კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფლების ინსტიტუტის და ALPE-ს განცხადება პოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით

22 იანვარი, 2004

თავისუფლების ინსტიტუტის და სამართლებრივი განათლების ასოციაციის (ALPE) განცხადება პოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით  
 
   თავისუფლების ინსტიტუტი და სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლო დროს სახიფათო მასშტაბი შეიძინა პოლიციის თვითნებობამ და პოლიციელთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ ოდნავაც ვერ შეცვალა პოლიციისა და ზოგადად სამართალდამცავი უწყებების მუშაობის სტილი. მეტიც, პოლიციის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევის დროს გამოჩენილი სისასტიკე და ის რეპრესიები, რაც პოლიციამ ამ მშვიდობიანი აქციების დარბევის შემდეგ გაატარა აქციების მონაწილეთა მიმართ, გვაფიქრებინებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებმა ახალი მასშტაბები შეიძინა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ტენდენციები, რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი. კერძოდ, 11 იანვარს მოქალაქეების ჯგუფმა მცირე ხნით, 1 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გადაკეტა ცენტრალური ავტომაგისტრალი თერჯოლის რაიონში. პოლიციამ სასტიკად დაარბია აქცია და გახსნა გზა, რის შემდეგაც პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და შემთხვევით გამვლელებს დასდევდნენ ეზოებში და ბუჩქებში და სასტიკად სცემდნენ ხელკეტებით, მუშტებითა და ფეხით, ბევრი მათგანი კი დააკავეს და პოლიციის მანქანებში შეტენეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ უწევდა წინააღმდეგობას. თანაც, პოლიცია ამას აკეთებდა კამერების თვალწინ, ყოვლად ცინიკურად. კიდევ უარესად მოიქცა პოლიცია რუსთავში, სადაც ასევე 11 იანვარს ჩატარდა მცირე მოცულობის მშვიდობიანი აქცია. აქცია თავისით დაიშალა, მაგრამ პოლიციელებმა დაიწყეს აქციის მონაწილეთა ძებნა სახლებში და სასტიკად სცემეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

მეტიც, პოლიციის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევის შემდეგ საქმეში ჩაებნენ პროკურატურა და სასამართლო და მოხდა მანიფესტაციის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრება "ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისა და ტრანსპორტის შეფერხების" ბრალდებით. სწორედ ამ ბრალდებით სასამართლომ რამდენიმე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა სამი თვით პატიმრობა. თანაც, რიგ შემთხვევებში ბრალის წარდგენა მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვია შიდა ქართლშიც, სადაც პოლიციამ ე.წ. რეიდები ჩაატარა "ბორდელების გამოსავლენად".

მიგვაჩნია, რომ ყოველივე ზემოთქმულით სერიოზულად ირღვევა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული ნებისმიერ მოქალაქეს. სამართალდამცავთა თვითნებობამ და უკანონობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, რადგან მსგავსი სისასტიკე და ის დარღვევები, რაც ამ აქციების დარბევის შემდეგ განხორციელდა, თვით ყოფილი ხელისუფლების დროსაც არ მომხდარა.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შემდეგი გარემოება: რა თქმა უნდა, ჩვენ ოდნავადაც არ გვქონდა იმის ილუზია, რომ პოლიცია ერთი ხელის დაკვრით შეიცვლიდა მუშაობის ჩვეულ სტილსა და მეთოდებს, მაგრამ ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის უყურადღებობა, რასაც ამ ფაქტების მიმართ იჩენს ხელისუფლება და, პირველ რიგში, პირადად შს მინისტრი. არადა, დარბევის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თავად დარბევის ფაქტებზე ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ოფისებმა ამ დარღვევებთან დაკავშირებით ჩაატარეს პრესკონფერენციები და შს სამინისტროს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ყოველივე ამას რეაგირება არ მოჰყვა.

ვიტოვებთ იმედს, რომ შს სამინისტრო და გენერალური პროკურატურა მიიღებენ ყველა ზომას, რათა აღსდგეს სამართლიანობა და კანონის დამცველი პოლიციელები დაისაჯონ, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა.

თავისუფლების ინსტიტუტი
სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE
 

ახალი ამბები