კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალების“ კანდიდატს 7 ნოემბრის ცოდვების გახსენება არ სიამოვნებს

28 მაისი, 2010
 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

შვებულებაში გასული ქვემო ქართლელი საჯარო მოხელეები წინასაარჩევნოდ  აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. ისინი ხაზს უსვამენ მათი გუნდის წარმატებებს და ამომჩეველს არწმუნებენ, რომ ყოველთვის საზოგადოების გვერდით იდგნენ. humanrights.ge–მ „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავში, მამუკა აბულაძეს შეახსენა, როგორ ულოცავდა ნიღბიან სამართალდამცველებს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას.

„ჩვენმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ლამის შუბლზე დაიწეროს ხუთიანი. „ნაციონალების“ მაჟორიტარებს დაყვება სკოლებსა თუ პარკებში და ხალხს მათ არჩევას სთხოვს. 7 ნოემბერს, როცა თბილისში ხალხი დაგვარბიეს, მაშინ რატომ არ ფიქრობდა, რომ ჩვენც დავჭიდებოდით, როგორც ამომრჩევლები?! მაშინ ჩვენი ცემისა და მოწამვლისთვის სამხედროებს მადლობას უხდიდა“, – ამბობს რუსთაველი სტუდენტი ნათია გელაშვილი, რომელიც 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს  ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და ცრემლსადენი გაზით მოიწამლა.

2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან ერთად მოშიმშილეები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დაარბია. ქართულ ინტერნეტ–სივრცეში, კერძოდ – „მაესტროსა“ და tvali.ge–ზე, დღესაც, შეიძლება ამ კადრებისთვის თვალის გადავლება ( maestro.ge/?address=sakani5&id=1532 ). ამ კადრებში კარგად ჩანან სამხედროები, რომლებიც დამიზნებით ესვრიან აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს. ასევე  კარგად ჩანს ამჟამინდელი ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც, რომელიც აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველზე მდგარ სამხედროებს მადლობას უხდის „ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპერის შენობის წინ ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც „იმედის“ მიკროფონზე ხელის ჩარტყმით მთავრდება, კირკიტაძე ამბობს: „მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სამართალდამცავებს, რათა დროულად იქნა აღკვეთილი ეს ყველაფერი. ხოლო, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ვერასოდეს დააჩოქებენ! საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო. მე მინდა სამართალდამცავებს ვუთხრა დიდი მადლობა, რომ აი ეს მოსახლეობა, რომელიც მართლა აღშფოთებულია, კარგად დაიცვეს, რათა არ დაწყებულიყო საზოგადოებებს შორის დაპირისპირება. ყველამ კარგად ვიხილეთ და მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება, თუ საიდან იმართებოდა ეს პროცესები და რა როგორ იყო. ქართველი ხალხი თავის პოზიციას ყოველთვის გამოხატავდა და გამოხატავს კიდეც. მიზანი არ იყო ოთხი თვით არჩევნების გადმოტანა. მათ უნდოდათ ქართული სახელმწიფოს დაჩოქება. ვერ შეძლეს და ვერც ვერასოდეს შეძლებენ!“

ოფიციალური ინფორმაციით, აქციების დაშლის შედეგად 360 ადამიანი დაშავდა. აქედან 109 მოქალაქისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. მათ საავადმყოფოებში დარჩენა მოუწიათ.

მამუკა აბულაძე კიდევ შვებულებაში გასული ერთი საჯარო მოხელეა ქვემო ქართლიდან, რომელმაც 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დამშლელ სამხედოებს მადლობებით უხადა. იგი ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია რუსთავში.

მამუკა აბულაძეს 7 ნოემბრის თაობაზე როცა ვკითხეთ, ვრცლად გვიპასუხა: „არ მეგონა, თუ ამ კითხვას ოდესმე ვინმე დამისვამდა. მე ამ კითხვასთან დაკავშირებით ჩემს მშობლებსაც და ჩემს კოლეგებსაც გავეცი პასუხი და მგონი, დრომაც გასცა ამ კითხვას პასუხი. თქვენ თვითონ დააკვირდით – ის ხალხი, რომლებიც იდგნენ ამ აქციაზე, როგორც ორგანიზატორები, სად არიან დღეს და რა პოლიტიკურ ორბიტაზე არიან. ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ წინასაარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ, ეს კითხვა არავის დაუსვამს და ეს კითხვა მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას, რაშიც დარწმუნებული ვარ. რა შეიძლება მომხდარიყო 7 ნოემბრის აქციების შემდეგ – ეს არის ყველაზე მთავარი. ინფორმაცია, რომ მე სამხედროებს  რაღაც მივულოცე, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტური სიცრუეა. უბრალოდ, მნახეს იქ კადრებში... მე ჩემს კოლეგასთან, ზაზა ბეგაშვილთან ერთად ვიყავი. მასთან მქონდა საქმე და შემთხვევით მოვხდი იქ“.

საუბრის ბოლოს აბულაძემ ეს ვერსია მაინც შეცვალა და გვითხრა, რომ იმ დღეს რუსთაველზე მისვლით გარკვეულწილად თავის პოზიციას აფიქსირებდა: „1991 წელს ჩემი მეგობრები იყვნენ გამოსული ასეთ აქციებზე ზვიადის წინააღმდეგ. რა შედეგი მიიღეს, თვითონაც ნახეთ. მეტი დემოკრატიის მოთხოვნით მიიღეს საშინელი მდგომარეობა, რომელმაც ქვეყანა უკან დასწია“. ჩვენს კითხვაზე, სტატიაში მისი რომელი პასუხი დაგვეფიქსირებინა, გვიპასუხა: „საერთოდ რომ არ დაწეროთ ეს, არ შეიძლება? თქვენთვის ჯობია, ასეც მოხდეს!..“

მამუკა აბულაძე რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ჩვენ კი ამომრჩეველს შევახსენებთ, რომ არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოამზადა ანგარიში 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა პოლიციის მხრიდან არაგონივრული და გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კი მოითხოვა როგორც აქციის დაშლის ბრძანების გამცემი, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სამართალდამცავების დასჯა.

ახალი ამბები