კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგში საკუთრების ხელყოფის საქმის განხილვა საქართველოს იმიჯს დააზარალებს

15 მარტი, 2010

ანა შეშაბერიძე

11 მარტს „შერატონ მეტეხი პალასში“ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ორგანიზებით გამართული შეხვედრა ადამიანის უფლებებს მიეძღვნა. შეხვედრას როგორც ქართველი უფლებადამცველები, ასევე ევროკავშირისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებზე გამახვილდა. განიხილეს საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტული ფაქტი. კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებოდა ომარ მახარაძე, რომელსაც გონიოში კანონიერი საკუთრება ჩამოერთვა, ასევე მისი ადვოკატი - ემზარ პაქსაძე, რომელმაც იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც ომარ მახარაძისთვის ქონების ჩამორთმევის დროს დაფიქსირდა.

,,ქართული დასის“ ხელმძღვანელმა ჯონდი ბაღათურიამ ქართველი უფლებადამცველების ნაყოფიერ მუშაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ მათი მეშვეობითაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დღეს უფრო მძიმე ვითარებაში არაა: „მინდა ვთქვა - რომ არ ყოფილიყო თქვენი ბრძოლა, ადამიანის უფლებები დღეს უფრო რთულ და მძიმე ვითარებაში იქნებოდა“.

დეპუტატის თქმით, საქართველოში დაცული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება - საკუთრების უფლება, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას - „სახელმწიფოში სადაც დაცული არ არის საკუთრების უფლება, არ შემოვა თეთრი კაპიტალი და არასოდეს ჩაიდება ინვესტიციები, არ განვითარდება თავისუფალი ბიზნესი, ეკონომიკა და შესაბამისად არ იქნება სწორი და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა“.

ბათუმში მცხოვრებ ომარ მახარაძეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოართვეს კერძო საკუთრება. მახარაძემ 1999 წელს სოფელ გონიოში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც 2005 – 2007 წლებში სახლი - სასტუმრო ააშენა. ამ საქმის დეტალები www.humanrights.ge-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა (იხ. http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4737&lang=ge ).

დაზარალებულის ადვოკატმა შეხვედრაზე იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ამ საქმეში იკვეთება, კერძოდ - საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე. მისი თქმით, დაზარალებულ მხარეს არ ეძლევა საშუალება, სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ემზარ კვიციანთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მით უმეტეს, საქმეში მათი ნაცნობობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ დევს.

ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე მას საუბარი ექნება პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, რომელსაც წერილით მახარაძემაც მიმართა. ასევე მან შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, გამოიყენონ მისი მანდატი პარლამენტში ნებისმიერი ინიციატივისთვის - იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივა თუ სხვა.

შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მნიშვნელოვანია, ასეთი პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებენ. „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი ორგანიზაციის - „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა საქმის მასალების საფუძვლიანად გაცნობის სურვილი გამოთქვა შემდეგი რეაგირებისათვის.

დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ თუკი ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა, ეს შემთხვევა საქართველოს იმიჯზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

შეხვედრის შემდგომ ჯონდი ბაღათურიამ საკუთრების უფლების შელახვის ეს კონკრეტული საქმე ამერიკის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს გააცნო. ელჩმა ყველა პარტიის ხელმძღვანელს გააცნო ყოველწლიური ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.

ახალი ამბები