კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაისიდან ახალგორში ე.წ. ოსური პასპორტების გაცემა იწყება

28 აპრილი, 2010
 მარი ოთარაშვილი

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია ე. წ. ოსური პასპორტების გაცემას 10 მაისიდან დაიწყებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ პროცესი ძალდატანებითი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პასპორტს ის აიღებს, ვისაც მოესურვება.  

ქართული ტელევიზიებით უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგორელ დირექტორებსა და მასწავლებლებს ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაცია იბარებდა ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სანაცვლოდ ოსური პასპორტის აღების მოთხოვნით. ამ ინფორმაციას humanrights.ge-სთან საუბრისას თავად დირექტორები უარყოფენ.

სვეტა კობაძე, ახალგორის პირველი სკოლის დირექტორი: „საქართველოს მოქალაქეობის პირადობის დამასტურებელი მოწმობები დატოვეთ, თორემ სამსახურიდან გაგიშვებთო - ამ მოთხოვნით სკოლის დირექტორები ნამდვილად არავის დავუბარებივართ. არც რამე საუბარი მსმენია და არც გამიგია სადმე, ვინმეს რომ ეთქვას - დატოვეთ ქართული პასპორტებიო. არც არავინ გვავიწროებს იმის გამო, რომ ქართული პასპორტები გვაქვს. ჩემთვის არავის არაფერი აუკრძალია. არც სკოლაში არავინ არაფერს კრძალავს“.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოთხოვნით დე ფაქტო ადმინისტრაციაში არავინ დაუბარებიათ (როგორც თავად ახალგორელები ამბობენ და ამას დე ფაქტო ადმინისტრაციაც ირწმუნება), ერთი რამ მაინც ცხადია: ოსური პასპორტიზაცია (და თანაც უკვე ძალიან მალე) მოსალოდნელი იყო.

უნდა აიღოს თუ არა ახალგორის მოსახლეობამ ოსური პასპორტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ოსური პასორტი ყველა ახალგორელმა უნდა აიღოს და ამის შესახებ ორი აზრი არც უნდა არსებობდეს.

მამუკა არეშიძე: „იმ შემთხვევში, თუ პასპორტის აღება-არაღებაზე რაღაც პირობაა მიბმული, მაგალითად, ვინც არ აიღებს პასპორტს, იქიდან (ახალგორიდან) უნდა გამოვიდეს, მაშინ უნდა აიღოს. ჩვენ გვჭირდება ის, რომ ხალხი დამაგრებული იყოს ახალგორში. ქართული ეთნოსი იქ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტერიტორია საერთოდ დაიკარგება. თუკი ეს პირობა არა აქვს ოსურ ადმინისტრაციას, მაშინ ვისაც როგორც უნდა, ისე მოიქცეს. ყველა შემთხვევაში, ამ პასპორტის აღებით არავის არაფერი უშავდება. ახალგორელებმა უნდა აიღონ ოსური პასოპრტები, რათა მათი შევიწროება ან გამოძევება არ მოხდეს“.
 
რა პირობა ექნება ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციას პასპორტებთან დაკავშირებით?

ალექსანდრე ბარათაშვილი, ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი: „ოსური პასპორტების აღება, როგორც კატეგორიული მოთხოვნა – შესაძლებელია, იყოს მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ სკოლის დირექტორებისთვის, ან სხვებისთვის – არა. გარდა ამისა, თუკი მოხდა ოსური პასპორტიზაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული პასპორტები უნდა დატოვონ. ანუ ეს არ იქნება ძალდატენებითი. ვისაც მოუნდება ოსური პასორტის აღება, ის აიღებს“.

ცნობისათვის, ედუარდ კოკოითმა დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებული თათბირი ჩაატარა. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რიგ საკითხთა გარდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პასპორტიზაციის საკითხიც განიხილებოდა.

კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში ახალი პასპორტების გაცემის პროცესი 2011 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.

„სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის სტრუქტურებს დაავალა მკაცრი კონტროლი განეხორციელებინათ სამხრეთოსური პასპორტების გაცემაზე“, _ იუწყება ოსური მხარე. კოკოითის განკარგულებით, ძველი პასპორტების ახალი პასპორტებით შეცვლის პერიოდში უნდა შეწყდეს იმ პირებისათვის სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ.

„ძველი პასპორტების ახალი პასპორტებით შეცვლის პერიოდში უნდა შეწყდეს იმ პირებისთვის პასპორტების გაცემა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობენ. 2011 წლის მაისისთვის ძველი პასპორტების ახლით შეცვლის პროცესი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კოკოითმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი ამბობს, რომ ოსური პასორტების აღების შემთხვევაში მოსახლეობისაგან საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩაბარებას არ მოითოვენ.

ახალი ამბები