კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების გაყალბების ექსპორტი

18 იანვარი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოდან  მივლენილმა დამკვირვებლებმა უკრაინული და ქართული საზოგადოება ერთნაირად ააფორიაქეს. სკანდალი დაიწყო უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ქართველ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე დასწრების უფლება არ მისცეს. ცესკოს წევრებმა მიზეზად არასწორად შევსებული ანკეტები მოიმიზეზეს.

ცესკოს წევრთა დიდი ნაწილი პრორუსული ორიენტაციის კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები არიან, რომელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს. ეს უკრაინის ორი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა, რომელმაც ცესკოს მოსთხოვა, კიდევ ერთხელ განეხილა ქართველი დამკვირვებლების საკითხი. ცესკომ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულა, მაგრამ ქართველი დამკვირვებლის რეგისტრაციას მხარი კვლავ არ დაუჭირა.

17 იანვარს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ უყარა კენჭი ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა წევრმა რეგისტრაციას მხარი დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, რვამ კი თავი შეიკავა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ევროპაში დაფიქსირებულია პრეცედენტები, როცა რეგისტრაციასთან დაკავშირებით არჩევნების მეორე ტურისთვის გადაწყვეტილებები იცვლებოდა. თუმცა, უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებები იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ რთულია თქმა, შეცვლის თუ არა კომისია ქართველ დამკვირვებლებთან მიმართებაში გადაწყვეტილებას. 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო დაუპირისპირდებიან.   საარჩევნო კომისიის მიერ ოქმების 50,36%-ის დამუშავების შედეგად, ხმათა 36,86%-ით „პარტია რეგიონების“ ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც, ამავე დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა 24,31%-მა დაუჭირა მხარი. 13,08%-ით მესამე ადგილზეა ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ტიგინკო, ხოლო ხმათა 6,8%-ი მიიღო; მეოთხე პოზიციაზეა უმაღლესი რადას ექსსპიკერი არსენი იაცენუკი. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, მას ამომრჩეველთა მხოლოდ  4, 87%-ი უჭერს მხარს. ექსპერტთა აზრით, ეს მონაცემები დიდად არ შეიცვლება და ამიტომ უკრაინელი ხალხი პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევს.

დამკვირვებლებისა და კორესპონდენტების ნიღაბქვეშ

ცესკოს უარის შემდეგ საქართველოდან მივლენილი 2500-ზე მეტი ადამიანი არჩევნებზე დასწრებას ალტერნატიული გზით შეეცადა. ბევრმა მათგანმა ზოგიერთი უკრაინული გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტის დროებითი მოწმობა და აკრედიტაცია მიიღო. ამ ფაქტმა პარტია „რეგიონების“ წარმომადგენლები კიდევ უფრო გააღიზიანა. თუმცა, გაღიზიანების მიზეზი უფრო მეტად ის იყო, რომ ე. წ. დამკვირვებლებისა თუ „კორესპონდენტების“ ნიღაბქვეშ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად მივლენილი ქართველი ჩინოვნიკები და პოლიციელები აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინაში ინფორმაციას საქართველოდანაც იღებდნენ.

     

„უკრაინაში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან“, - აცნობა სააგენტო „რეგნუმს“ ინკოგნიტო წყარომ საქართველოს ოპოზიციიდან, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მათი უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა, ზოგიერთს აქვს სხვა სახელსა და გვარზე გაცემული დოკუმენტები და პრაქტიკულად ყველას აქვს გავლილი სპეციალური მომზადება ხელჩართულ ბრძოლაში. ამავე წყაროს ცნობით, ამ კატეგორიის კონტინგენტის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასვლისა და გარკვეული დავალების შესრულებაში 20-დან 32 ათას დოლარამდე ანაზღაურებას იღებენ. დაზიანების მიღების შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია დამატებითი ანაზღაურება.

ძნელი სათქმელია, რამდენად სანდოა „რეგნუმის“ ინფორმაცია, მაგრამ ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საეჭვო დეტალს უკრაინაში მასმედიამ დიდი ყურადღება მიაქცია და განხილვის საგნად აქცია. უკრაინის ერთ-ერთმა გაზეთმა, „მოლნიამ“ ქართველი დამკვირვებლების სიაც გამოაქვეყნა, სადაც მართლაც აღმოჩნენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პოლიციაში დასაქმებული პირები. მაგალითად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაზეთის საიტზე გამოქვეყნებულ სიებში შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსა და მუნიციპალიტეტების გამგეობების თანამშრომლები აღმოაჩინა.

ესენი არიან: ლევან ჯამალაშვილი, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი; ნიკოლოზ შანშიაშვილი, დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე; ზაზა ფიროსმანაშვილი,  დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი; ფარნაოზ ბეროშვილი, გურჯაანის გამგეობის სპეციალისტი; ნიკა ნიჟარაძე, გურჯაანის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი; შოთა უტიაშვილი, გურჯაანის გამგებლის მოადგილე; რამაზ ქერეჭაშვილი, გურჯაანის რაიონის ყოფილი გამგებელი; შალვა იმერლიშვილი, კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი; გურამ კაკალაშვილი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი; ავთანდილ ლეკაშვილი,  დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი და ა.შ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსი და კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი ბოტკოველიც იყო მივლინებული. მისი სახელი და გვარიც "მოლნიას" საიტზე გამოქვეყნდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბოტკოველმა თავი გამოიჩინა საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, იგი კარგად ფლობს არჩევნების გაყალბების მეთოდებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ჩინოვნიკების უმრავლესობა უკრაინაში ვერ წავიდა, რის მიზეზებსაც ჟურნალისტებთან საუბრისას ისინი არ ასახელებენ. გიორგი ბოტკოველის უკრაინაში გაგზავნის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს საქართველოს კონტროლის პალატაში.

კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება ქალაქ დონეცკში „გაურკვეველი მიზნებით“ საქართველოს 400-მდე მოქალაქის ჩასვლას. ისინი დონეცკში ჩარტერული რეისით „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავმა ჩაიყვანა. ცნობილია, რომ ქალაქი დონეცკი ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა პლაცდარმად ითვლება. დონეცკის მერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები ცესკოს მიერ დაურეგისტრირებელი დამკვირვებლები არიან. მან ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო დეტალზე - ყველა ე. წ. დამკვირვებელი მამაკაცია.

     

პარალელურად, დონეცკის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე ჩარტერული რეისით ჩასული მოქალაქეების ფოტოები გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ფოტოზე სამეგრელოში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, ზაზა გოროზიაა გამოსახული. მის გვერდით მდგომი მამაკაცი კი ძალიან ჰგავს იაშვილის სახელობის კლინიკის გენერალურ დირექტორს, ივა ყაჭიურს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახურში, განუცხადეს, გოროზია ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება. იყო თუ არა გუბერნატორი უკრაინაში 15 იანვარს, რა დღესაც ფოტოებია გადაღებული, ამის შესახებ პრესსამსახურში ოფიციალური ინფორმაცია არა აქვთ. „ჩვენ ვიცით, რომ გუბერნატორი თბილისში იმყოფებოდა“, - აცხადებენ გოროზიას პრესსამსახურში.

გივი, ჩვენ ვართ!

ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ სკანდალს დამატებით ინტრიგას აძლევს უკრაინის მედიაში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ხმები ისმის. ისინი იმ დამკვირვებლებზე საუბრობენ, რომელთა დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი განაცხადა. სააკაშვილი ტიმოშენკოს ეუბნება, რომ ეს კონტინგენტი კარგად არის შერჩეული, მობილიზებულია და ბრძოლისუნარიანია. იგი ასევე ახსენებს „გივის“, რომელსაც ტიმოშენკოსთან მჭიდრო კავშირი აქვს.

ამ დიალოგის შინაარსი ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა - გააჩნია, როგორი პოზიციიდან მოუსმენ მას. თუმცა, აშკარაა, რომ ვინმე „გივი“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძეა. მისი კომენტარები უკრაინიდან ქართულ მედიაშიც გამოჩნდა. თურმე, მას და მის დამკვირვებლებს არჩევნებისას კარუსელის ნიშნები შეუმჩნევიათ.

თვითონ ეს ფაქტიც - გივი თარგამაძის უკრაინაში ყოფნა - ასევე იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი, მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ გივი თარგამაძე უკრაინაში თავისი „ზონდერბრიგადებით“ იმყოფება და ცდილობს, არჩევნები ისევე გააყალბოს უკრაინაში, როგორც საქართველოში აყალბებდა.

„კატეგორიულად მიუღებელია, როცა ზონდერჯგუფები იგზავნება უკრაინაში და ამას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავდაცვია და უშიშროებისა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უცნაურ ურთიერთობებშია გაბმული სხვადასხვა ქვეყანასთან. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში უკვე კარგა ხანია, ატარებენ დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ არა მგონია, გაყალბების ექსპორტი უნდა ვაწარმოოთ რომელიმე ჩვენს პარტნიორ ან არაპარტნიორ ქვეყანაში. სამარცხვინოა, რომ გივი თარგამაძე სწორედ გაყალბების ექსპორტით არის დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელდასმით და ზურგით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი გავრცელებული ჩანაწერის შინაარსში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. „არ ვიცი, ეს საუბარი რა გზებით არის მოპოვებული ან არის თუ არა ნამდვილი, მაგრამ აქ არაფერი არ არის გასაკვირი. საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ამას არავინ მალავს“, - აცხადებს იგი.

საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურებმა არც უარყვეს და არც დაადასტურეს ამ საუბრის ნამდვილობა. როგორც ჩანს, ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ქართველი დამკვირვებლების შესახებ ერთი აზრი და დამოკიდებულება უკრაინაშიც არ არის. მაგალითად, ჯერ კიდევ არჩევნებამდე „მედიანიუსთან“ საუბრისას უკრაინელმა პოლიტოლოგმა ნიკიტა კირიენკომ განაცხადა: „ქართველი დამკვირვებლების შესახებ ისტერიკა იმიტომ ატყდა, რომ ისინი მიჩნეული არიან იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერებად. ჩემი აზრით, საბოლოოდ, ქართველ დამკვირვებლებს მაინც დაუშვებენ არჩევნებზე, მაგრამ მათ, შესაძლოა, პრობლემები ადგილებზე შეექმნათ. გასაგები მიზეზების გამო ქართველ დამკვირვებელთა დიდი ნაწილი გადანაწილდება აღმოსავლეთ უკრაინის ოლქებში. ეს კი ვიქტორ იანუკოვიჩის გაცოფებას იწვევს. პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ იანუკოვიჩი თავის რეგიონში არჩევნების გაყალბებას აპირებს, მაგრამ გარკვეული მაქინაციები მოსალოდნელია. დასავლეთ უკრაინაში და კიევში ტიმოშენკო იგებს. იანუკოვიჩს კი აღმოსავლეთ რეგიონების ხარჯზე ამის გადაწონვა მოუწევს. ქართველი დამკვირვებლები კი, როგორც იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბში მიიჩნევენ, დაინტერესებულ სახელმწიფოს წარმოადგენენ. მართლაც ასეა, რადგან ოფიციალური თბილისისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი - ტიმოშენკო თუ იანუკოვიჩი“.

თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს „რეგიონების პარტიის“ ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს ქართველი დამკვირვებლების შეეშინდა: „უკრაინის ცესკოს მიერ საქართველოდან ჩამოსული დელეგაციის წევრებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსის არმინიჭება ადასტურებს, რომ „რეგიონების პარტია“, რომლის წარმომადგენლები ცესკოში უმრავლესობით არიან, არჩევნების ფალსიფიკაციის ფაქტების დამალვას აპირებს. სწორედ ამ პარტიის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი 2000-მდე საერთაშორისო დამკვირვებელს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. ეს კი სამარცხვინო ფაქტი და ქვეყნის დამცირებაა.

ასეა თუ ისე, საერთაშორისო სკანდალი შედგა. იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, ექსპერტები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაცივებას წინასწარმეტყველებენ. ამავე დროს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ცინიზმად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანა, სადაც არჩევნები ყალბდება, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში „ეხმარება“ მეგობარ ქვეყანას.

ახალი ამბები