ბათუმში მოვაჭრეთა აქცია დაშალეს
ბათუმი.26.08.04.მედია-ნიუსი. ბათუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების მიერ გამართული აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს.
მოვაჭრეები მათ ბონის სავაჭრო ცენტრში გადაყვანას აპროტესტებდნენ. აქციის 800-მდე მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და გასაუბრებას მოითხოვდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბონის სავაჭრო ცენტრში არსებული პირობები მათთვის მიუღებელია. ისინი წლის ბოლომდე ძველ ადგილებზე დარჩენას ითხოვდნენ.
მოვაჭრეების აქციის დარბევას უარყოფს ბათუმის მერი მურმან ბერიძე. როგორც მან „მედია-ნიუსს“ განუცხადა, ამ აქციის ორგანიზატორია რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც კერძო ინტერესები ამოძრავებს.
„მათ სურთ ბაზრის ხელმძღვანელობა, რათა ძველებურად გააკონტროლონ სავაჭრო პროცესი. ხელისუფლება კი მათ ამის უფლებას არ აძლევს. ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე „ბაბუ-ბაბუს“ იძახდა და ახლა ძველი ტრიუკები არ გაუვათ“, - განაცხადა ქალაქის მერმა.