ციხის საავადმყოფოდან 100-ზე მეტი მსჯავრდებული საპყრობილეში შეუთანხმებლად გადაიყვანეს
თბილისი.14.09.05.მედიანიუსი. დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რამაზ ღულაძემ 11 სექტემბერს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინიციატივით განხორციელდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 100-ზე მეტი მსჯავრდებული სასწრაფოდ გადაიყვანეს #1 საპყრობილის საერთო საკნებში. მათგან 55-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად მძიმე იყო. ოპერაცია არ იყო შეთანხმებული იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან. მსჯავრდებულების სამედიცინო შემოწმება წინასწარ არ ჩატარებულა.
მომხდარში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური ჩართვის შედეგად, აღნიშნული 55 პაციენტის უმრავლესობა სასწრაფოდ დააბრუნეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ დროისთვის საერთო საკნებში დარჩენილია 9 პაციენტი.