18:24, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი ბარათელზე ინფორმაციას presa.ge უკვე უზენაესი სასამართლოსგან ითხოვს

29.06.2010
ნინო მიქიაშვილი, presa.ge

საკასაციო საჩივარი პრესა.გე–მ 29 ივნისს ჩააბარა და ახლა დაელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო – ძალაში დატოვებს 11 მაისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მას გააუქმებს და თავად დაავალებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოგვცეს ინფორმაცია, სად, რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი, რომელსაც 27 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პრესა.გე–ს ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი, ანა შალამბერიძე. მისი განმარტებით, პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარში ერთადერთი მოთხოვნა აქვს ჩაწერილი – “უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გააუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქალაქო სასამართლოს ჰქონდა, გაიზიარა და დამატებითი სამართლებრივი საფუძვლებიც დადო. ამ შემთხვევაში, ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართეთ და ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც შინაარსობრივად, თავის თავში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებასაც გულისხმობს“.

ანა შალამბერიძის განმარტებით, უზენაეს სასამართლოს, საკასაციო საჩივრის ექვსთვიანი განხილვის ვადა აქვს. ანუ 2010 წლის 29 დეკემბრამდე გავიგებთ, მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელს უზენაესი სასამართლოც გასაიდუმლოებულად დატოვებს, თუ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ბოლოსდაბოლოს, მივიღებთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც ამავდროულად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს ფაქტი მელიქიშვილის გამზირზე იმჟამად არსებულმა სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ვიდეოთვალმა დააფიქსირა, რომელსაც მოგვიანებით გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, ადვოკატთან ერთად უყურა. მკვლელობის დღიდან მოყოლებული დღემდე, გურამ შარაძის ოჯახი, მკვლელობის თვითმხილველებსა და “ალდაგის“ ვიდეოფირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია და რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე, საბოლოო განაჩენი უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 14 ოქტომბერს გამოიტანა – შარაძეების ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწვეტილება, რომლითაც გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გასული წლის გაზაფხულზე, თბილისში ბარათელის შესახებ ორნაირი ინფორმაცია გავრცელდა. პირველის თანახმად, ბარათელი უცხოეთში გააპარეს, ხოლო მეორე ინფორმაციით, ბარათელი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს. 2009 წლის ზაფხულში, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალეს, პრესა.გე–მ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ორი განცხადებით მიმართა; ერთში ვითხოვდით მოეწოდებინათ ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია, პატრულის მიერ მოკლულების: ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ. მეორე განცხადებაში ბატონ შაშკინს ვთხოვდით ინფორმაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ასევე საჯაროა.

ჩვენს ორივე განცხადებაზე გვიპასუხეს, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას. ამის შემდეგ ჩვენ ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ, რაც განუხილველი დატოვეს - ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გიორგი ბარათელის, გრიგოლ ბაშალეიშვილის და ვახტანგ აბუაშვილის) ადგილსამყოფელის შესახებ საიდუმლოა და თქვენს საჩივარს არ განვიხილავთო. აი, ამის შემდეგ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენს უფლებებს იცავდნენ საია–სთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თამარ გურჩიანი და თათული თოდუა.

საქალაქო სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ბარათელის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოაო, თქვა, ხოლო გამცემლიძისა და რობაქიძის მკვლელობაში მსჯვარდებულების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა ინფორმაციის გაცემა, რომელიც სხვათა შორის, დღემდე არ მიგვიღია.

იმათ საყურადღებოდ, ვინც გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს – ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ამ ინფორმაციის დამალვით, თქვენ ხელს უწყობთ კითხვის ნიშნების დამატებას, გურამ შარაძის მკვლელობის ბურუსით მოცული საქმის გარშემო, რომელიც ისედაც მრავლადაა.

პრესა.გე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო მაინც აიძულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გასცეს საჯარო ინფორმაცია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC