კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის აგრარულ ბაზარს შადრევნიანი სკვერი ჩაანაცვლებს

14 იანვარი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინერტული მასალების დაყრა 8 იანვარს, დილის 5 საათზე დაიწყო. ეს ის დროა, როცა ბაზარში არავინ არის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სრული თავისუფლება ჰქონდათ,  დავალება პირნათლად შეეესრულებინათ. უკვე დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორია ინერტული მასალებით სავსე დახვდათ.

ასეთი გაგრძელება აქვს ოზურგეთის აგრარული ბაზრის გაუქმების ისტორიას, რასაც მოვაჭრეები მთელი 2009 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს მიაღწია, როცა ოზურგეთის აგრარული ბაზრის 200-მდე მოვაჭრემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურზე მატარებლის მაგისტრალი გადაკეტა. აქციის გამო ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს გასვლა სამი საათით დააგვიანდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავა (ეს ინციდენტი „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ვრცლად გააშუქა:  http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4457&lang=ge )

პროტესტის ძლიერი ტალღის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.

„ფაშისტები არ აკეთებდნენ ასეთ რამეს! საიდან მივიდე ჩემს ობიექტამდე? გრიბოედოვის ქუჩაზე იმხელა ორმოებია, ნავი გვჭირდება სახლში მისვლამდე. არ ჯობდა, ის ამოევსოთ?! როგორც ჩანს, ჩვენთვის მოიცალეს და დილიდანვე მანქანებიდან ნაგავს და ტალახს ცლიან“, - აღშფოთებას ვერ მალავს კერძო საკუთრების მფლობელი მერაბ ანთაძე.

„აქ, მოვაჭრეების გარდა, კერძო მესაკუთრეები არიან. რა ქნან მათ, ანტისანიტარიაში ივაჭრონ? ქუჩაშიც აღარ აყენებენ ხალხს. ეს კი რა დაყარეს, ვერ გავიგეთ! არც მიწაა და არც ხრეში - ნაგავია“, - ამბობს მოვაჭრე ბორის კილაძე.

„ასეთ რამეს ქრისტიანი შობის ღამეს როგორ გააკეთებდა?!“ - უკვირს ნონა კვერღელიძეს.

„ამ მთავრობის ხელში ხარ - უნდათ დაგანგრევენ, უნდათ აგაშენებენ. თუ არადა, გაგიშვებენ ციხეში“, - ამბობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილების ბებია, მზია ხინთიბიძე.

მოვაჭრეები აპროტესტებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქმედებას და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ულუკმაპუროდ დატოვებას უპირებს, ნაცლად იმისა, რომ ქალაქში სამუშაო ადგილები შექმნას.

„ამდენი მაგიდის გადაგდება! ამდენი რამის დანგრევა! ყველაფერს აქვს საზღვარი. რა ვუყო შვილიშვილებს, რა მივუტანო სახლში?! ესენი სულ დანგრევაზე ფიქრობენ, ნაცვლად იმისა, რომ დაგვასაქმონ“, - ჩივის ზაურ შაქარიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადებით,  ამჟამად ძველი აგრარული ბაზრის ტერიტორიის დასუფთავება და გალამაზება მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ სკვერი გაკეთდება.

როგორც ირკვევა, ორასამდე მოვაჭრის სამსახურის გარეშე დატოვების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სკვერი ყოფილა, სადაც „ნაციონალური“ ტრადიციისამებრ, საპატიო ადგილს, ალბათ, შადრევანიც დაიკავებს. ამან ადგილობრივებში კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ზედმეტად გამოიდოს თავი პირველი ლედის წინაშე, რომელსაც თითქოს ოზურგეთში ერთ-ერთი ვიზიტისას თავისი აზრი გამოუთქვამს - აქ  ბაზარი არ უნდა იყოსო.

მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის გაუქმებულ ბაზარში ინერტული მასალების გროვები დგას, მოვაჭრეები ვაჭრობას მაინც აგრძელებენ და მყიდველებიც ჯერჯერობით ისევ ჰყავთ.

ახალი ამბები