კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელო-ზემო სვანეთში არჩევნები მშვიდად, მაგრამ დარღვევით ჩატარდა

11 ივნისი, 2010
ნინო გელაშვილი

რადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობები, არასა მარისი ფარული კენჭისყრის კაბინები, მარკირების აპარატების გაუმართავობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რაც სამგრელო-ზემო სვანეთში „ადამიანის უფლებათა“ ცენტრის დამკვირვებლებმა 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მრავლად დააფიქსირეს. 

სამგრელო-ზემო სვანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 55-მდე დამკვირვებელი აკვირდებოდა. ცენტრის პროექტის „სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთსა და კახეთის რეგიონში“ კოორდინატორის, ნინო აბაიშვილის თქმით, ამ რეგიონში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარია, მაგრამ არჩევნების მიმდინარეობისას კანონის არაერთი უხეში დარღვევა გამოვლინდა.

ბევრ უბანში ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები იყო, თუმცა ამით პრობლემები არ შექმნილა და ბიულეტენის დაკლების შემთხვევა არსად დაფიქსირებულა.  

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ხშირი იყო პირადობის მოწმობის ასლებით, სხვისი პირადობის მოწმობით, ასევე, დევნილის მოწმობის წარმოდგენის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა. მაგალითად, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის განმუხურის #38 საარჩევნო უბანზე დევნილ გიორგი ქავთარაძეს პირადობის მოწმობისა და დევნილის მოწმობის არქონის მიუხედავად, კომისიის წევრებმა გადასცეს ბეჭდიანი ბიულეტენები, რის შემდეგაც მან ხმა მისცა.

იმავე ოლქის რუხის #64 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო 17 წლის მოქალაქემ, რის შესახებაც კომისიის წევრებმა განმარტეს: „რა მოხდა, მეთვრამეტე წელში ხომ არის გადასული?!“ ამავე უბანზე, დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა საბოლოოდ განსხვავდებებოდა შემაჯამებელ ოქმში ჩაწერილი რაოდენობისაგან.

დამკვირვებლის, ანა მაზანაშვილის თქმით, მე-3 უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ქალბატონი, რომელსაც პირადობის მოწმობაში მისამართის ადგილი ფერადი კორექტორით იყო გადახაზული და ზედ ეწერა მისამართი. დამკვირვებლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალბატონს ხმის მიცემის უფლება მისცეს. „ამაზე საჩივარი დავწერე, მაგრამ მხოლოდ „ეროვნული საბჭოს“ დამკვირვებელი დამემოწმა. საჩივარი გაატარეს და ცნობაც მომცეს“, - ამბობს ანა მაზანაშვილი. 

მარკირების შესამოწმებელი აპარატები ხშირად გაუმართავი იყო. გარდა ამისა, მარკირების შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირები არ ჩერდებოდნენ მათ კუთვნილ ადგილას და გადაადგილდებოდნენ.

ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის განმუხურის #38 საარჩევნო უბანზე კაბინები არასაკმარისი რაოდენობით იყო - 1319 კაცზე ორი კაბინა, ნაცვლად სამისა. იგივე პრობლემა იყო #101 უბანზეც. დარეგისტრირებული იყო 889 ამომრჩეველი, თუმცა მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, დამონტაჟებული იყო მხოლოდ ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა. სიტყვიერი შენიშვნის რეაგირების გარეშე დატოვების გამო, დამკვირვებლმა მარიამ მაზანაშვილმა საჩივარი დაწერა, რომლის ჩაბარებაზეც კომისიის თავმჯდომარე გული ფიფია და მდივანი უარს აცხადებდნენ - წერე და იკითხე, მაინც არ ჩავიბარებთო. საბოლოოდ საჩივრი მაინც ჩაიბარეს და მხოლოდ 17:00 საათისთვის გამოაგზავნა ცესკომ დამატებითი კაბინა.

კახათის #50-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთიდან დაბრუნებულ სიის დანართს არ ჰქონდა ამომრჩევლების ხელმოწერები, ხოლო განმუხურში გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნებისას არ დალუქულა. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ კომისიის წევრმა ემზარ ახალაიამ (საინიციატივო ჯგუფი) მოშალა ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები, გადმოყარა ბიულეტენები მაგიდაზე, ერთმანეთში შეურია ორივე ყუთის ბიულეტენები, მიუხედავად კომისიის თავჯდომარის და დამკვირვებლების პროტესტისა. ყოველივე ამის მიუხედავად, დაიწყეს ბიულეტენების თვლა უმართავ სიტუაციაში, რამაც დარღვევებზე რეაგირების შესაძლებლობა ფაქტობრივად გამორიცხა.

დამკვირვებლების თქმით, თავმჯდომარეები ზოგჯერ სრულად ვერ აკონროლებდნენ სიტუაციას. უბანზე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები სამკერდე ნიშნის გარეშე.

დამკვირვებელი ანა მაზანაშვილი იხსენებს, რომ მე-3 უბანზე მისულები იყვნენ ქალები, რომლებიც საკუთარ თავს „მიკროკოორდინატორებს“ უწოდებდნენ: „მითხრეს, რომ მიკროკოორდინატორებს სამკერდე ნიშანი არ სჭირდებებოდათ, რაც სწორი არ არის. ჩემი განმარტების შემდეგ უბანი დატოვეს და აღარ შემოსულან. სხვათაშორის, იგივე ქალი მიკროავტობუსით მოყვანილ ხალხზე ამბობდა, რომ მეზობლებმა დაიქირავეს „მარშუტკა“ და ერთად იმიტომ მოდიოდნენ, კომისიის თავმჯდომარე და „ნაციონალების“ წარმომადგენელი კი ამბობდა, რომ ავადყოფების მოსაყვანად იყო ტრანსპორტი საჭირო. ამაზე ერთმანეთში მოუვიდათ კამათი, ჩავიდნენ ეზოში და რომ დაბრუნდნენ, ერთნაირ აზრზე აღმოჩნდნენ და უკვე ამბობდნენ - მეზობლები მოდიოდნენ „მარშუტკითო“.

ზოგი უბანი არასწორად იყო მოწყობილი, უბანს ჰქონდა 3-4 გასასვლელი, რაც ართულებდა დაკვირვების პროცესს. ხობის #3 უბანზე ხმის დათვლის პროცესში „ნაციონალების“ წარმომადგენელი აღებდა ფანჯარას და შედეგებს გარეთ მყოფებს უზიარებდა. დამკვირვებელი ანა მაზანაშვილი ამბობს, რომ ეს ხალხი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სამოქალაქო ფორმებით. მისი თქმით, როცა მან დარღვევაზე მიუთითა და საჩივრის დაწერით დაიმუქრა, მსგავსი აღარ მომხდარა.

ამის გარდა, დამკვირვებლებმა რამდენიმე უბანზე დაინახეს პოლიცია, ისე, რომ უბანზე ამის საჭიროება არ ყოფილა.

რამდენიმე უბანზე არც თვითონ საარჩევნო უბანსა და არც ფარული კენჭისყრის კაბინებში არ იყო გამოკრული საარჩევნო სუბიექტების სია, ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართის მითითებით, ასევე საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესი და ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი. მათ შორის იყო კახათის #50 საარჩევნო უბანი. უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული მასალები არ იყო მათ მიერ მიღებული საარჩევნო ოლქისგან. დამკვირვებლების არაერთჯერადი შენიშვნის შედეგად საარჩევნო სუბიექტების სია და შევსების ინსტრუქცია ხელით შეადგინეს და გამოაკრეს ფარული კენჭისყრის კაბინებში.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები უმეტესად არაკომპეტენტურები იყვნენ. მდივნები არასწორად ახდენდნენ საჩივრების რეგისტრაციასა და ცნობების გაცემას. უბნებზე ხშირად კომისიის წევრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ნინო აბაიშვილის თქმით, ამ რეგიონში დამკვირვებლებიდან რამდენიმეს შეექმნა პრობლემა, მათგან ერთს არ უშვებდნენ უბანზე იმის გამო, რომ დამკვირვებლის მოწმობაში არ იყო მითითებული თუ რომელ კონკრეტულ უბანს უნდა დაკვირვებოდა. „პრობლემა მოგვარდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირადად მივედი ზუგდიდის #67 საოლქო კომისიაში და მოვითხოვე დამკვირვებლის უბანზე დაშვება“, - ამბობს აბაიშვილი. ერთ შემთხვევაში დამკვირვებელს არ  აძლევდნენ უბანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.     

ძირითადად, დამკვირვებლების შენიშვნებს კომისიები ითვალისწინებდნენ. „სამეგრელო-ზემო სვანეთში მთლიანობაში დაწერილია 18 საჩივარი, რომელთაგან 5 საუბნო-საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული საჩივარი მოიცავდა რამდენიმე დარღვევის ფაქტს. ანუ, დარღვევათა ფაქტები საჩივრების რაოდენობის პროპორციული არ არის“, - ამბობს ნინო აბაიშვილი.

ამჟამად ორი საჩივარი, რომელიც საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ განიხილა, სასამართლოში განიხილება. საჩივრებში მოთხოვნილია უბნის შედეგების გაბათილება და დასმულია კომისიის წევრთა პასუხმისმგებლობის საკითხი.

ახალი ამბები