ზუგდიდში მოსამართლე სცემეს
11 იანვარს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მისულმა დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა მოსამართლე ნუგზარ სარიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. სასამართლო პროცესის გადადებით უკმაყოფილო დაზარალებულებმა მოსამართლე მიკერძოებასა და ტენდენციურობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც საკუთარ სამუშაო ოთახში ჩაკეტეს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. მოგვიანებით მათ სასამართლოს შენობიდან მოსამართლის გატაცებაც კი სცადეს. პოლიციელების ჩარევის შედეგად სარია სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა გათავისუფლებული, ხოლო გამტაცებლები მეორე დღესვე 12 იანვარს დააპატიმრეს. ადმინისტრაციული სასჯელის თანახმად, გარდაცვლილის დედა და მეუღლე (დაზარალებული მხარე) ათ, ხოლო ორი ბიძაშვილი თხუთმეტ დღეს დაყოფენ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გარდაცვლილის დედა სამოცდათორმეტი წლისაა.
გასული წლის 7 თებერვალს ზუგდიდში ურთიერთშელაპარაკებისას მანუჩარ ეთერიას მიერ მოკლული თენგიზ ფიფიას მეუღლე, დედა და გარდაცვლილის ბიძაშვილები მოსამართლე სარიას გატაცებას აღიარებენ. ისინი ეჭვმიტანილის მფარველობაში ადანაშაულებენ სასამართლო უწყების თანამშრომლებს და აცხადებენ, რომ მათი ქმედება გაჭიანურებული სასამართლო პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს მოსამართლე ნუგზარ სარია: „სასამართლო პროცესი პატიმრისა და პატიმრის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო იქნა გადადებული და ეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ხოლო ის რაც შემდეგ მოხდა, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ამგვარი ქმედება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი სასამართლო სისტემისათვისაა შეურაცმყოფელი“,- აცხადებს უკვე დაზარალებული მოსამართლე, ნუგზარ სარია და აღნიშნავს, რომ მოცემული ფაქტი სასამართლოზე ზეწოლის ნათელი მაგალითია.