კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმრის წამებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში რეაგირებენ, თუკი მათ ამას პატიმარი ეტყვის

15 თებერვალი, 2010

თაკო ხუციშვილი

გლდანის # 8 საპყრობილეში პატიმარ დანიელ დენისევიჩის ცემის ფაქტზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია 27 იანვარს გაავრცელა http://humanrights.ge/index.php?a=news&id=7447&lang=ge. ინფორმაციაში ვწერდით, რომ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა პატიმარი 25 იანვარს მოინახულა და  ცემის ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

დანიელ დენისევიჩმა ადვოკატთან საუბრისას ციხის ზედამხედველების მხრიდან ცემის ფაქტი დაადასტურა. „პატიმარს შუბლზე და თვალის არეში ჩალურჯებები ჰქონდა. მის ცემას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. უბრალოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა ამის მიზეზი იკითხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას არ უნდოდა ამ ფაქტის გახმაურება, მაგრამ როცა განვუმარტე, რომ ამაზე რეაგირება იყო საჭირო, დამთანხმდა“, - აცხადებს პატიმრის ადვოკატი.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატს ომბუდსენის ოფისიდან უპასუხეს, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - ბენდიანიშვილმა და გიგინეიშვილმა დანიელ დენისევიჩი 2010 წლის 28 იანვარს მოინახულეს. თუმცა, პატიმრის დალურჯებული თვალების გამომწვევ მიზეზზე მათ სრულიად განსხვავებული ვერსია აქვთ: „მსჯავრდებულმა უარყო თქვენს მიერ წერილში აღნიშნული ფაქტი და აღნიშნა, რომ მან დაზიანება მიიღო საკანში საწოლიდან გადმოვარდნისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მოკლებული ვართ რეაგირების შესაძლებლობას“.

ომბუდსმენის აპარატიდან მოწერილ წერილს ხელს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აწერს.

humanrights.ge-სთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ პატიმარმა დაზიანება საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. მართალია, დანიელ დენისევიჩი ამ ჩვენებას სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შევსებულ ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს, მაგრამ პატიმრის დაშინების მცდელობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უცხო არ არის და სწორი რეაგირებისათვის, უკეთესი იქნებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დასკვნებს ვიზუალური დათვალიერებითაც თუ გააკეთებდნენ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდოდა, გავსაუბრებოდით ომბუდსმენის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თუმცა საბოლოოდ შეკითხვებზე პასუხი პრესცენტრის თანამშრომელისგან მივიღეთ.

- სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ ევალება, ეს საქმე არსებითად შეისწავლოს თუნდაც ადვოკატს გაესაუბროს?

- სხვა რეაგირება როგორ უნდა მოვახდინოთ, როცა პატიმარი გვეუბნება - გადმოვვარდი საწოლიდან, რის შედეგადაც მივიღე დაზიანებები და  არ ვსაჭიროებ თქვენს დახმარებასო. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- კი, მაგრამ ხომ ეტყობა ამ ადამიანს, რომ ორივე თვალი აქვს ჩალურჯებული და მისი ჩვენება ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რაც ბენდიანაშვილმა და გიგინეიშვილმა საკუთარი თვალით ნახეს. ასეთ შემთხვევაში, რეაგირება არ უნდა მოახდინოს ომბუდსმენის წარმომადგენელმა?

- რა პირობებში და ვინ როგორ ჩამოვარდება საწოლიდან და რა შეიძლება დაიზიანოს, არავინ ვიცით. ადამიანი ამბობს, პრეტენზიები არა მაქვს და თქვენი დახმარება არ მესაჭიროებაო. ეს ხომ გარკვევით წერია ოქმში?

ნამდვილად წერია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, მის სიტყვებში ეჭვი რატომ არ შეპარვიათ თქვენს წარმომადგენლებს. ხომ შეიძლებოდა, მათ ექსპერტიზა მოეთხოვათ და ექსპერტიზით დადგენილიყო, საწოლიდან გადმოვარდა თუ ცემეს? იქნებ, იმიტომ შეცვალა ჩვენება, რომ ადმინისტრაციის ზეწოლის მსხვერპლი იყო?

- ჩვენ გამოვიტანეთ ის ინფორმაცია, რაც პატიმარმა გვითხრა. თუკი რაიმე პრეტენზია ჰქონდა, მას ეს უნდა ეთქვა ჩვენთვის. სხვაგვარად, ჩვენ რის საფუძველზე  უნდა მოვითხოვოთ ექსპერტიზა ან გამოძიება?

ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს დაუჯერებლად ეჩვენება ის ფაქტი, რომ პატიმარმა ორივე თვალის სერიოზული დაზიანება საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. სუბარის თქმით, პატიმრის ზეწოლის ფაქტები მისი ომბუდსმენობის პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო, თუმცა პატიმრები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციისგან ცემის ფაქტს ხშირად ადასტურებდნენ: „ასეთ შემთხვევაში, ძნელია, დაიჯერო, რომ პატიმარი საწოლიდან იყო გადმოვარდნილი, მაგრამ როგორც წესი, ციხის ადმინისტრაციას აქვს რესურსი, პატიმრებზე ზეწოლა მოახდინოს. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ პატიმრები, რომ ნაცემი ან ნაწამები იყო, მაგრამ როდესაც ამ ფაქტზე გამოძიება იწყებოდა, გამომძიებელი მათგან ჩვენების სრულიად განსხვავებულ ვერსიას ირებდა - კარს მივეჯახე, წავიქეცი, საწოლიდან გადმოვარდი და ა.შ.

ზოგადად, თუ პატიმარი თავიდანვე არ ამბობს, რა შეემთხვა მას, სახალხო დამცველის წარმომადგენელი უმეტესწილად, ვერ მოახერხებს, სწორი რეაგირება მისცეს მსგავს შემთხვევებს. შესაძლებელია, ახალი ომბუდსმენის აპარატი პატიმრების ინტერესებს კარგად იცავს, მაგრამ ფაქტია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალ მინისტრს საპატიმროების მდგომარეობის შესწავლა მოუწევს“. 

შესაძლოა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მსგავსი შემთხვევების სწორად მოკვლევასა და რეაგირებაში ხელს უშლის საკანონმდებლობო ბაზა. ამ შემთხვევაში, საჭიროა, შეიცვალოს კანონმდებლობა, რათა პატიმრები უფრო მეტად იყვნენ დაცულნი და მათი ჩვენებები ასე არ განსხვავდებოდეს იმ ფაქტებისაგან, რაც მათ ასეთ დროს „სახეზე აწერიათ“ ხოლმე.

ახალი ამბები