19:21, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სახელმწიფოს დანაშაული აფინანსებს“ - გავლენიანმა ორგანიზაციამ ქართული მანკიერი პრაქტიკა ამხილა

26.02.2010
გელა მთივლიშვილი

გავლენიანმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოში საპროცესო შეთანხმების სისტემაზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს, როგორ მუშაობს საპროცესო შეთანხმება საქართველოში და რა გავლენას ახდენს ის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვაზე.

საპროცესო შეთანხმება საქართველოს სამართლებრივ სისტემაში 2004 წელს შემოვიდა. საპროცესო შეთანხმება არის „შეთანხმება პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის იმაზე, რომ თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს, მას ჩადენილი დანაშაული შეუმცირდება ან მის მიმართ ნაკლებად მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული“.

პრინციპი მარტივია: ბრალდებული ბრალის პირდაპირ აღიარებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას იღებს, რადგან ის ყველა მხარეს ათავისუფლებს ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო პროცესისგან.

პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ (ყველა შეთანხმება ზემდგომმა სამხარეო პროკურორმა უნდა დაადასტუროს) შეთანხმება წერილობით ფორმდება და დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება. სასამართლო განიხილავს და ამტკიცებს მას ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. მოსამართლემ უნდა დაადასტუროს, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით, დაშინების, მოტყუებისა და ძალადობის გარეშე გაფორმდა და რომ ბრალდებულმა კვალიფიციური იურიდიული დახმარება მიიღო. მოსამართლემ უნდა დაადასტუროს ისიც, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების შინაარსს იცნობენ და ისიც იციან, რომ ამ შეთანხმების გაფორმებით სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარს ამბობენ. გარდა ამისა, პროკურორმა უნდა წარმოადგინოს პრიმა ფაციე, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საპროცესო შეთანხმებით მიღწეული აღიარებით დაშვებული არ არის. აუცილებელია სხვა მტკიცებულებებიც არსებობდეს.

პრაქტიკა

საპროცესო შეთანხმება საქართველოში მისი შემოღების დღიდან სულ უფრო ხშირად გამოიყენება. თავდაპირველად მას მხოლოდ კორუფციული შემთხვევების დროს მიმართავდნენ, ბოლო პერიოდში კი - თითქმის ყველა სახის სისხლის სამართლის დანაშაულებისას.

სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წელს 7 358 დანაშაული მოხდა, საპროცესო შეთანხმება 932 საქმეზე გაფორმდა, 2006 წელს 13 602 დანაშაული აღირიცხა, საპროცესო შეთანხმება 3 791 საქმეზე გაფორმდა; 2007 წელს 17 526 დანაშაულია რეგისტრირებული, საპროცესო შეთანხმება 8 432 საქმეზე გაფორმდა; 2008 წელს 17 639 დანაშაული მოხდა, საპროცესო შეთანხმება 9 207 საქმეზე გაფორმდა; 2009 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით 9 459 დანაშაულია აღრიცხული, 5 380 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„საქართველოში გასული წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი (56,9%) აშშ-ის ასეთივე მაჩვენებელთან (90 - 95%) შედარებით მაღალი არ არის, მაგრამ ეს რიცხვი ცხადყოფს, რომ საპროცესო შეთანხმება საქართველოს სამართლებრივი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ის საქართველოში გაცილებით ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ინკვიზიტორული სისტემის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. როგორც ჩანს, ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სამართლებრივ მექანიზმს დადებითად აფასებენ და, შესაბამისად, საქართველოში, როგორც აშშ-ში, „ჩვეულებრივი“ სასამართლო პროცესი უფრო „ალტერნატიული“ პროცედურის სახეს იღებს, ვიდრე ჩვეულისას“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.

როგორ აფინანსებს დანაშაული სახელმწიფოს: საპროცესო შეთანხმება, როგორც შემოსავლის წყარო

„საპროცესო შეთანხმებების გზით სახელმწიფომ მართლაც დიდი რაოდენობის თანხა მიიღო. 2009 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საპროცესო შეთანხმებებიდან ხაზინაში 32 760 994 ლარი შევიდა. საპროცესო შეთანხმებების გაფორმება წლის ბოლომდე იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, წლის ბოლოსთვის ხაზინა კიდევ 50 მილიონ ლარს მიიღებდა. ჯამში ეს თანხა საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 1% და ცხრა სამინისტროს და პარლამენტის ბიუჯეტებზე მეტი იქნებოდა.

საპროცესო შეთანხმებას, როგორც „თავისუფლების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის“ საშუალებას, რაც, როგორც ჩანს, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, ბევრი ოპონენტი ჰყავს. თუ 2004 - 2005 წლებში ამ სისტემით უფრო ხშირად კორუმპირებული თანამდებობის პირები და ოლიგარქები სარგებლობდნენ, შემდეგ მიდგომა უფრო „დემოკრატიული“ გახდა და ის ყველაზე გავრცელდა ხულიგნობაში ეჭვმიტანილით დაწყებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილით დამთავრებული. იურისტების თქმით, იყო ისეთი შემთხვევები, როცა პროკურორები მცირე დანაშაულებზე 100 000-მდე ლარის გადახდას ითხოვდნენ. ხშირად, მაშინაც კი, როცა მოთხოვნილი თანხა გაცილებით ნაკლებია, ბევრს მისი გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. ამის შედეგად ვიღებთ ვითარებას, რომელსაც საპროცესო შეთანხმების კრიტიკოსები ახასიათებენ, როგორც „მართლმსაჯულებას მდიდრებისთვის“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კითხვები საპროცესო შეთანხმების გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც აქვს. „ამ კუთხით უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ძნელად მოსაპოვებელია ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხას იხდიან ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2006 წელს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ერთ-ერთი რეკომენდაცია საპროცესო შეთანხმებების სრული სიის საჯაროობას ეხებოდა, თუმცა ასეთი სია ამ ანგარიშის მომზადების პერიოდშიც კი არ ყოფილა ხელმისაწვდომი“.

გავლენიანი ორგანიზაცია ასკვნის, რომ საპროცესო შეთანხმების სისტემა საქართველოში არც ისეთი წარმატებულია, როგორც ამას ხელისუფლება წარმოადგენს, და არც ისეთი გამოუსწორებელი, როგორც ოპონენტები ახასიათებენ. „ფაქტი ერთია - საპროცესო შეთანხმება მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მაგრამ ის სასამართლოების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა და სამართალწარმოების არსებული კულტურის პირობებში სამართლიანობის განმტკიცებას ხელს ვერ უწყობს. საპროცესო შეთანხმებები არ უნდა გაფორმდეს იმ პირებთან, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, როგორც მინიმუმი, აუცილებელი უნდა იყოს მსხვერპლის ან მისი წარმომადგენლების თანხმობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC