ქართველი სამშვიდობოები ერაყში გაემგზავრნენ
თბილისი.08.11.04.მედია-ნიუსი. 8 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ალექსეევკის შვეულმფრენთა ბაზიდან კომანდოს ბატალიონის ორი ასეული სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში გაემგზავრა. ასეულს კომანდოს ბატალიონის შტაბის უფროსი სოსო ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს.
გაცილების ცერემონია დილის 8 საათზე დაიწყო და მას თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, სამშვიდობოების მშობლები და ახლობლები ესწრებოდნენ.
„მე ამაყი ვარ, როცა ვხედავ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც მზად არიან თვალებში ჩახედონ იმ საფრთხეს, რაც მათ შორეულ ერაყში ელოდებათ“,- განაცხადა გაცილების ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.
ასეულებს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ სამთვიანი მომზადება, შემდეგ მათ სამშვიდობო ოპერაციის განსახორციელებლად ერთთვიანი სპეციალური გადამზადება გაიარეს. უშუალოდ ერაყში ჩასვლამდე კი ისინი ორი კვირის მანძილზე კუვეითში მოემზადებიან.
ერაყში ქართველი სამშვიდობო მისიის ამოცანა იქნება აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთად დასახლებულ პუნქტებში პატრულირება, რეიდებში მონაწილეობა, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრება.
ცნობისთვის: ამჟამად ერაყში საჩხერის სამთო-მსროლელი ბატალიონის 159 ქართველი მშვიდობისმყოფელი იმყოფება. 2005 წლის იანვრისთვის კი მათი რიცხვი 850-მდე გაიზრდება. სამშვიდობომ კონტიგენტის გაზრდის სანაცვლოდ, აშშ-ს მთავრობა ვაზიანის მე-11 და ქუთაისის 21-ე სამხედრო ბრიგადებისათვის „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ახალ ეტაპს განახორციელებს.