20:55, Tuesday, 30.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ასეთ საავადმყოფოში რომელი პაციენტი გაჩერდება, განყოფილება თავზე გვენგრევა!“

18.05.2010
თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

საქართველოს მთავრობა ხშირად იწონებს თავს ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე და რაიონებში ახალი საავადმყოფოების აშენებაზე. რეალურად კი რაიონებში არსებულ საავადმყოფოების ექიმებმა, არ იციან, რა ბედი ეწევა ჯერჯერობით მოქმედ საავადმყოფოებს, რომელთა უმეტესობას კაპიტალური შეკეთება სჭირდება.

ზესტაფონი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ინდუსტრიულ ქალაქად არის აღიარებული. ასეთი არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, ზესტაფონელებს ელემენტარული პირობები არა აქვთ სამედიცინო გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად. ზესტაფონის საავადმყოფოში არსებული ინფექციური განყოფილება ერთბაშად სამი რაიონის - ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის მოსახლეობას ემსახურება. საავადმყოფო სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს.

შპს „ზესტაფონის რაიონული საავადმყოფო“ (100% სახელმწიფო წილით) განთავსებულია სამ შენობაში: ოთხსართულიან ძირითად კორპუსში, ორსართულიან ინფექციური განყოფილებასა და სამსართულიან ქალაქის ყოფილ ბავშვთა განყოფილებაში. ძირითად კორპუსში ფუნქციონირებს მხოლოდ სამი სართული.  ბავშვთა ყოფილი განყოფილების კორპუსი დანგრეულია (ბავშვთა განყოფილება გადასულია ძირითად კორპუსში), ინფექციური განყოფილება კი განთავსებულია ორსართულიან ცალკე შენობაში, რომლის სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის. აღნიშნულის გამო შენობის მეორე სართული დაკეტილია, ფუნქციონირებს მხოლოდ პირველი სართული, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია.

„ასეთ საავადმყოფოში რომელი პაციენტი გაჩერდება, განყოფილება თავზე გვენგრევა! რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ გამგეობას და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართვებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. დაპირებებს კი გვაძლევენ, არჩევნების შემდეგ მოგიგვარებთ პრობლემებსო, მაგრამ ეს დაპირებაც დღეს არარეალურად გვეჩვენება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი საავადმყოფოს აშენებას აპირებს რაიონში და ჩვენს დანგრეულ საავადმყოფოს გარემონტებას რატომ დაუწყებს?! თან, როგორც ვიცი, იმ ახალ საავადმყოფოს პროექტში სახელმწიფომ საერთოდ არ ჩასვა ინფექციური განყოფილება. ინფექციური მხოლოდ თბილისში, ქუთაისში და ბათუმშია და მოსახლეობა იძულებული გახდება ამ საავადმყოფოებს მიმრთოს“, - ამბობს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი ანზორ კაპანაძე.

ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, სერგი მაღლაკელიძის განცხადებით, საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები 1988 წლიდან არ ჩატარებულა. 2005 წელს ძირითად კორპუსს მხოლოდ სახურავი შეუკეთდა. ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა გამგეობამ დაფარა. გამოყოფილი თანხა მხოლოდ ამ კორპუსის სახურავისთვის იყო საკმარისი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის,  გიორგობიანის დავალებით 2010 წლის თებერვალში კომისიური წესით შეისწავლა საავადმყოფოს მდგომარეობა და სპეციალური დასკვნაც დადო. ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ ინფექციურ განყოფილებაში სარემონტო სამუშაოები 2010 წლის მაისში უნდა დაიწყოს.

„ამ დასკვნის მიუხედავად, არანაირი სამუშაოების ჩატარებას არ აპირებენ. ეს წერილი მხოლოდ იმიტომ გამოგვიგზვნეს, რომ ჩვენი ბედით დაინტერსებული ორგანიზაციები გააჩუმონ“, - აღნიშნა humanrights.ge-სთან საბარისას სერგი მაღლაკელიძემ.  

საავადმყოფოს მდგომარეობით, როგორც გაირკვა, „უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ იმერეთის რეგიონის ოფისიც დაინტერესებულა. ორგანიზაციამ 2010 წლის 8 იანვარს ოფიციალური წერილით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს. წერილში მითითებულია, რომ გარდა პირობების უქონლობისა, განყოფილებაში არ არის საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები. ამ წერილის შემდეგ, რეგულირების სააგენტომ შეამოწმა ინფექციური განყოფილება, თუმცა მათ დასკვნაში ასეთ პრობლემებზე არაფერია მითითებული.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი, სერგი მაღლაკელიძე აცხადებს, მედიკამენტების მომარაგების მხრივ, მათ პრობლემა არ ჰქონიათ.

„2009 წელს ჰუმანიტარული დახმარებით საკმარისზე მეტი მედიკამენტები მივიღეთ. ე. წ. ღორის გრიპის ეპიდემიის პერიოდში (2009 წლის დეკემბერი – 2010 წლის იანვარი-მარტი) სახელმწიფომ მოგვამარაგა უფასო მედიკამენტებით („ტამიფლუ“ და მასთან გათანაბრებული პრეპარატები). ამ პერიოდში სახელმწიფომ სრულად აგვინაზღაურა საავადმყოფოს მიერ გაწეული ხარჯებიც, რომელიც 28 ათას ლარს შეადგენდა. ადგილობრივი გამგეობა აფინანსებს A და B ჰეპატიტების განსაზღვრულ რაოდენობას. ამ დაავადებისთვის ყოველწლიურად მათი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი ირიცხება. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, ინფექციურ ავადმყოფებს ისინი არ აფინანსებენ“, - ამბობს მაღლაკელიძე.

2009-2010 წლის ვირუსული ინფექციის პერიოდში ზესტაფონის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას 180-მდე პაციენტმა მიმართა, რომელთა უმეტესობამ მკურნალობა ამბულატორიული წესით გაიარა, ხოლო გართულებული ფორმების მქონე პაციენტებს თერაპიულ განყოფილებაში უმკურნალეს.

რა ბედი ელის ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოს, ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, როდის მოემსახურება რაიონს ევროპული სანდარტების მქონე ახალი საავადმყოფო.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC