კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლია რატიანი: „ის, რაც საქართველოში ხდება, მასწავლებელთა დისკრიმინაციაა“

6 ივლისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საჯარო სკოლებში მასობრივი შემცირებები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი, რომელსაც 18 სასწავლო საათზე ნაკლები ექნება, სამსახურიდან გათავისუფლდება. ფაქტს უარყოფენ განათლების სამინისტროში და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში მასწავლებელთა თავისუფალ პროფკავშირს ადანაშაულებენ. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის მიმართ, ბოლო დროს, სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. რა ხდება სინამდვილეში, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს და რა ღონისძიებების გატარებას აპირებს პროფკავშირი? - ამ კითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლია რატიანს მიმართა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრმა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები შეკრიბა და სკოლებში შტატების გადახედვა დაავალა. ითქვა ისიც, რომ პროცესი უკვე დაიწყო.

- განათლების მინისტრი შეხვდა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს და შესაბამისად, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებმა შეკრიბეს დირექტორები. სწორედ ამ თათბირზე გააჟღერეს რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა დირექტორებთან, რომ კვირაში 18 სასწავლო საათზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგები სკოლაში აღარ იქნებიან. საუბარი იყო, ასევე, პენსიონერ პედაგოგებზე და შტატებზე. რა თქმა უნდა, როცა რესურს-ცენტრებისგან დირექტორებმა მიიღეს ეს ინფორმაცია, ვალდებული იყვნენ, პედსაბჭოზე გაეჟღერებინათ იგი. ასეც მოხდა. ზოგიერთი სკოლის დირექტორმა ეს არ დამალა და პირდაპირ თქვა. ბევრმა კი დამალა ეს ინფორმაცია და დაელოდა პედაგოგების რეაქციას. ბუნებრივია, ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ყველა დირექტორი, თავისი საათებით და შტატებით, მინისტრთან უნდა ჩასულიყო. დირექტორები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. მათ რესურს-ცენტრები აიძულებენ მასწავლებლების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ.

- უშუალოდ ქუთაისში რა ვითარებაა? თქვენ განაცხადეთ, რომ ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს.

- ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თავად იბარებს დირექტორებს და თავის შეხედულებისამებრ გადახაზ-გადმოხაზავს ხოლმე შტატებს, ასევე, მცირესაათიანი დატვირთვის მასწავლებლებს და ეუბნება დირექტორებს, რომ ამას არ დაგიმტკიცებს მინისტრი, იმას ვერ გაიტან და ა. შ. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, ის არის, რომ მინისტრი ამბობს სიტყვიერად და არ გამოსცემს ბრძანებას. მან იცის, რომ ბრძანება იქნება კანონის დარღვევა. თვითონ არ არღვევს კანონს და აიძულებს დირექტორებს, რომ მათი ხელით გაკეთდეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, ეს ამბავი ასე არ ჩაივლის. ამას აუცილებლად მოყვება მასობრივი პროტესტი. ეს მარტო ქუთაისში არ ხდება. მთელ საქართველოში ერთნაირი ვითარებაა.

- მინისტრი ამბობს, რომ ყოველივე არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს სიცრუე პროფკავშირმა გაავრცელა.

- საიდან გაიგებდა ამას პროფკავშირი, თუ არა მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან? მასწავლებლებმა გვირეკავენ ჩვენ და აინტერესებთ, რა ხდება სინამდვილეში. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ დავუკავშირდით დირექტორებს.  დირექტორები საბოლოოდ როცა შეხვდნენ მინისტრს, იქ ჩვენი წარმომადგენლებიც იყვნენ. მინისტრმა თქვა, ჩემსკენ თითი არ გამოიშვიროთ, მე არავის ვამცირებ. თქვენ უნდა იყოთ ძლიერი მენეჯერები და ეს უნდა გააკეთოთ თქვენ - დამიმტკიცოთ, რომ გჭირდებათ ამდენი შტატი და მცირესაათიანი მასწავლებლები. ამ შეხვედრაზე დაისვა უამრავი შეკითხვა. ასეთი შეკითხვა იყო მთიანი აჭარიდან: მე მყავს სამი ეპილეფსიით დაავადებული მოსწავლე სკოლაში და მჭირდება ექთანი. როგორ მოვიქცე? მინისტრისგან იყო კატეგორიული უარი. თურმე, სკოლის ექთანი განათლების სამინისტროს არ ეკუთვნის. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს საქმე და განათლების სამინისტრო მას არ დააფინანსებს. გარდა ამისა, საუბარია სკოლის ბიბლიოთეკარზე, ფსიქოლოგზე, ლაბორანტზე და ა. შ. რომელ განათლების პრიორიტეტულობაზეა საუბარი, როცა ასეთი ვითარებაა სკოლებში? მე ვერ წარმომიდგენია სკოლა, რომელსაც არ ეყოლება ექთანი, ან ბიბლიოთეკარი.

- სამაგიეროდ, ეყოლება მანდატურები, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით.   

- იმ ქალაქში, სადაც მასობრივად ხდება მკვლელობები და უბედური შემთხვევები, შეიძლება, მოიყვანო მანდატური სკოლაში, მაგრამ რა საჭიროა მანდატური დანარჩენ საქართველოში, სადაც მსგავსი შემთხვევის მცდელობის ფაქტიც კი არ გვაქვს? მანდატური არის 25-26 წლის ბიჭი ან გოგო. რა უნდა გაუკეთოს, რით უნდა უშველოს ამ ასაკის გოგომ ან ბიჭმა მოსწავლეს? რა უნდა გააკეთოს მან სკოლაში? მინისტრმა ისიც თქვა, რომ მანდატურები ექთნის როლს შეითავსებენ. მათ სემინარები გაუვლიათ თურმე და სათანადო ცოდნა მიუღიათ. სირცხვილია, რომ მანდატურის ხელფასის (დაახლოებით 800 ლარი) ნახევარიც კი არა აქვს მასწავლებელს, რომელსაც მანდატურის ასაკის მარტო გამოცდილება აქვს სკოლაში. სხვათაშორის, ერთ-ერთმა პროფესიონალმა მასწავლებელმა განცხადება დაწერა მანდატურად მუშაობის თაობაზე და უარი მიიღო. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს არ ბადებს? ჩვენ გვაქვს ეს და სხვა ბევრი კითხვაც და პასუხს აუცილებლად მოვითხოვთ.

- მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ ბოლო დროს ზეწოლა ხორციელდება. ითქვა, რომ მასწავლებლებს აიძულებენ დატოვონ თქვენი ორგანიზაცია.

-  მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის დაიცავს მასწავლებლის ინტერესებს. სწორედ მასწავლებლების დამცველი ორგანიზაცია არ ჭირდებათ დღეს საქართველოში. ბოლო წლების მანძილზე ჩვენ ბევრ დათმობაზე წამოვიყვანეთ ხელისუფლება. თუნდაც 48 დღიანი შვებულებები, უვადო ხელშეკრულებები, პედაგოგთა გადასამზადებელი ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევის პაკეტები. ეს დიდი ბრძოლის შედეგია. დღეს კი, პირდაპირ მიდის ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე. მასწავლებლებს აიძულებენ, არ გადაიხადონ, არ გადარიცხონ საწევრო. ამას აკეთებს მინისტრი, თან აცხადებს, რომ იგი მართალია, არავის არაფერს აიძულებს და არც არავის ამცირებს. ეს არის ორმაგი თამაში და ამას ახორციელებს თანამდებობის პირი. მინისტრის პოზიცია ასეთია - არ უნდა იყოს თავისუფალი პროფკავშირი და უნდა იყოს „სინდიკატი“. მინისტრისა და დირექტორების ბოლო შეხვედრაზე „სინდიკატის“ ხელმძღვანელმა ტარას შავშიშვილმა პირდაპირ უთხრა დირექტორებს: ჩვენ მოგცემთ რეკომენდაციას, როგორ უნდა შეამციროთ მასწავლებლები. პროფკავშირი, რომელიც მოუწოდებს დირექტორებს შემცირებისკენ და მასწავლებელთა დაცვაზე არ ფიქრობს, წარმოიდგინეთ რისთვისაა მოწოდებული. ეს არის ყვითელი პროფკავშირი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები არასოდეს აღიარებენ.

- მართალია, რომ მასწავლებლებს „სინდიკატიში“ გაწევრიანებას აიძულებენ?

-  დირექტორებს აძალებენ, რომ მასწავლებლები გააწევრიანონ. ორი დღის წინ ქუთაისის რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა ზვიად გორგოძემ დარეკა ერთ-ერთ სკოლაში და კატეგორიულად იკითხა, რამდენი გადავიდა სინდიკატში. მან მოითხოვა სასწრაფოდ მიეწოდებინათ რაოდენობა. ბევრმა დირექტორმა ისიც კი თქვა, რომ ვერ უძლებს ამ ზეწოლას და მზადაა თანამდებობა დატოვოს. „სინდიკატი“ ეს არის „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ სპეციალურად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც მასწავლებელთა ინტერესებზე ნაკლებად ფიქრობს.

- ანუ, ორგანიზაცია, რომელიც წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს?

-  ხელისუფლებისა არ ვიცი და განათლების მინისტრის წისქვილზე ნამდვილად ასხამს წყალს. ეს არის პროფკავშირი, რომლის ხელმძღვანელი პირდაპირ ეუბნება მინისტრს, რომ კი, მასწავლებელი უნდა წავიდეს და ჩვენ ამაში დაგეხმარებით. ამბობს, რომ მცირესაათიანი მასწავლებელი საჭირო არაა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მასწავლებელთა დისკრიმინაციაა და საბოლოოდ იქეთკენაა მიმართული, რომ საჯარო სკოლები დაიხუროს.

ახალი ამბები