კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა ქართველი უფლებადამცველების დასაცავად

18 იანვარი, 2010

ანა შეშაბერიძე

15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო მანიფესტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მრგვალი მაგიდა გამართა.

ბოლო ხანს, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უფლებადამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არაკომფორტულ პირობებში უწევთ მუშაობა. მრგვალი მაგიდის თემაც სწორედ ეს იყო - „უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველთათვის საქართველოში“.

ხელისუფლება კონტროლირებადი მედიის საშუალებით შეეცადა, უფლებადამცველთა წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ეწარმოებინა. კერძოდ, 2009 წლის 10 დეკემბერს , ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ უფლებადაცვით საქმიანობას აკრიტიკებდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, თითქოს ეს ორგანიზაცია ომის ტრაგედიას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2–მა“ კი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სარჩელები ევროპის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც აქვს შეტანილი. „რეალ-ტვ“-მ ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ნეგატიურ პიროვნებად წარმოაჩინა იმის გამო, რომ მას „არასოდეს დაუცვია მართლმადიდებლების უფლებები საქართველოში“.

შემდგომ სიუჟეტებში ხელისუფლების კრიტიკა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტს მანანა მებუკესა და ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილსაც შეეხო იმის გამო, რომ ისინი 16 დეკემბერს ცხინვალში ჩავიდნენ და იქ სხვადასხვა შეხვედრები გამართეს, მათ შორის - სეპერატისტების ლიდერთან, ედუარდ კოკოითთან.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები საქართველოში მოღვაწე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - თამარ ხიდაშელი, „თანასწორობის ინსტიტუტი“ - მურმან პატარაია, „კონსტიტუციის 42 – ე მუხლი“ - ნიკოლოზ ლეგაშვილი, „კავკასიის ქალთა ქსელი“ - ნინო ციხისთავი, ვახტანგ კომახიძე, ნანა კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი,  „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ – ლია მუხაშავრია, ბრიტანეთის საელჩო – სოფიკო ქაცარავა, ევროკავშირის დელეგაცია – ფრანსუა მოსულიე და სხვები.

ქართველმა უფლებადამცველებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის ვითარება და წინააღმდეგობები გააცნეს, რაც საქართველოშია უფლებადამცველების წინააღმდეგ.

შეხვედრის შემდგომ მონაწილეები მრგვალი მაგიდის შედეგებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სასარგებლო იქნებოდა, თუ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს შეხვედრა არ იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის და ეს ორგანიზაციები რეაგირებას მოახდენენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს ეს ტერორი, რომელსაც ახორციელებენ უფლებადამცველების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრა, რათა გამოინახოს გზები, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაცია უფლებადამცველების საქმიანობაში - „არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც ავალდებულებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაიცვან უფლებადამცველები მათ შორის - ქართველებიც. ასეთი შეხვედრები არის კარგი პრევენციული მექანიზმი და კარგი იქნება, თუ გაგრძელდება და სისტემატიური გახდება“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრები უფრო პროდუქტიული იქნება, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებიან უფრო აქტიურები.

შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მონაწილეს - „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს ძმამ დაურეკა და შეატყობინა, რომ სადარბაზოსთან პოლიციელები დახვდნენ და გააფრთხილეს, თუ მურმან პატარაია არ დაანებებდა ახლანდელ საქმიანობას თავს, მის მანქანაში ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ პირობებში უწევთ საქმაინობა ქართველ უფლებადამცველებს.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ქსელის კოორდინატორმა ორგანიზაციამ საქართველოში - „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ განახორციელა.

ახალი ამბები