18:25, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რატომ აჭიანურებს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმის დაწყებას

16.02.2010
თაკო ხუციშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვამდე, საზოგადოებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა სამოქალაქო სარჩელით მიმდინარე სასამართლო განხილვა საქართველოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 40 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. თუმცა, დაზარალებულის ოჯახი მორალური კომპენსაციისთვის 200 000 ლარს ითხოვდა.

„სარჩელში აღნიშნული გვაქვს, რომ ვერავითარი ფულადი კომპენსაცია ვერ მოახდენს სრულფასოვან კომპენსირებას იმ  მორალური ზიანისა, რაც მიადგა სანდრო გირგვლიანის ოჯახს. სასამართლომ 4 მოპასუხისგან სოლიდარულად 40 000 ლარი  ჩაითვალა. რატომ არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა და რატომ არ დააკისრეს მათ 200 000 ლარი, ეს უნდა აიხსნას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც სასამართლოსგან ჯერ არ ჩაგვბარებია“, - აცხადებს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდეს. ამავე დროს, შალვა შავგულიძეს ცოტა ხანში სტრასბურგში გამგზავრებაც მოუწევს, სადაც როგორც იქნა, დაადგა საშველი გირგვლიანის საქმის განხილვას.

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა 2010 წლის 2 თებერვლისთვის უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დანიშნული პროცესი ამჯერად საქართველოდან არჩეული მოსამარლის ნანა წოწორიას თვითაცილებამ შეაფერხა.

ამ რეზონანსული საქმის განხილვა გასული წლის ნოემბერშიც გადაიდო საქართველოს მთავრობის თხოვნით. მაშინ საქართველოს სახელმწიფოს საპატიო მიზეზი ჰქონდა - იურისტები, რომლებიც ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმეზე უნდა გამგზავრებულიყვნენ, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებდნენ.

ადვოკატ  შალვა შავგულიძისთვის უცნობია, რატომ აიცილა მოსამართლე ნონა წოწორიამ გირგვლიანის საქმე. მართალია, იმ დროს, როცა გირგვლიანის საქმის გამოძიება მიმდინარეობდა,  ნონა წოწორია გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, მაგრამ ადვოკატი  შავგულიძე ამას საქმის აცილების საფუძვლიან მოტივად ვერ ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ მოსამართლე ნონა წოწორიას საქმიდან აცილება სულაც არ ყოფილა შემთხვევითი. მისი აზრით, სახელმწიფომ ამით დრო მოიგო, რათა გირგვლიანის ოჯახისთვის საქართველოში სამოქალაქო სარჩელი დაეკმაყოფილებინა. ამ გადაწყვეტილებას კი, ევროსასამართლო მხედველობაში მიიღებს.

ლია მუხაშავრია: „ევროსასამართლო მორალურ და მატერიალურ ზარალზე როცა იმსჯელებს, თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პრაქტიკა არსებობს. სახელმწიფო როცა უხდის  დაზარალებულს რაღაც  კომპენსაციას, ევროსასამართლო ამას სამართლიანად თვლის და ამბობს, რომ ასეთი საკითხები შიდა სასამართლოს უკეთ შეუძლია, განსაზღვროს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ევროსასამართლო ამ საკითხს გაითვალისწინებს, თუკი ძალიან არ შეძრწუნდა ფაქტით და არ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული მიდგომა გამოიმუშაოს“.

ევროსასამართლოს რეგლამენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს  ახალი მოსამართლის წარსადგენად ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ნონა წოწორიას კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი ადეიშვილი ჩაანაცვლებს. იგი მონაწილეობას სპეციალურად მხოლოდ ამ საქმის განხილვაში მიიღებს და შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდება.

სანდრო გირგვლიანის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში   საქმე 4 მუხლით 2007 წლის ზაფხულში გაასაჩივრა. სარჩელის თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციების მუხლები, რომლებიც იცავს სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, დაცვის ეფექტური ზომის უფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„იმ შემთხვევაში, თუ ევროსასამართლო სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევას ცნობს, ეს დარღვევები შემოიფარგლება გარკვეული თანხის დაკისრებით. ხოლო, თუკი სასამართლოზე დადგინდება, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს და დაცვის ეფექტური ზომის უფლება, ეს საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივ სამართალწარმოებაში დავაყენოთ განაჩენის გადასინჯვის საკითხი“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC