კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელგატეხილი საუნა რუსთავში - „ვისაც ხედავ, ეგაა, ამოირჩიე...“

8 ივლისი, 2010
 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქალაქ რუსთავში, სასტუმრო „რუსთავის“ პირველ სართულზე, საეჭვო რეპუტაციის საუნა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ეს სწორედ ის საუნაა, სადაც წლების წინ სპეცოპერაცია ვარდების ხელისუფლების მრისხანე მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჩაატარა. მაშინ საუნაში პროსტიტუციის ფაქტი დადასტურდა. დაწესებულებაში მოულოდნელად შევარდნილ სამართალდამცავებს შიშველი ქალები და მათი კლიენტები დახვდათ. სპეცოპერაცია ვიდეოკამერით  გადაიღეს და სკანდალური კადრებიც მთელმა ქვეყანამ ნახა საინფორმაციო საშუალებებით.

humanrights.ge-ს რუსთაველებმა არაერთხელ სთხოვეს, დაინტერესებულიყო ამ დაწესებულებით და გაგვერკვია, რა ხდება იქ. სასტუმრო „რუსთავს“ 10 ივნისს საღამოს 21:00 საათზე ვესტუმრეთ. საუნის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესასვლელში რამდენიმე გამომწვევად ჩაცმული ქალბატონი ვნახეთ.

ჩვენთან ერთად მუშაობდა ადგილობრივი გაზეთის  „რუსთავის ამბების“ ჟურნალისტი გიორგი მაზმიშვილი, რომელიც საუნას შიგნით არსებული ვითარების გასარკვევად ჩამწერით შევიდა შენობაში. გიორგის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში შემდეგ დიალოგი ისმის:

ჟურნალისტი: ვის შეიძლება დაველაპარაკო? პატარა გოგონები არ გყავთ?

ქალბატონის პასუხი: ვისაც ხედავ ეგაა. ამოირჩიე!

ჟურნალისტი: მე რომ ყველა მომწონს?

შემდეგ ჩანაწერში საუბარი ფასებზე გადადის.

„მითხრეს, რომ გოგონებიდან სასურველი მეძავის ამორჩევა ჩემი ნება-სურვილით უნდა მოიმხდარიყო. მე ამოვიჩიე ერთ-ერთი გოგო, რომელსაც ერქვა მაკა. მან მითხრა მომსახურების ფასი - 60 დან 70 ლარამდე.  ფასებს შორის განსხვავება რის მიხედვით იყო, ვერ მივხვდი. იმ დროს საუნაში იყო 6 ქალბატონი, ასე 30-40 წლამდე“, – იხსენებს მაზმიშვილი.

სასტუმრო „რუსთავში“ საუნის გარდა ოცამდე სხვადასხვა დაწესებულებაა. შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ. დევნილებმა  გვითხრეს, რომ საუნას საქმიანობა მათ არ აწუხებთ და ადმინისტრაციითაც კმაყოფილები არიან, რადგან მათი წყალობით, დევნილობის 17 წლის განმავლობაში თავშესაფრის გარეშე არ დარჩენილან.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა დევნილმა საუნასთან დაკავშირებით გვითხრა:  „ზღვისპირეთში გაზრდილ კაცს არაფერი მიკვირს, მაგრამ მაშინ ერთი რამ ვიცოდით - ქართველ ქალს თავისი კდემამოსილება ჰქონდა და რასაც სხვას, მაგალითად ზოგიერთ რუს ქალბატონს ვკადრებდით, მისთვის არ უნდა გვეკადრებინა. ამ საუნის შემხედვარემ კი ქართველ ქალებზე წარმოდგენა დავკარგე. მესმის, რომ ასეთი ადგილები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ქალაქის ცენტრში ეს არ უნდა ხდებოდეს. მსგავსი დაწესებულებები ცოტა მიფარებელში მაინც უნდა იყოს“.

ჩვენ ვესაუბრეთ შპს „ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო რუსთავის“ დირექტორს მალხაზ ალბორაშვილს. საუბრის დასაწყისში, როცა ინტერვიუს თემა ავუხსენით, ალბორაშვილმა გვკითხა: „ასეთი სახით რატომ შემოხვედით კაბინეტში?“ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახის გამომეტყველება არ მოეწონა კომენტარზე უარი არ უთქვამს: „შეგიძლიათ საჯარო რეესტრში მიბრძანდეთ და იქ გაარკვიოთ, ეს საუნა ვისია. ჩვენ საუნის ფართი გვაქვს იჯარით გაცემული. არანაირი უფლება არა გვაქვს ჩავერიოთ სამეწარმეო საქმიანობაში. მანდ პროსტიტუციის შესაძლო არსებობაზე მე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია, ის გითხრათ, რომ ჩვენ სასტუმროს ოცამდე ფართი გვაქვს იჯარით გაცემული. ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია“, – განაცხადა მალხაზ ალბორაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს დირექტორმა რატომღაც არ გაგვიმხილა საუნის ფართის დამქირავებლის ვინაობა, ჩვენ ეს ფაქტი ადვილად გავარკვიეთ. საუნაში გვითრეს, რომ იგი ელგუჯა გვაძაბიას ეკუთვნის. გვაძაბია კომენტარზეც უპრობლემოდ დაგვთანხმდა. სასტუმრო „რუსთავის“ დირექტორისგან განსხვავებით, ბევრი ხვეწნა არ დაგვჭირვებია, რომ ვინაობა გაემხილა: „მე გახლავარ ამ საუნის დამქირავებელი. აქ არანაირ პროსტიტუციას ადგილი არა აქვს. კლიენტი მამაკაცი ქალთან ერთად რომ მოვა, მე არა მაქვს უფლება, ჩავეძიო, ვინ მოყავს აქ, ცოლია თუ ვინაა. მე ვინ მეკითხება ამას?! საერთოდ, თავიდან გაუტყდა ამ საუნას სახელი. ეგ ამბები გეხსომებათ თქვენც. ამიტომ ახლაც გვიყურებენ ეჭვის თვალით. ზოგადად, საქართველოში საუნებს არა აქვს კარგი სახელი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, გარწმუნებთ, აქ უზნეობა არაფერი ხდება. მე არაფერს გაბრალებთ, მაგრამ თუ რაღაც ინტერესი არის ყველაფრის მიბმა შეიძლება ერთმანეთზე“.

საუნის თემასთან დაკავშირებით აღნიშნული სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ჩავწერეთ. ჩვენდა გასაკვირად, ამ საკითხით დაინტერესების გამო, მამაკაცი რესპოდენტებისგან საყვედურიც მივიღეთ: „ამ საუნაზე უნდა დაწეროთ და დაახურინოთ?! ასეთი დაწესებულებები ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. ეს საჭიროა, ჩემო კარგო. აბა, რა გინდათ, ნახევარი რუსთავი ვაჟიშვილი დადიოდეს?!“

რუსთაველებისთვის ზიანის მიყენება არც გვიფიქრია. დავინტერესდით, ზოგადად, ქალაქში ვენერიული დაავადებების კუთხით არსებულ ვითარებით. რუსთავის კანისა და ვენერიული დაავადებების დისპანსერის ხელმძღვანელმა გოჩა ტაბატაძემ გვითრა, რომ ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან  ცალეკეულმა კერძო სამედიცინო დაწესებულებებმა ასეთი ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის უფლება მიიღეს.  დაფიქსირებულ ფაქტებზე კი დისპანსერს შეტყობინებას არ უგზავნიან.

„წინათ მოქმედებდა 122-ე მუხლი, რომელიც ვენერიული დაავადების მქონე პაციენტებს იძულებით მკურნალობას აიძულებდა. ეს კანონი დღეს შეიზღუდა. პაციენტი რომ მოდის, არათუ მკურნალობის იძულება, არამედ პასპორტის გამორთმევის უფლებაც არა მაქვს. მესმის, რომ ეს დემოკრატიული რეფორმებია, მაგრამ ამით ბევრი ადამიანის უფლება ირღვევა. წინათ პოლიცია იძულების წესით რომ მოიყვანდა ერთ მეძავს, კარგად ვუმკურნალებდით და ქალაქიც დაისვენებდა“, - გვითხრა დისპანსერის ხელმძღვანელმა.

პროსტიტუციის ანუ სხეულით ვაჭრობის შესახებ საკანონმდებლო ნორმებს სისხლის სამართლის კოდექში ვკითხულობთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არსებულ კანონმდებლობაზე გვესაუბრება: „კანონმდებლობით დასჯადია პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებელი ბინის დათმობა. ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი. თუმცა, ამ მუხლით ვერ დაისჯება სექსუალური ურთიერთობისთვის ფართის ერთჯერადი დათმობა. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა ეს ხშირად ხდება და სისტემატიური ხასიათისაა.  პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც ასეთ საქმიანობას ხელს უწყობს - უთმობის მის საკუთრებაში არსებულ ფართს. აქ მნიშვნელოვანია დამტკიცდეს, ფართის დამქირავებელმა (ამ შემთხვევაში - საუნის ან სასტუმროს მეპატრონემ) იცის თუ არა სავარაუდო პროსტიტუციის არსებობაზე. დანაშაულის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანია ე.წ. განზრახვის არსებობა“.

პროსტიტუციის შესაძლო არსებობაზე როცა საუბრობენ, საზოგადოებას აინტერესებს, ვინ მფარველობს ასეთ დაწესებულებებს. ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობისას ცნობილი იყო, რომ ასეთ ობიექტებს სამრთალდამცავები „პატრონობდნენ“ და მეძავებს ინფორმატორებადაც იყენებდნენ. ძნელი სათქმელია, გადაიბარა თუ არა მემკვიდრეობად არაოფიციალური სამეძავო სახლების პატრონობა ნაქებმა საპატრულო პოლიციამ ან სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა. თუმცა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებების მუშაობის შესწავლა  სწორედ მათ ევალებათ. ინფორმაციისთვის ერთსაც დავძენთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევისას საუნასთან ახლოს 15-20 წუთის განმავლობაში პატრულის მანქანა იდგა.

ახალი ამბები