კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არველაძისა და წამალაშვილის ფარული ჩანაწერის გავრცელება, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილმა მოისურვა

17 მარტი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-საიტზე, „ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის სკანდალური ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის, გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის საუბარია. თუმცა, თავდაპირველად ჩანაწერი რუსულ ინტერნეტსაიტზე - copoka.net-ზე დაიდო.

აუდიომასალის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი არა თუ საქმის კურსში იყო „მოდელირებული ქრონიკის“ მომზადებასთან დაკავშირებით, არამედ გიორგი არველაძეს სთხოვა, სიუჟეტზე არც გამაფრთხილებელი ტიტრი დაედოთ და არც გადაცემის დასაწყისში ყოფილიყო განმარტებული, რომ ეს იმიტაციაა.

„ახლა რატომ გირეკავ, მიხვდები შენ თვითონ და დასკვნებს შენ თვითონ გამოიტან. მიშა მელაპარაკებოდა გუშინ, რას შვრებითო. ვაკეთებთ-მეთქი. ხო ისე გავა, როგორც ჩვეულებრივი ქრონიკაო. ხოო-მეთქი, მაგრამ წინასწარ იტყვიან, რომ მოდელირებულია-თქო. არაო, ეგ არ თქვათ, მთელ მუღამს დაუკარგავსო“,-ამბობს, ჩანაწერის მიხედვით, არველაძის ხმა.

ჩანაწერის მიხედვით, ეკა წამალაშვილი მიუთითებს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 13-ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება მსგავსი მოქმედება.

„გუშინ ვკითხულობდი ქცევის კოდექსს, მეცამეტე მუხლია. საზოგადოებაში პანიკის შექმნა და ესეთი რაღაცეები ურტყამს ლიცენზიას. გაფრთხილებ, მაინც სჯობს მივაწეროთ, რომ არის მოდელირება. სადავო არ იქნება, თუ არადა, შეიძლება, გვიჩივლონ. კოდექსში არის მეცამეტე მუხლი-თქო. პროსტა გიჩივლებენ გიორგი, ექნებათ სალაპარაკო, „ენჯეოები“ და ესეთები რომ არიან ჩასაფრებული, ატეხავენ ერთ ამბავს. ისეთი პონტია, ხალხმა სირბილი არ დაიწყოს აქეთ-იქით. გაქცევა რომ დაიწყონ, ტრასებზე ალიაქოთი რომ ატყდეს. წინასწარაც რომ არ თქვა, მართლა რაღაცა მოხდება. მე დამიჭერენ, შემოვლენ და „ნარუშნიკებით“ გამათრევენ. შეიძლება, ვიღაცას გული გაუსკდეს კაცო! წარმოიდგინე რამდენი უსუსური უყურებს ტელევიზორს, რამდენი ავადმყოფი ან ვიღაცა შიზოიდი, ცუდი ნერვების პატრონი ან მარტოხელა, შეიძლება სტრესებისგან რაღაცეები მოხდეს და ამ შემთხვევაში, პასუხს ვინ აგებს?! მოგვთხოვენ შენ და მე“,- აცხადებს ეკა წამალაშვილი, რის შემდეგაც არველაძე მაინც ეუბნება, რომ სიუჟეტს არაფერი მიაწეროს.

არველაძის ხმა აქვე ამბობს, რომ გადაცემის სცენართან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ექსპერტები - ზურა დავითაშვილი და გია ნოდია. „ზურა დავითაშვილმა და გია ნოდიამ მომწერეს პასუხი, მითხრეს - მაგარიაო. გადაღებული არ უნახავთ, მე მივწერე ტექსტი და სცენარი. სცენარი „ნიუსის“ კი არა, რაც ხდება მოვლენები. მოკლედ, ყველას მოეწონა. თქვენ შეგიძლიათ, თქვათ, რომ ამის შექმნაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც და მარტო ჩვენი ის არ არის“, - ამბობს არველაძე.

„ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ფაბრიკაციას უწოდებს.

როგორც „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას არველაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, ტექსტები რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი სხვადასხვა საუბრების ჩანაწერებიდან ამოკრიფეს.

„ეს არის პროვოკაცია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულ საიტზე გამოქვეყნდა და ის რეზონანსი, რაც გადაცემას მოჰყვა, მომგებიანად შეაფასეს. დამატებითი პროვოკაციის შეგდება სურდათ. გასაგებია, რაც ხდება. ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა. ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზებია. ასე შეიძლება, დალაი ლამასთან ან რომის პაპთან ჩემი საუბარი გაკეთდეს“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ორი დღე დასჭირდათ რუსულ სპეცსამსახურებს ფაბრიკაციისთვის, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ასეთი საუბარი რეალურად არ შემდგარა. „საკუთარი ხმის ამოცნობა მიჭირს, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამონაკრები იყოს“, - დასძინა არველაძემ.

„ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის მოადგილე ეკა წამალაშვილიც გამოეხმაურა. იგი აუდიომასალაში გადმოცემული საუბრის შინაარს აბსურდულს და ტყუილს უწოდებს და განმარტავს, რომ „ტელეიმედში“ მუშაობის განმავლობაში,   გიორგი არველაძესთან სატელეფონო და პირადი საუბრების დროს, არასდროს ფიგურირებდა სხვა პირების, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა რეკომენდაციები. „მე აქ სამუშაოდ ამის მყარი გარანტიებით მოვედი“, - განაცხადა წამალაშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში.

ეკა წამალაშვილის თქმით, საუბარი მასსა და არველაძეს შორის ეხებოდა გადაცემის შინაარს, ფორმასა და ტექნიკურ მხარეებს. „ჩემი აზრით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი და მათ დასჭირდათ გარკვეული დრო, რათა მასალა ასეთი სახით მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მან.

წამალაშვილმა კომენტარი გააკეთა „მოდელირებული ქრონიკის“ თაობაზეც   და როგორც პასუხისმგებელმა პირმა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უფრო ნათლად განემარტათ საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო წარმოსახვითი, „მოდელირებული ქრონიკა“ და არა დღევანდელი რეალობა.

„ჩვენ შორის იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე კამათიც, თუ როგორ გასულიყო გადაცემა ეთერში. ამ გადაცემის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ და მოხდა ისე, როგორც მოხდა“, - აღნიშნა წამალაშვილმა და დასძინა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და უერთდება „ტელეიმედის“ ბოდიშს საზოგადოების წინაშე.

პოლიტოლოგი გია ნოდია ადასტურებს, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ სცენარს წინასწარ იცნობდა. როგორც „მაესტროს“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ნოდიამ განაცხადა, ამს დაუკავშირდნენ „იმედიდან“, უთხრეს, რომ გარკვეული გეგმა აქვთ გადაცემასთან დაკავშირებით, სთხოვეს, გადაეხედა სცენარისთვის და გადაცემაში მონაწილეობა მიეღო.

„მე მაგ დროს სტამბულში ვიმყოფებოდი. არ ვიცი „იმედიდან“ ვინ დამიკავშირდა. „იმედიდან“ ვართო, ზოგადად მითხრეს. შეიძლება, სახელიც მითხრეს, მაგრამ არ მახსოვს. ვნახე სცენარი, გავეცანი შინაარსს იმისას, რაც შემდეგ ვნახეთ. როგორ მოხდებოდა, მსახიობები იქნებოდნენ ან ტექნიკურად როგორ იქნებოდა აგებული, არ ვიცი. სცენარი დადებითად ან უარყოფითად არ შემიფასებია. დრო არ მქონდა ჩავღრმავებოდი, თუმცა ერთი ორი შენიშვნა წვრილმან საკითხებთან დაკავშირებით, მქონდა. ძირითადში დავეთანხმე“, - განაცხადა ნოდიამ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ბესო კურტანიძეს ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნებული სკანდალური ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება.

„საუბრიდან ჩანს, რომ გიორგი არველაძე ურეკავდა წამალაშვილს, ამბობს კიდეც - აი, ამის გამო დაგირეკეო, რაც ნიშნავს, რომ წამალაშვილი ამ შემთხვევაში ზარის ზუმერს ვერ გაიგებდა. როცა გირეკავენ, ზუმერი არ გესმის, ამის გამო გამორიცხულია, ჩანაწერი ეკა წამალაშვილს გაეკეთებინა, რადგან ჩანაწერში ზუმერის ხმა ისმის. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ სხვადასხვა დროს ჩაწერილ პირის საუბრებს ასე ვერავინ დაამონტაჟებს, ვერც კგბ და ვერც ტარანტინო, ეს გამორიცხულია. ჩანაწერის ტექნიკური გაკეთება შეეძლო ან „ჯეოსელს“, რომლის აბონენტიცაა არველაძე, რასაც ეს კომპანია არ გაახმაურებდა და ვერც გაბედავდა და რა თქმა უნდა, ეს შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განუცხადა ბესო კურტანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

არსებობს მოსაზრება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე კლანი ერთმანეთს ებრძვის. პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ გიორგი არველაძე ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან თავის დროზე შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს. მსგავსი ინფორმაციები, ძირითადად, დაუდასტურებელია, მაგრამ ეჭვებს ხშირად ამყარებს ისეთი შემთხვევები, როგორიცაა წამალაშვილისა და არველაძის სატელეფონო საუბრის საკმაოდ პროფესიონალურად განხორციელებული ფარული მოსმენა და შემდეგ მისი გამომზეურება. ექსპერტებში ღიმილს იწვევს ამ ჩანაწერთან რუსეთის სპეცსამსახურების დაკავშირება და მისი მონათვლა ფაბრიკაციად, რასაც არველაძე და წამალაშვილი ორ ხმაში ცდილობენ. დილეტანტისთვისაც კი ცხადია, რომ ჩანაწერი ნამდვილია და საქმე არც რაიმე მონტაჟთან, ან „მოდელირებასთან“ არა გვაქვს.

ახალი ამბები