კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველს გორის გამგეობის მუშაობა არ მოსწონს

4 თებერვალი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დარწმუნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალური კომისიები მოქალაქეთა განცხადებებს ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევით იხილავენ. 

სახალხო დამცველს მაგალითისთვის მოჰყავს გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები ზურაბ მაისურაძის დაზარალებული ოჯახი, რომელიც 2008 წლის დეკემბერში საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, შუაგულ ტყეში, პატრიოტთა ბანაკის კოტეჯში იყინებოდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჩარევის შემდეგ კი მაისურაძეები გორის მერვე საბავშვო ბაღში გადმოასახლეს.

პირველ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაადგინა, რომ მაისურაძეების სახლი ომისგან იყო დაზიანებული და ვერ შეკეთდებოდა. ამიტომ მათთვის კომპენსაციის მიცემა გადაწყვიტეს. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ განუცხადეს, რომ სახლი ომის დროს არ დაზიანებულა და  სიძველის გამო დაინგრა.

საქმეში სახალხო დამცველის აპარატი და რეგიონული ოფისი ჩაერთო. სახალხო დამცველმა 2009 წლის 16 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაუგზავნა წერილი და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვა, რითაც დასტურდება, რომ რიგი მოქალაქეების სახლები დაზიანებულია სიძველის შედეგად.

2009 წლის 29 ივლისს სახალხო დამცველს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუმარტა, რომ გამგეობაში შექმნილია სპეციალისტების ჯგუფი, დაკომპლექტებული გამგეობის თანამშრომლებისაგან, რომელიც სოფლის მამასახლისებთან ერთად საცხოვრებელი სახლების დაზიანებების მიზეზებს იკვლევს. „აღნიშნული საკითხის შესწავლა ხდება ვიზუალური დათვალიერებით“, - წერს გამგებელი.

რაც შეეხება დოკუმენტაციას, სახალხო დამცველმა აღმოაჩინა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინახება მხოლოდ მოქალქეთა განცხადებების განხილვისა და შესწავლის შემდეგ სხვადასხვა სამსახურების, მათ შორის სოფლის მამასახლისების მიერ შედგენილი წერილობითი პასუხები. „ზემოთ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სხვა სახის დოკუმენტაცია არ შექმნილა“, – აცხადებს გიორგი ტუღუში.

ამონარიდი გიორგი ტუღუში მოხსენებიდან: „მოცემულ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტებმა მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ისე, რომ დეტალურად არ აღწერეს, რა სახის დაზიანება იყო მიყენებული თითოეული საცხოვრებელი სახლისათვის. არ არსებობს რაიმე სახის საბუთი, სპეციალისტთა შეფასების, ექსპერტის დასკვნის თუ სხვა სახის წერილობითი დოკუმენტის სახით, რომელშიც მოცემული იქნებოდა მოტივირებული ახსნა, თუ რატომ მივიდნენ სპეციალისტები იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლების სახლები მართლაც სიძველის და არა საომარი მოქმედებების შედეგად იყო დაზიანებული. ვიზუალური დათვალიერების წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არათუ სპეციალისტების დასკვნის სისწორის გადამოწმება, არამედ იმის მტკიცებაც შეუძლებელი ხდება, მართლაც ჩატარდა თუ არა ამგვარი ვიზუალური დათვალიერება“.

რაც შეეხება ზურაბ მაისურაძის საქმეს, სახალხო დამცველი ამ შემთხვევაშიც ურჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას კანონის ფარგლებში იმოქმედოს: „მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ასეთ შემთხვევებში, უნდა დაიწყონ თითოეულ ასეთ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება; კომისიური წესით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება, რისი შედეგებიც უნდა აისახოს კანონმდებლობის დაცვით დასაბუთებულ წერილობით დასკვნაში“.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართავს რეკომენდაციით, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება ყველა იმ განცხადებაზე, რომელიც ეხება საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი სახლების დაზიანებას და შესაბამისი კომპენსაციის გაცემას. კომისიური წესით უნდა დადგინდეს საცხოვრებელი სახლების დაზიანების მიზეზები, რაც უნდა აისახოს წერილობით დასკვნებში.

ახალი ამბები