06:06, Wednesday, 15.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მე-9 უბნელი მესხები - დაბრუნებიდან 25 წლის შემდეგ

28.01.2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სამტრედიაში ყველამ იცის სოფელი იანეთი, იანეთში კი, ე.წ. მეცხრე უბანი, სადაც რეპატრირებული მესხები უკვე 28 წელია, ცხოვრობენ. თავიდან, 1982 წელს, ყაბარდო-ბალყარეთიდან იმერეთის ამ პატარა სოფელში სულ 5 ოჯახი ჩაასახლეს. მოგვიანებით - 30 და ასე გახდნენ სტალინის დროს მესხეთ-ჯავახეთიდან გადასახლებული მესხები იმერეთის მკვიდრნი.

„ჩვენი ოჯახი 1983 წელს ყაბარდო-ბალყარეთიდან, სოფელ ნალჩიკიდან ჩამოვიდა. მახსოვს, ჯარში ვიყავი და იქიდან პირდაპირ იანეთში ჩამოვედი. მაშინ აქ მხოლოდ 4 პატარა სახლი იდგა. მთავრობამ აგვიშენა და ყოველთვიურად 55 მანეთს ვიხდიდით. ეს თანხა ხელფასიდან გვექვითებოდა, რომელსაც ფერმაში გამოვიმუშავებდით. ყველანი ვმუშაობდით, დიდიც და პატარაც. გვიხაროდა, ქართველები ისევ საქართველოში რომ დავბრუნდით“, - ჰყვება მალხაზ ბახტაძე, რომელიც თანასოფლელებმა, გამორჩეული ჭკუა-გონების გამო „სოფლის თავად“ მონათლეს.

მალხაზ ბახტაძე იანეთში ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი რომ არჩინოს, საკუთარი სახლიდან შორს, თურქეთში მუშაობს. როგორც ამბობს, სხვანაირად არ მოხერხდება, შიმშილით დაიხოცებიან, რადგან რაიონში და მითუმეტეს სოფელში სამუშაოს არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ხოლო ერთ გოჯა მიწას, როგორც თვითონ ამბობს, ორ-სამ დღეშიც მშვენივრად ამუშავებს.

ეს „ერთი გოჯა მიწა“ მიწა მწირია და მოსავალიც ნაკლებად მოდის. თუმცა, წინათ, როცა დანარჩენი მეზობლების მსგავსად, გაცილებით დიდ ფართობს ამუშავებდნენ, მოსავალი გასაყიდიც რჩებოდათ და ეკონომიურადაც კარგად იყვნენ. ამ ფართობების დამუშავების აკრძალვის ისტორიის გახსენება დღეს ისეთივე სიბრაზეს გვრის, როგორც მაშინ, როცა წაართვეს. თანასოფლელებთან ერთად, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერაფერს გახდა და დანებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რეპატრირებული მესხებზე მეტად მიწა ადგილობრივ ბიზნესმენს არგებდა და გაყიდა.

„მოდიოდნენ, ზომავდნენ, თითქოს რაღაც გარიგებებსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ მაშინვე მივხვდით, რომ გვატყუებდნენ. ეს ამბავი სამი-ოთხი წლის წინ მოხდა, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს. ამ ყველაფრის თავი მეზობელი სოფლის - ფარცხანაყანების მაშინდელი გამგებელი, ნიკოლოზ ნიქაბაძე იყო. თუ ამ მიწების ხელიდან გაშვება არ გინდათ, იყიდეთო, გვეუბნებოდა. საიდან, რომელი შემოსავლით უნდა გვეყიდა, იმას არ კითხულობდა. რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდეთ და დავრჩით მიწის გარეშე. დღეს, ლუკმა-პური რომ ვიშოვოთ, თურქეთში ვამუშავებთ მიწას. მონებივით ვმუშაობთ, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაშიც ბევრია სამუშაო, მაგრამ არავინ გვეძახის. დაპირებები ბევრია, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება,“ - ამბობს  მალხაზ ბახტაძე და სოფლის დანარჩენ გასაჭირზეც საუბრობს.

გზა, გაზი და წყალი ის ძირითადი თხოვნაა, რითაც წლებია, მეცხრე უბნელები ხელისუფლებას მიმართავენ. დღეს სოფლისკენ მიმავალს გზად კომუნისტური ასფალტის ნარჩენი და წყლის ტბორები გხვდება და გგონია, რომ „იქით“  აღარავინ ცხოვრობს. განსაკუთრებით ზამთარშია ცუდი მდგომარეობა, როცა სოფელი თითქმის მთლიანად იტბორება და ყოფა გაუსაძლისი ხდება.

გარდა ამისა, მაჰმადიან მესხებს პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისგან იზოლირებულად ცხოვრებაც უქმნით. ამბობენ, რომ მათთან კონტაქტის შემთხვევაში, მეტი ინფორმაცია ექნებოდათ. მეზობელ სოფლამდე 10 კილომეტრზე მეტია და ამ მანძილის ფეხით გავლა ძალიან უჭირთ. ავტობუსს კი, „მე-9 უბანში“ რამდენიმე წელია, არ გაუვლია.

პრობლემები ტერიტორიული მოწყობის მხრივაც არსებობს. მაჰმადიანი მესხები სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში არიან ჩაწერილი, ტერიტორია კი, რომელზეც ცხოვრობენ, წყალტუბოს ეკუთვნის.

მოკლედ, როგორც თვითონ ამბობენ, პრობლემებს რა გამოლევს. არადა, როცა რამე მოგვარდება, ბავშვებივით ხარობენ. აი, მაგალითად, იანეთის #1 საჯარო სკოლა დახურვას რომ გადაურჩა, მთელი კვირა ქეიფობდნენ.

„მოდიოდნენ და სათითაოდ მადლობას გვიხდიდნენ. ამ სოფელში სკოლა ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა, სადაც გამოდიან და, სხვა რომ არაფერი,  ერთმანეთს ნახულობენ. მე 11 წელია, ამ სკოლაში ვასწავლი და დღითითღე ვრწმუნდები, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაწესებულებას, - ამბობს იანეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა თევზაძე.

დღეს მის კლასში პირველი, მეორე და მესამე კლასელები ერთად სხედან. სკოლაში სულ 7 ფინანსური ჯგუფია და მასწავლებლებიც ცოტა, 11 არიან.

„ჩვენც ძლივს დავდივართ. ძალიან გვიჭირს სამტრედიიდან სიარული. აქამდე, ამ სოფლამდე არც ერთი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ცენტრალური გზიდან ფეხით დავდივართ და სკოლამდე ტალახში ამოვლებული, ან თავიდან ფეხამდე  სველი მოვდივართ. თავს იმისთვის ვუჭირვებთ, რომ ვიცით, ეს სკოლა ადგილობრივებისთვის რასაც ნიშნავს“, - ამბობენ პედაგოგები.

სკოლა, განსაკუთრებით - საკლასო ოთახები, თავისი ინტერიერით, ძველ ფილმში ნანახ სიუჟეტს მოგაგონებს. მართალია, შეშის „ფეჩი“ იქაურობას კარგად ათბობს, მაგრამ ამბობენ, რომ კვამლის სუნი ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია.

სკოლაში, სადაც სულ 24 მოსწავლე სწავლობს, უკვე გოგონებიც დადიან. წინა წლებში კი, თურმე, ასე არ ხდებოდა. გოგოს სკოლაში რა უნდაო - ამბობდნენ მაჰმადიანი მესხების ოჯახის უფროსები და ქალებიც მეუღლეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ. 

„ცოლები და ოჯახის წევრები კი არა, ჩვენც, მასწავლებლებს რამდენჯერ გვითქვამს, რომ გამოეშვათ ბავშვები სკოლაში, მაგრამ ამაოდ. მათი გადაწყვეტილება მტკიცე იყო და წლები დასჭირდათ, რომ ეს კომპლექსი დაეძლიათ. დღეს თვითონაც უხარიათ, რომ მათმა შვილებმა ანბანი და წერა-კითხვა იციან. თუ ადრე სასკოლო ნივთებს და წიგნებს მათთვის ჩვენ, პედაგოგები ვყიდულობდით, დღეს უკვე თავად იძენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სხვაგვარად აზროვნებენ“, - ამბობს ლამზირა თევზაძე.

მეორე და მესამე კლასელები ქართულად საუბარს სრულად არა, თუმცა მაინც ახერხებენ. პირველკლასელებისთვის კი, ეს ჯერჯერობით დაუძლეველი ბარიერია. სამაგიეროდ, მათ უკვე იციან, რომ გაიზრდებიან, ვინ უნდა გახდნენ და სად იმუშაონ. აიდა ლაზიშვილი მომავალი ექიმია, კობა მესტაფაევა და ზაფარ ცაცანიძე კბილის ექიმობას აპირებენ. მოკლედ, გეგმები დიდი აქვთ. ისევე როგორც, მათ მშობლებს.

„არავისგან არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ გზას, რომ ადამიანი ჩვენამდე მოვიდეს, წყალს, რომ კილომეტრებიდან არ ვთრაქოთ და ყურადღებას ხელისუფლებისგან. დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვუვლით, მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ და საამაყო შვილებსაც გავუზრდით სამშობლოს. შრომა რომ არ გვეზარება, მგონი, ჩვენს ეზოს და კარს ეტყობა“, - ამბობს მალხაზ ბახტაძე.

მეზობლებისგან განსხვავებით, მალხაზ ბახტაძე ქართულად კარგად საუბრობს. ისე კი, ე.წ. მე-9 უბნის თითქმის ყველა ოჯახში სასაუბრო ენა ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანულ ენათა სინთეზია. ტრადიციებიც შერეული - ქართულ-მაჰმადიანური. 

„იყო საუბარი, რომ რამდენიმე ოჯახს კიდევ ჩამოასახლებენ. ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გაჟღერდა. რა აზრი აქვს, თუ მათ ელემენტარულ პირობებს არ შეუქმნიან? ძალიან ძნელია უცხო მიწაზე, უცხო გარემოში უმუშევრად ყოფნა. ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ და არავის ვუსურვებთ მსგავსს... ის ხალხიც არ ჩამოვა ასეთ პირობებში, გაუჭირდებათ. მხოლოდ ტელევიზორში მოსმენილი შეპირებები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ნორმალურად იცხოვრო, რეალობა გაცილებით მკაცრია და რთული,“ - ამბობს მალხაზ ბახტაძე. მისი ოჯახის წევრები, ისევე როგორც მთელი მე-9 უბანი, ახალ წელს იმ იმედით შეხვდნენ, რომ 2010 წინა წლებთან შედარებით პროგრესული იქნება, რომ ამ წელს მაინც ექნებათ გზა, ბუნებრივი აირი და წყალი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: lamzira said
2014-04-15 11:37
VHello j'm a détacher pc sport in Morano and i have one invention sincère 199
J'm adhérant in union of inventors
and innovators of morroco and j'm looping for a solution for my invention soule toi mine look at www.elaioun24.com. Thonier.
My email aro.hydro5@yahoo.fr
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC