავს გაშუქებით, არც სახელგატეხილ სასამართლოში წასვლას აქვს აზრი და ვართ ასე, ბედნიერად... სანამ ნაბახუსევისაგან გამოვალთ, შესაძლოა, დემოკრატიის მატარებელმა ჩაგვიქროლოს და არა მარტო 2010 წლის, არამედ 2013 წლის არჩევნებიც ასე ჰარი-ჰარალოდ ჩავატაროთ. არადა, აშკარად ჩანს, რომ შარშანდელი მოთმინების გამო ახლა ხელისუფლება საკუთარ თავს საკომპენსაციოდ კარგ დიდ გამარჯვებას გამოუწერს და გვეტყვის, ვისაც გვჯერა ამ შედეგების, გაგვატარეთო.

ორიგინალი:http://www.resonancedaily.com/index.php?opt=opn&id_rub=1&id_artc=842

ახალი ამბები