კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს გამგებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა

5 ივლისი, 2010
ნატალია სარქისაშვილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში.

„გადაღებისას ადგილობრივებმა მითხრეს, რომ სოფლის გზაზე მხოლოდ ერთი მანქანა ხრეში დაყარეს, რაზედაც 4 000 ლარი გაუხარჯავთ“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ტელეფონით შეუთანხმდა, რომ კომენტარს გამგეობაში ჩაწერდა.

„გამგებელს ვიდეოკამერით გადაღებული კადრები ვუჩვენე, რის შემდეგაც შანშიაშვილმა კომენტარის მოცემა გადაიფიქრა... რაში გაინტერესებს სად რამდენი დაიხარჯა?! შენ რა კონტროლის პალატა ხარ?! არ გაძლევ კომენტარს და მორჩა! რა გაგვიხურე საქმე - პირდაპირ ასე მეუბნებოდა დედოფლისწყაროს გამგებელი“, - იხსენებს გელა მთივლიშვილი. მისი თქმით, ბოლოს გამგებელმა ინფორმაციის  წერილობითი ფორმით გაცემა მოითხოვა, უცებ კამერას ხელი სტაცა და გაიქცა.

„კამერის დასაბრუნებლად გამგებელს გავეკიდე. იგი კამერის დაბრუნებას არც აპირებდა და ძლივს დავიბრუნე, რა დროსაც მონიტორი გატყდა“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შაბათს, 3 ივლისს მოხდა. ამ ფაქტის თვითმხილველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დავით ჯიბღაშვილი იყო, რომელიც ამჟამად მომხდარს უარყოფს. 

იმავე დღეს, კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის კახეთის გუბერნატორს დაუკავშირდა. „დაუჯერებელ ამბავს მეუბნებით. არ მჯერა, რომ გამგებელი ასე მოიქცა. გავერკვევი და კომენტარს მერე გავაკეთებ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. მას შემდეგ გუბერნატორი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„გუბერნატორს ვერ ვუკავშირდები. თვითმხილველებმა კი თქვეს, რომ გამგებელმა ჟურნალისტს მხოლოდ შტატივი წაართვა“, - აცხადებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესმდივანი ხათუნა გულიაშვილი.

გელა მთივლიშვილს პოლიციისთვის განცხადებით არ მიუმართავს, რადგან 2004 წლიდან დღემდე, კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის და მუქარის ათზე მეტი ფაქტია გამოუძიებელი.

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის ფაქტები მართლაც გამოუძიებელია. 

„სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ჟურნალისტების მუშაობის თავისუფლება, ამისათვის მან უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც აღნიშნული უფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მით უფრო, დაუშვებელია მსგავსი რამ საჯარო მოხელეების მიერ. ჟურნალისტთა, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ თითოეული ასეთი ფაქტის გამოვლენისას განხორციელდეს ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ახალი ამბები