კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

38 ექსპროპრირებული ოჯახის ამბავი

26 თებერვალი, 2010

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ადლიის დასახლებაში მცხოვრებ 38 ოჯახს უძრავი ქონება ექპროპრიაციის გზით ჩამოართვეს.  ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო აეროპორტთან მისასვლელი დამატებითი გზის გაყვანას გეგმავს. მოსახლეობა ქონების დათმობას არ აპირებს, რადგან ბათუმის მერიამ მათ კომპენსაციის სახით 1კვ/მეტრ მიწის ფართში მხოლოდ 67 ლარი შესთავაზა, რაც მოსალეობისთვის მტკიცებით, ძალიან მცირე თანხაა. ბათუმის მერია კი მათთვის შეთავაზებულ თანხის ოდენობას სარფიანს უწოდებს.

უკმაყოფილო ადლიის მოსახლეობა

ადლიის მოსახლეობასა და ბათუმის მერიას შორის ურთიერთობა 4 თებერვალს არ დაწყებულა. თუმცა, ამ დღეს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, გელა მახარაძემ მოსახლეობა მერიაში დაიბარა, რათა მათი ქონებრივი აუდიტის დასკვნა გადაეცა. დასკვნის გასაცნობად და თანხმობის გასაცხადებლად, მოქალაქეებს მხოლოდ 3 დღეს მისცა და მორიგი შეხვედრისთვის, 7 თებერვალს - არასამუშაო დღეს დაიბარა.

თუმცა, მანამდე ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, ქალაქ ბათუმის მერიას მინიჭებოდა მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობებზე ექსპროპრიაციის უფლება.

2010 წლის 2 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის მერიის სასარგელო გადაწყვეტლება გამოიტანა. ადლიის მცხოვრებლები აღნიშნული სასამართლო პროცესის გამართვის თაობაზე ინფორმირებულნი არ იყვნენ. ამიტომ არც ერთი მათგანი არ დასწრებია მათი ქონების ბათუმის მერიაზე ექპროპრიაციის უფლების მინიჭების გადაწყვეტილების გამოტანას. მათ არც გადაწყვეტილების გასაჩივრებით მიღებული ცვლილების სჯერათ.

„რა აზრი გასაჩივრებას?! ვისთან გავასაჩივროთ, სამართალს სააპელაციო სასამართლოში ვიპოვით კი?! როგორ შეძლებს დღეს სასამართლო ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას“, - აცხადებს ადლიაში მცხოვრები იაშა ვარდმანიძე.

აუდიტის დასკვნით მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან 1 კვ/მეტრი მიწის ფართში, ბათუმის მერია მათ მხოლოდ 67 ლარს სთავაზობს. ბათუმის მერია საკუთარი ბიუჯეტიდან 38 ოჯახის საკუთრებაში არსებული 39 საკადასტრო მიწის ერთეულზე, მთლიანობაში 5 996 751 ლარს იხდის.

მერი ბერიძე, ადლიის მკვიდრი: „შვიდსულიანი ოჯახი მყავს, როგორ დავტოვო ყველაფერი და კაპიკებით როგორ წავიდე? ამ ყველაფრისთვის ხომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ვაგროვებდი. ახლა კი არსებულზე შედარებით ძალიან მცირედს გვიხდიან. აქედან ვერ გამაგდებენ, ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“.

ავთანდილ ფაღავა, ადლიის მკვიდრი: „არარეალური შემოთავაზება აქვთ. ხალხს აბუჩად გვიგდებენ. ეს მოსახლეობის დაჩაგვრა და შეურაცხყოფაა. 50 მეტრია ჩემს სახლსა და ზღვის სანაპიროს შორის. თქვენ რამდენად რეალურ ფასად თვლით 67 ლარს, ასეთ ტერიტორიისთვის?

მე თავს მიწით ვირჩენ: თხილსა და ნიგოზს არ ვყიდულობ, ვენახი მაქვს, ძროხა მყავს და ვთევზაობ. დამეხმარე-მეთქი, არასოდეს მივსულვარ ქალაქის მერიაში. კი ბატონო, თუ სჭირდება მთავრობას, დავტოვებთ ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიას, მაგრამ რეალური ფასი მაინც გადაგვიხადონ, აბუჩად ნუ აგვიგდებენ.

როგორ არ რცხვენია მთავრობას?! ლტოლვილს ლტოლვილი უნდა დაემატოს? არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, რაც აქ ხდება - სახელმწიფო კერძო პირის ოჯახში შედის და ეუბნება, დატოვე შენი ნაკვდავ-ნაშრომი, აქ ყინულის მოედანი მინდა ავაშენოო. პატივცემულმა პრეზიდენტმა 6-7 თვის წინ თქვა, რომ ჩოლოქიდან სარფამდე მიწის ფასი 450-500 დოლარი ღირსო, მაგრამ მაგდენის მომცემი არავინაა...“

ნათელა ქამადაძე, ადლიის მკვიდრი: „ვერ ვხვდები, როგორ უნდა დავთანხმდე კვადრატულ მეტრზე 67 ლარს, როცა ჩემს საკუთრებაში არსებული მიწა 300 კვადრატული მეტრია, სახლი - 65 კვ/მ. სულ 27 000 ლარი მეკუთვნის. წინააღმდეგობა რომ გამოვთქვი, გელა მახარაძემ მითხრა, ქალბატონო, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, სახლი თავზე გენგრევათ, პირიქით, მადლობელი უნდა იყოთო. გაჭირვებული თუ ვიყავი და სახლი თავზე მექცეოდა, რატომ არა ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში?! ჩემს უკან ჩემი შვილები დგანან, 27 000 ლარით რა უნდა გავაკეთო? მე ამ მიწით ვირჩენ თავს, მყავს ძროხა, მომყავს ბოსტნეული, აქ მშიერი მაინც არ ვკვდები“.

წლების განმავლობაში, ადლიის სანაპიროს ზღვა იტაცებს. ამის გამო, საცხოვრებლის დატოვება რამდენიმე ოჯახს მოუხდა. ერთ-ერთი მათგანია როსტომ დოლიძის ოჯახი. ოჯახის წევრები ამჟამად ნათესავებთან არიან შეფარებული. მათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საცხოვრებლით დაპირებული უზრუნველყოფა არ შეუსრულა. ამჟამად, კი ექპროპრიაციის ფარგლებში, დღეს არსებული ქონების მიხედვით აძლევენ კომპენსაციას. დოლიძის სახლი, ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების გამო, მხოლოდ კედელიღაა დარჩენილი, ხოლო მიწის ფართობი - მთლიანად მიტაცებულია.

ადლიას, რომელიც 2009 წლამდე ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელს წარმოადგენდა, კახაბერთან, ანგისასთან და მენჯისწყალთან ერთად ბათუმს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, 30 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე, ტერიტორიის ღირებულებად ბათუმის საკრებულომ ერთი კვადრატული მიწის ფასი 64 ლარი დაადგინა. საკრებულოს ლეობორისტი დავით რობაქიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს: „ადლიის დასახლება, ანუ ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქ ბათუმის მერიამ პერიფერიულ ზონაში მიზანმიმართულად შეიყვანა. პლუს ამას, ადლიის დასახლება უკვე 1 წელია ბათუმის შემადგენლობაშია შემოსული, ამ მიწის სტატუსი დღესაც განუსაზღვრელია და რჩება სასოფლო-სამეურნეო მიწად. თვითმართველ ერთეულში, როგორიცაა ქალაქი ბათუმი, სასოფლო-სამეურნეო მიწა ფაქტობრივად არ უნდა იყოს და ამათ, ეს სასოფლო-სამეურნეო მიწად დატოვეს და ფასად 64 ლარი განსაზღვრეს“.

საინტერესო დეტალები ექსპერტიზის დასკვნიდან

ადლიის დასახლების 38 ოჯახის უძრავი ქონების და მრავალწლიანი ხეხილის ნარგავების საკომპესაციო ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნა შპს ”ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგმა” ჩაატარა. ჩვენ ვცდილობდით ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, გელა მახარაძისგან დაგვედგინა, თუ რა დაუჯდა მერიას აღნიშნული აუდიტის დასკვნა. თუმცა მახარაძე ოდენობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა და ვერც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მოგვაწოდო ეს ინფორმაცია სამდღიან ვადაში.

თევრათ ვარდმანიძე ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანია, ვისი ქონებაც უკვე ექპროპრიაციულია. მას საკუთრებაში ჰქონდა 1 009 კვ. მიწის ნაკვეთი და 74,99 კვ. საცხოვრებელი სახლი, ასევე ხეხილი. ვადმანიძის ოჯახისთვის ბათუმის მერია მხოლოდ 76 797 ლარის გადახდას აპირებს.

შეფასების დასკვნა კომპანიის ოთხმა წევრმა მოამზადა: ზვიად ახვლედიანი, პროექტის ხელმძღვანელი; იოსებ მეგრელიშვილი - ტქენიკური ექსპერტი; არჩილ ჩოხელი - ტექნიკური ექსპერტი; დავით ჯელია - მოწვეული ექსპერტი, მიწის ბაზრის ანალიზი.

საინტერესოა, დასკვნის ძირითადი მონაცემების 1.0-ში მითითებულია განცხადება: „მოცემული დასკვნა მოიცავს კონსულტატის პროფესიონალურ აზრს მის მიერ შეფასებულ ღირებულებების მაჩვენებელთან მიმართებაში და არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიად იმისა, რომ შეფასებული ქონება ხელიდან ხელში გასხვისებული იქნება ზუსტად შეფასებული ღირებულების ოდენობით“. ბათუმის მერიამ კი, ექსპერტთა დასკვნის შეფასებული ღირებულების ოდენობა რატომღაც ზუსტად გამოიყენა. 

აუდიტის შეფასების ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ კონსულტანტს არ ევალებოდა და შესაბამისად, არ ჩაუტარებია შესაფასებელი შენობა-ნაგებობის ზუსტი აზომვითი სამუშაოები. მის მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოები მიახლოებითი ხასიათისაა და შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ ცდომილებას, რაზეც კონსულტანტი არ იღებს პასუხისმგებლობას. თუმცა, ბათუმის მერია, ცდომილებისდა მიუხედავად, აუდიტის შეფასების დასკვნაში მითითებულ ღირებულებას იხდის.

ზონირების 3.4.3 პუნქტის ნაწილში წერია: „შესაფასებელ მიწაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს იმ ფაქტსაც, რომ შესაფასებელი მიწის უდიდესი ნაწილი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში. რეკრეაციული ზონა თავისთავად გულისხმობს მიწის გამოყენების სპეციალურ შეზღუდვებს. აქედან გამომდინარე, შესაფასებელი მიწა კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველია ნებისმიერი სახის ინვესტიციებისათვის“.

აქედან გამომდინარე, და კიდევ, ბაზრის ანალიზის შედეგად, აუდიტმა კვ/მეტრი მიწის ფასად, მხოლოდ 67 ლარი დაადგინა. ამ დროს იხელმძღვანელა ვებ-საიტებზე და ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული განცხადებების ოდენობით. „ადლიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში დაფიქსირდა მხოლოდ 5 ტრანზაქცია. ამათგან მხოლოდ ერთი ტრანსაქციის საგანს წარმოადგენდა ვაკანტური მიწის ნაკვეთი. კონსულტანტის მიერ მიმოხილულ იქნა აგრეთვე საგაზეთო და ინტერნეტ გამოცემები: გაზეთი „სიტყვა და საქმე“, „სიტყვა და საქმე ზღვისპირეთში“. ინტერნეტ გვერდები: www.sakme.ge; www.sapovnela.gewww.makler.ge  და სხვა. რის შედეგადაც, სოფელ ადლიაში მიწის გაყიდვის შესახებ არის მხოლოდ ორი განცხადება“.

ბათუმის მერიის პოზიცია

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბათუმის მერიის პოზიციის გასარკვევად, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა. მან კი, ადლიის მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერვიუსთვის ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, გელა მახარაძესთან გადაგვამისამართა.

გელა მახარაძე: თქვენ ალბათ ჩვენი შეთავაზება კარგად არ იცით. საცხოვრებელ ფართს ერთ კვადრატზე ვაძლევთ ერთ კვადრატ საცხოვრებელ ფართს პუშკინის ქუჩის #35-ში რომელიც შეგვიძლია ვთქვათ რომ დასრულებული მშენებლობაა. კომპენსაციას ღებულობენ დამხმარე შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ, ასევე მრავალწლიანი ნარგავებისთვის. რაც შეეხება  ჩვენ ისეთ პირობებს ვთავაზობთ, თითოულ მესაკუთრეს რომ უბრალოდ, მათ მიერ ამაზე დაუთანხმებლობა და წინააღმდეგი წასვლა ნებისმერ შემთხვევაში მათთვის წამგებიანია.

- ე.ი. 67 ლარი კვ.მეტრი მიწის ფართობზე, სარფიანი შეთავაზებაა თქვენი მხრიდან?

- პირადად მე და მერიას, კარგად გვაქვს გათვლილი ხელვაჩაურის ნებისმიერი ზოლის მიწაზე კვადრატული მიწის ფასი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც მდებარეობს ცენტრალურ სარფისკენ მიმავალ გზასთან.

- რა ოდენობის მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციას ახდენს მერია?

- რამდენი კვადრატული მიწაა, მე ნამდვილად არ დამითვლია.

- რა ოდენობის თანხაა კომპენსაციის სახით ოჯახებისთვის გამოყოფილი და აღნიშნული თანხა ბათუმის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, თუ პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გადმოირიცხოს?

- იმ ოდენობისა, რამდენიც დაანგარიშებით იქნება.

-  თქვენ მონაცემს არ ფლობთ?

- მე არ მაქვს ზეპირი მონაცემი. ინტერვიუმდე უნდა გეთქვათ ეს საკითხებიც თუ გაინტერესებდათ.  დაგიდგენ და რამდენიმე წუთში მე თვითონ დაგირეკევთ. ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტში საიდან მოხვდა, რომელი ფონდიდან, არ მაინტერესებს. თანხა გადის ბათუმის ბიუჯეტიდან.

- რატომ „ახვლედიანი აუდიტ კონსულტანგი“ შეარჩიეთ ქონების აუდიტის ჩასატარებლად?

- რატომ სხვა და არა ეს? იმიტომ რომ ესენი არიან სერტიფიცირებული დამოუკიდებელი ექსპერტები. სხვაზე არავისზე ნაკლები კომპეტენტურები არ არიან.

- მანამდე გქონდათ მათთან თანამშრომლობა. რა დაუჯდა მერიას მათი მომსახურეობა ამ საქმეში?

- ადრე მათთან თანამშრომლობა არ გვქონია. რა დაუჯდა _ ამასაც დაგიზუსტებთ.

-  დასკვნაში მითითებულია, რომ მერია არ არის ვალდებული ზუსტად იგივე თანხა გადაუხადოს, რასაც აუდიტები თვლიან საჭიროდ. თქვენ რატომ ზუსტად გაითვალისწინეთ მათი ღირებულების ოდენობა?

- რატომ უნდა შემეთავაზებინა მაგალითად 70 ლარი. ვერ შევთავაზებდით, რადგან დასაბუთება არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დასკვნა, შინაგანაც ვეთანხმები, რომ შეთავაზება არის, აბსოლუტურად ობიექტური. თქვენ ვერ მაჩვენებთ, ვერც ერთი მიწის გადაყიდვას ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, რომ მისი მსყიდვედუნარიანობა რომ უფრო მეტია.

-რა დანიშნულება მიეცემა მოსახლეობისთვის ჩამორთმეულ ტერიტორიას?

- ეს იქნება ქალაქის გზა, რომელიც ბათუმის აეროპორტს შეუერთდება.

- აეროპორტამდე გზა ხომ ისედაც არსებობს?

- ეს გზა საჭიროა. ბათუმის მერიაში ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს, ორგანულად გრძნობს, რომ რა და როგორ უნდა იყოს, რომ რაღაცა განვითარდეს. ამიტომ იხარჯება ეს თანხები რომ ადლიის დარჩენილი ტერიტორია გადაიქცეს ნორმალურ ქალაქის ტიპის დასახლებად.

- ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადლიის დანარჩენი მოსახლეობისთვის საკუთრების ჩამორთმევა უნდა გაგრძელდეს, როგორც ამ 38 ოჯახს, უარყოფთ?

- ჩვენ ექსპროპრიაციის უფლება მონიჭებული გვქონდა მთელ საკადასტრო ერთეულებზე პრეზიდენტის მიერ, მაგრამსასამართლოში მოვითხოვეთ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. 

-  რა ელოდებათ ესმა ბეჟანიძისა და როსტომ დოლიძეს?

- როსტომ დოლიძემ ბათუმის მერია ეტყვის უარს, რომ მას ტექ.ბიუროში რა ქონდა და რა არა, იურიდიული თვალსაზრისით უინტერესოა იმ გაგებით, რომ ის ზღავმ წაიღო თუ რამემ, ეს ექსპროპრიაციისთვის საერთოდ არ არის საინტერესო. ესპროპრიაცია ჰუმანიტარული მისია არ არის.

- ვისგან უნდა მიიღოს მაშინ ამ ოჯახმა კომპესაცია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან? რატომ არ ჩაატარა ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ხელისუფლებამ წარმატებულად?
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს რატომ თვლით რომ ვალდებულია? როგორ არ ჩაატარა სამუშაოები. არ გამოდიან ეს ხალხი და როგორ ჩატაარონ, ნაპირი სახლის კედელთანაა.

- გზის პროექტი ვინ შეიმუშავა?

- „ზიმომ“ შეიმუშავა. კონტური დაზუსტებულია, დეტალები არ ვიცი. არც პროექტის ღირებულება არ ვიცი?

_ თუკი ეს ხალხი ექსპროპრიაციის მიუხედავად არ დატოვებენ ტერიტორიას, თქვენის მხრიდან, ძალა გამოყენებული იქნება?

- ექსპროპრიაციის კანონის თანახმად, მესაკუთრე ვალდებულია ჩამორთმეული ქონება გამოათავისუფლოს და იდავოს კომპესაციაზე. სახელმწიფო კონსტიტუციით მიდის საკუთრების ჩამორთმევაზე. მათ შეუძლიათ დავა ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპესაციაზე. მე არ უნდა დამჭირდეს ძალის გამოყენება. მათ ტყუილად აქვთ მოლოდინი, რომ მათი ქონება მეტი ღირს.

ახალი ამბები