09:24, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხელისუფლებამ საარჩევნოდ ქამრებიც მოიხსნა და აღვირიც

17.02.2010
შორენა ღლონტი, გურია

ექსპერტების აზრით, სახელმწიფო აპარატებში მომუშავე ჩინოვნიკების რაოდენობრივი ზრდა პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს ისევ გამოიყენებს. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არათუ არ დაწყებულა, პირიქით, რეგიონებში მიმდინარე პროცესები „ქამრების შემოხსნას“ უფრო ჰგავს. ექსპერტთა მოსაზრებით, ეს ყველაფერი არჩევნების პერიოდში აღვირახსნილობაში გადაიზრდება.

2010 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით შემცირდა. ამ დროს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში მომუშავე პირთა რაოდენობა და მათი დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რწმუნებულ-გუბერნატორების აპარატში ამ მაჩვენებლების სულაც გაორმაგება იგეგმება. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს განუკითხავი საშტატო ბუმი მხოლოდ მაისის ბოლომდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდეა გარანტირებული. მერე ხელისუფლებას ისევ „ქამრების შემოჭერა“ გაახსენდება.

2008-2009 წლებში გურიის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 21 საშტატო ერთეულს შეადგენდა. 2010 წლის გეგმით კი 43 უნდა გახდეს. გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450,3 ათასი ლარით, 2009 წელს კი 522,0 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის V თავის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულის და მისი დაფინანსების გაორმაგება იგეგმება. ამავე დოკუმენტით, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2010 წელს 996,4 ათას ლარს მიიღებს.

იმერეთის რეგიონში თერთმეტი მუნიციპალიტეტია, კახეთის რეგიონში - რვა. იმერეთისა და კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციებში 50-50 ადამიანია დასაქმებული და, გურიის რეგიონისგან განსხვავებით, მათ დაფინანსებაზე 200 ათასი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს.

როგორც ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი ამბობს, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფინანსების გაორმაგება საარჩევნო წელს უკავშირდება.

„არა მგონია, აქ ბევრი სამარჩიელო იყოს. 2010 წელი საარჩევნო კალენდრით აქტიური წელია. აქედან გამომდინარე, რეგიონული ერთეულების დაფინანსების გაზრდა, ცალსახად უკავშირდება პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ იმ აქტივობებს, რაც გასახორციელებელი იქნება სწორედ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რათა უზრუნველყონ პოლიტიკურად მისაღები ძალის გამარჯვება“, - გვითხრა საყევარიშვილმა.

გურიის გუბერნატორის მოადგილის, ლელა თავართქილაძის თქმით, გურიის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგში დღეის მდგომარეობით ცვლილებები არ არის: „ასეთი ცვლილებების შემთხვევაში ის აუცილებლად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაა“.

„ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე დარწმუნებულია, რომ მალე სახელმწიფო სამსახურები ერთგვარ შრომის „ბირჟად“ იქცევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების სიტყვა და საქმე ისეა დაშორებული ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა: „კარგად გახსოვთ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის არაერთი განცხადება ბიუროკრატიული აპარატის შემცირებასა და „ქამრების შემოჭერის“ თაობაზე. თუმცა, წინასაარჩევნოდ იგივეს აკეთებენ, რასაც ადრე“.

„ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მალე თანამშრომლებს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სადარბაზოებშიც დასვამენ, რადგან არჩევნების მოგების სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ: „ნდობის რესურსი მოსახლეობაში სასტიკად გაღატაკებულია და ამ ტოტალური უმუშევრობის ფონზე ასეთი მეთოდებით ცდილობენ გაზარდონ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მონური ფსიქოლოგიით გამოირჩევიან და არ ადარდებთ თავიანთი ქვეყნის ბედი“.

რესპუბლიკური პარტიის გურიის კოორდინატორის ტიფო მიქატაძის თქმით, შტატების გაზრდა და გაფართოება დაკავშირებული უნდა იყოს სტრუქტურის დანიშნულებასთან, მის ამოცანებსა და ფუნქციებთან. როცა საუბარია ცვლილებებზე და შტატების შექმნაზე, დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი ცვლილება.თუმცა, კანონმდებლობით თუ არ იცვლება რწმუნებულ-გუბერნატორების ფუნქციები, მაშინ საქმე გვაქვს დამატებით ხარჯებთან - მხოლოდ და მხოლოდ ხარჯებთან.

„ნაკლებად სავარაუდოა, ამ ხარჯებს მოჰყვეს საჯარო სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობა და საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდების გაზრდა. ცვლილებები განპირობებულია კარს მომდგარი ადგილობრივი არჩევნებით“, - ამბობს ტიფო მიქატაძე. იგი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს უკეთ გამოიყენებს. ანუ ეს ადამიანები მოემსახურებიან მთლიანად ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პარტიას – ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC