18:20, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა ცემის ფაქტებმა იმატა

20.04.2010
 გელა მთივლიშვილი, კახეთი

ეჭვმიტანილთა დაკავების პროცესში და დაკავებულთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების საკითხი საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ 5-6 წლის წინ იდგა. 2004 წლიდან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავების პროცესში მოქალაქეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები შემცირდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ ისევ სისტემატური ხასიათი მიიღო. კახეთის რეგიონში პოლიციის მიერ ძალისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა.

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ანრი ჭიჭიკოშვილი და ალექსანდრე ნონიაშვილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 აპრილს დააკავეს.

„ჩემს ძმას გურჯაანის პოლიციის სამმართველოში აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, კერძოდ - ყაჩაღობა და სხვადასხვა გაუხსნელი საქმეები. მას შემდეგ, რაც არ აღიარა, ცემეს. შემდეგ პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბებიაჩემის სახლში, რომელიც ანრის სახლი ეგონათ. ბინაში იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩადეს და სანამ ჩხრეკას დაამთავრებდნენ, თავისივე ჩადებული იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს“, - ამბობს დაკავებული ანრი ჭიჭიკოშვილის და, მაია არუთინოვა.

არუთინოვას ინფორმაციით, დაკავებულმა ცემის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო პროცესზე განაცხადა, მაგრამ მოსამართლემ მის განცხადებას ყურადღება საერთოდ არ მიაქცია: „სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ტანის ნახვის შესაძლებლობა კი არ მომეცა. მითხრა, რომ სველი ტილოთი სცემეს, რაც დაზიანებების კვალს არ ტოვებს“.

დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამის გამო ჭიჭიკოშვილი იზოლატორიდან საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაკავებულს ბრონქების ანთების დიაგნოზი დაუსვეს, ანტიბიოტიკი მისცეს და საავადმყოფოდან ისევ იზოლატორში დააბრუნეს.

ჭიჭიკოშვილთან ერთად დაკავებულ ალექსანდრე ნონიაშვილთან სამართალდამცავები ორი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ მის ადვოკატს, ლია ხუროშვილს.

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის კიდევ ერთ ფაქტზე ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა: „სამართალდამცავებმა მამა - შვილი გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს პოლიციის მიერ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ რომ ეცნოთ, სამართალდამცავები დასაკითხ ოთახში ალექსანდრე პაპალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილ დაკავებულს ცხვირი გატეხილი ჰქონდა, სახის არეში კი დალურჯებები აღენიშნებოდა. გვინდოდა, სასამართლო პროცესზე ცემის შესახებ განეცხადებინა, მაგრამ თქვა, რომ წაიქცა და დაზიანებები ისე მიიღო“.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ადასტურებს, რომ პოლიციის მიერ მოქალაქეების მიმართ ძალისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებმა იმატა.

„სახალხო დამცველის აპარატში შემოსულ განცხადებებში განმცხადებლები არცთუ იშვიათად უკმაყოფილებას გამოთქვამენ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ცინიკური, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ქცევის გამო. ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ადამიანის პატივი და ღირსება დაცული უნდა იქნას ნებისმიერ გარემოებაში. დაკავებული პირის მიმართ ადამიანური მოპყრობა პირველ რიგში პოლიციის თანამშრომელს ევალება“, - აღნიშნავს ტუღუში.

მისივე თქმით, 2009 წლის მეორე ნახევარში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად არ დაფიქსირებულა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსების შემდეგ მიღებული დაზიანების არცერთი შემთხვევა.

„სამაგიეროდ, ძალიან ხშირია, როდესაც პირი დმი-ში ხვდება დაზიანებებით, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც, პირის განცხადებით, მან დაზიანება მიიღო დაკავების დროს, იგი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ პრეტენზიას არ გამოთქვამს. ფაქტია, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე, დაკავების დროს დაზიანებების მიყენების შემთხვევები გახშირდა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა აღირიცხება დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნებში. თუმცა, ომბუდსმენის თქმით, ზოგიერთი იზოლატორის ადმინისტრაცია პროკურატურას შეტყობინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უგზავნის, თუ დაკავებული თავად გამოთქვამს პრეტენზიას.

საქმეში „კოლიბაბა მოლდავეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როცა პიროვნება სხეულის დაზიანებას იღებს დაკავებისას ან პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, ყოველი ასეთი დაზიანება წარმოშობს ძლიერ პრეზუმფციას, რომ ადამიანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, წარადგინოს ჯეროვანი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები. სასამართლოს აზრით, სახელმწიფოს მიერ მსგავსი ახსნა-განმარტების წარუდგენლობა აშკარად წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის საკითხს.

პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა ცემის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებადამცველები ყოველთვის მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, ძირითადად კი - პროკურატურას კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დაწყების თხოვნით. არის შემთხვევები, როცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს. გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება იგივე მიზეზით ან წყდება, ან უსასრულოდ გრძელდება. ჩვენს მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, 2009-2010 წლებში, მოქალაქეთა ცემის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის კახეთის რეგიონში არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC