კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე

2 ივლისი, 2010

ლელა ხეჩოშვილი

2010  წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. დირექტორს ბრალს სამი მასწავლებელი სდებდა. იმავე დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ კიდევ ერთი სიუჟეტი გავიდა. ბალღოჯიანის მკვიდრი ლევან კეკენაძე აცხადებდა, რომ დირექტორი გარყვნილ ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და მას ამის გამო მოსაკლავად დასდევდნენ.

განათლების სამინისტროს მითითებით, სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერა. პროკურატურამ კი გარყვნილი ქმედების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

ზურაბ თაბაგარი, ბალღოჯიანის სკოლის ყოფილი დირექტორი: „9 ივნისს ყვარლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ვიყავი. შუადღე იქნებოდა, როცა რაიონიდან სოფელში დავბრუნდი. სოფლის გამგეობის შენობაში პოლიციის თანამშრომლები და ის მასწავლებლები იყვნენ, რომლებიც მიჩივიან. ის გოგონაც იქ ჰყავდათ. ვიცოდი, რომ ეს მასწავლებლები, ნინო მოდებაძე, ლიანა კუპატაძე და ელდინო იობაშვილი, ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ რაღაცას დამაბრალებდნენ. ის ბავშვი ჩემი ქალიშვილის კლასელია. მისი მასწავლებელიც ვიყავი. გაკვეთილებს ვერ სწავლობდა, გონებასუსტია, მეტყველებაც უჭირს. სკოლას ხშირად აცდენდა და 9 კლასის ატესტატი რომ აეღო, 4 ივნისს, გაკვეთილის დროს ვუთხარი, ერთი საკითხი მაინც ესწავლა, რომ ნიშანი დამეწერა. გაკვეთილის შემდეგ ბავშვებისთვის უთქვამს, რომ ჩემი ეშინოდა. როცა ბავშვებს უკითხავთ, რატომ გეშინიაო, გოგონები ცალკე გაუყვანია და უთქვამს, რომ მასზე ვძალადობ“.

მარი გოგშელიძე, ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლე: „პარასკევს ზურა მასწავლებლის გაკვეთილი გვქონდა. ის გოგო კლასში ორჯერ არის დარჩენილი. დირექტორმა გაკვეთილი ჰკითხა, არ იცოდა. დირექტორმა უთხრა - ორი აბზაცი მაინც ისწავლე და გაკვეთილების შემდეგ ჩამაბარეო. ჩვენც გვთხოვა, დაეხმარეთო. გაკვეთილი რომ დამთავრდა, ტირილი დაიწყო. არ დავრჩები, რადგან გაკვეთილების შემდეგ მტოვებს და ძალადობს, მიშველეთო. ვურჩიეთ, მშობლისთვის მოეყოლა ყველაფერი. მე ვერ ვეტყვი, მასწავლებელმა უთხრას, ან თქვენ უთხარითო. შემდეგ ქართულის მასწავლებელი ნინო მოდებაძე შემოვიდა. იკითხა, რა ხდებაო. ადგა და მოუყვა ყველაფერი. მეორე დღეს, ნინო მოდებაძესთან წავედით, სადაც ნინო მოდებაძის მაზლი აკაკი კეკენაძეც დაგვხვდა. კეკენაძემაც გამოკითხა ჩვენი კლასელი. მერე ჩვენ გამოგვიშვეს, ის გოგო კი - დაიტოვეს“.

მაია ცერცვაძე, კლასის ხელმძღვანელი: „ყველაზე ბოლოს ეს ამბავი მე გავიგე. პარასკევს რა მოხდა სკოლაში, არ ვიცი. შაბათს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო მოდებაძემ დამიბარა. მითხრა, თურმე, თქვენს კლასში ასეთი საშინელი ამბავი ხდებაო. იმავე საღამოს მივედი გოგონას ოჯახში, მშობელს ავუხსენი მდგომარეობა, მოვაყვანინე ბავშვი და მან იგივე გაიმეორა. დედამისმა მითხრა, მეორე ბავშვი ავად მყავს, ხვალ თბილისში მივდივარ და რომ დავბრუნდები, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ეს ჩემი საქმეაო. ნინო მოდებაძემ პოლიციის სახელზე განცხადება შეადგინა, ბავშვმა რაც მოგვითხრო, აღწერა და ხელი მოგვაწერინა. საერთოდ ეს ბავშვი სკოლას ძალიან ხშირად აცდენდა. მეორე ტრიმესტრში 74 გაცდენა ჰქონდა. დედამისს ვუთხარი კიდეც, ძალიან ბევრი გაცდენა აქვს-მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია“.

ნინო მოდებაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „ეს ამბავი რომ მოვისმინე, ძალიან აღვშფოთდი. კლასის დამრიგებელს ვუთხარი. ის გოგონას დედას შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა. დედას უთქვამს, ამ ამბავის გახმაურება არ მინდა, თბილისში მივდივარ და როცა დავბრუნდები, მე თვითონ მივხედავო.

- მაგრამ დედის პოზიცია არ გაითვალისწინეთ და პოლიციას შეატყობინეთ.

- პოლიციისთვის მე არ დამირეკავს. ელდინო იობაშვილმა დაურეკა ორშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, რომ დედას ბავშვი არ წაეყვანა და დირექტორს ეს ფაქტი არ შერჩენოდა.

- დირექტორთან დაპირისპირებული იყავით?

- კი, რადგან ერთხელ სკოლაში არ ვიყავი და ერთ-ერთი მოსწავლე ჩემს ნაცვლად შეაფასა დაბალი ნიშნებით, რაზეც კამათი მოგვივიდა.

- მანამდე, შაბათს ის გოგონა, მისი კლასელი და კლასის დამრიგებელი მაია ცერცვაძე თქვენს სახლში რატომ დაიბარეთ?

- გოგონას კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ. დეტალები მოვისმინეთ. გოგონამ გაიმეორა, რომ დირექტორი მას მკერდში ხელს უდებდა, შარვალს ხდიდა და ეფერებოდა.

- ამ შეხვედრას თქვენი მაზლი აკაკი კეკენაძე რატომ ესწრებოდა?

- როგორ თუ რატომ ესწრებოდა?! აკაკი მაშინ ჯერ კიდევ სოფლის დეპუტატი იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პროფესიით იურისტია და კონსულტაციებს გვიწევდა.

- დირექტორის წინააღმდეგ პოლიციის სახელზე განცხადება თქვენ შეადგინეთ?

- ელდინომ დაწერა და მე გადავწერე.

- საჩივარზე ხელი იმ გოგონასაც მოაწერინეთ?

- კი, მოაწერა. მის გარდა, მასწავლებლებმაც მოვაწერეთ ხელი, მე, მაია ცერცვაძემ, ლიანა კუპატაძემ და ელდინო იობაშვილმა. ამით დავადასტურეთ, რომ ყველაფერი რაც განცხადებაში შევიტანეთ, ბავშვმა მოგვითხრო“.

აკაკი კეკენაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის 2006 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო სოფელ ბალღოჯიანიდან. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან კენჭი ისევ სოფელ ბალღოჯიანში იყარა. არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. მაია ცერცვაძე ბალღოჯიანის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით; ნინო მოდებაძე კეკენაძის რძალია და წინასაარჩევნოდ სოფელში აგიტაციას მის სასარგებლოდ ეწეოდა; ლიანა კუპატაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორი იყო ბალღოჯიანში, ხოლო ელდინო იობაშვილი - ამავე სოფელში სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორი. კეკენაძე არჩევნებში დამარცხდა. სოფელ ბალღოჯიანის მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელი კახი კაპანაძე გახდა, რომელიც არჩევნებში „ეროვნული საბჭოდან“ მონაწილეობდა.

ზურაბ თაბაგარი: „კეკენაძე რომ დამარცხდა, ეს ამბავი მე მბრალდება. სკოლის დირექტორი ვიყავი, ფიქრობდნენ და მთხოვდნენ, რომ სოფელში ავტორიტეტი გაქვს და კეკენაძეს დაეხმარეო. მე ხალხში ვერ ჩამოვივლიდი და ვერ ვეტყოდი, ხმა ვისთვის მიეცათ. მასწავლებლები, ვინც გარყვნილ ქმედებაში მადანაშაულებენ, არჩევნებამდეც არ მალავდნენ, რომ თუ დეპუტატი კეკენაძე გახდებოდა, მისი დახმარებით მომიშორებდნენ და სკოლაში თანამდებობებს თვითონ გაინაწილებდნენ. კეკენაძე დეპუტატი ვერ გახდა და ეს ბრალდებაც ამას მოჰყვა“.

ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში სულ 25 მასწავლებელი მუშაობს. ჩვენ 14 პედაგოგი გამოვკითხეთ. მათ აღნიშნეს, რომ სკოლის ყოფილი დირექტორი მსგავს ქმედებაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული. „ასეთი მასწავლებლები, რომლებიც თანამდებობების დასაკავებლად ყველა ხერხს იყენებენ, სკოლაში საერთოდ არ უნდა მუშაობდნენ“; „ამიტომაც, როცა სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მითითებით სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმსჯელა, უფლებამოსილება იმ მასწავლებლებსაც შევუჩერეთ“; „დირექტორის მიმართ ძალიან ანგაჟირებულები იყვნენ. ყოველთვის მიზეზს ეძებდნენ, რომ მისთვის ზიანი მიეყენებინათ“; „ზურაბ თაბაგარისგან წყენაც გვახსოვს და უხეშობაც, მაგრამ ეს ამბავი რომ დააბრალეს, მის მხარდასაჭერად აქ ის ხალხიც მოვიდა, ვინც მასზე ნაწყენი იყო“, - აღნიშნეს მასწავლებლებმა მაია ცერცვაძემ, ნაირა მარტიაშვილმა და სხვებმა.

თამაზ ჭიღლაძე, სოფელ ბალღოჯიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: „როგორ გეკადრებათ. არასოდეს დავიჯერებ, ვერც კი დავუშვებ, რომ ზურაბ თაბაგარს მაგ გოგონასთან რაიმე მსგავსი ურთიერთობა ჰქონდა. გამორიცხულია! ძალიან ცუდი ამბავი გახმაურდა, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა“.

სოფელ ბალღოჯიანის მაცხოვრებლების განცხადებით, გოგონა, რომლის გაუპატიურების მცდელობაშიც მასწავლებლები ზურაბ თაბაგარს ადანაშაულებენ, ცოტა ხნის წინ, გარყვნილ ქმედებაში სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდასაც ადანაშაულებდა.

გონერი გურული, ბალღოჯიანის მკვიდრი: „მაგ ბავშვმა, ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს და კიდევ 5 ბიჭს ზუსტად იგივე ბრალდება წაუყენა. ამბობდა, რომ თითქოს ჩემმა შვილმა სამი ლარი შესთავაზა და მასთან სექსულური ურთიერთობის დამყარება მოითხოვა. პოლიციაში რამდენჯერმე მიგვიყვანეს. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ გოგონა ტყუოდა და თავი დაგვანებეს. რაც შეეხება ელდინო იობაშვილს, ეგ ქალი არჩევნებამდე დადიოდა და გვეუბნებოდა, რომ ხმა აკაკი კეკენაძისთვის მიგვეცა და სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი აღარ იქნებოდა“.

გოგონას ადგილსამყოფელი უცნობია. მამის განმარტებით, დედამ ის სოფლიდან წაიყვანა. „მე მწყემსი ვარ. ვერაფერს გეტყვით. მაგ ამბავზე დედას უნდა ჰკითხოთ, დედა კიდევ სად არის, არ ვიცი“, - გვითხრა გოგონას მამამ.

შს ყვარლის რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, სოფელ ბალღოჯიანში მცხოვრები სკოლის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობის, ან მასთან გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც 2010 წლის 9 ივნისით თარიღდება. პოლიციის სამმართველოში დაადასტურეს, რომ გოგონა გაკვეული ხნის წინ თანასოფლელებს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდა, მაგრამ წინასწარი მოკვლევის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოვლინდა და საქმე არ აღიძრა.

ჩვენ დავინტერესდით და სოფელ ბალღოჯიანში ის მამაკაციც მოვძებნეთ, რომელმაც 2010 წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტს ინტერვიუ მისცა და ზურაბ თაბაგარი დაადანაშაულა, რომ თითქოს გარყვნილ ქმედებაში ის ადრეც იყო შემჩნეული და ამის გამო მას მოსაკლავად დასდევდნენ. ლევან კეკენაძე აკაკი კეკენაძის მამა აღმოჩნდა.

- ბატონო ლევან, ვინ ადანაშაულებდა კიდევ ზურაბ თაბაგარს გარყვნილ ქმედებაში და ვინ დასდევდა მას მოსაკლავად?

„მან და მისმა მეუღლემ ჩემს შვილს ხმა არ მისცეს და რაც დაემართათ, ღირსები არიან“, - გვიპასუხა ლევან კეკენაძემ.

შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ზურაბ თაბაგარის წინააღმდეგ ან ფაქტზე, რაზედაც ზურაბ თაბაგარს ეჭვმიტანილის სტატუსი ექნებოდა, გარყვნილი ქმედების მუხლით, 2000 – 2009 წლებში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. პროკურატურას ზურაბ თაბაგარის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე არ დაუწყია. 2010 წლის 16 ივნისს, ბალღოჯიანის სკოლასთან დაკავშირებით, გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამჯერად გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ელდინო იობაშვილმა, ნინო მოდებაძემ და ლიანა კუპატაძემ ზურაბ თაბაგარი ამჯერად სკოლის ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.

ჰქონდათ თუ არა მასწავლებლებს მშობლის ნებართვის გარეშე გოგონას გამოკითხვის უფლება და რამდენად სანდოა გოგონას ჩვენება გამოძიებისთვის, თუ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა? სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის იურისტის, ანა აბაშიძის განმარტებით, როცა საკითხი ეხება არასრულწლოვნის მიმართ უფლებების დარღვევას, კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, განახორციელოს კანონით გათალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდოს.

„იმ შემთხვევაში, როცა მშობელი არ იცავს არასრულწლოვნის უფლებებს, სახელმწიფო, ამ შემთხვევაში - სკოლა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები. ზოგადი პრინციპის თანახმად, პირის ბრალეულობის დადგენის სააფუძველი უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95 - ე მუხლის მეორე ნაწილის თნახმად, ის მოწმედ შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების მიუხედავად, შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება“, - აცხადებს იურისტი.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები