კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვალვისგან შეწუხებული გლეხები დახმარებას ითხოვენ

1 ოქტომბერი, 2006

„ასე პატარა მტკვარი ჯერ არ მინახავს. ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ფეხით გადახვალ. თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუვალია. მტკვრიდან არხში წყალი ვეღარ მიდის”, – ჩივიან ქართლელი გლეხები.

მიმდინარე წელს შიდა ქართლის მოსახლეობა ბუნებისგან უკვე მერამდენედ დაისაჯა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ხანგრძლივმა ყინვებმა მთლიანად მოსპო ხეხილი, ყურძენი, კაკალი და ა.შ. ხალხი მოსავლის გარეშე დარჩა. გაზაფხულზე კვირტი რასაც ადრე ჰქონდა გამოტანილი, ყინვებმა მოსპო. სწორედ ამიტომ აგრარულ ბაზრებზე წელს ხილის ფასი კატასტროფულად გაიზარდა.

გაზაფხულის ყინვებს გადარჩენილი ხეხილი და მოსავალი დღეს გვალვისგან ისპობა. გვალვას მოსახლეობა ადვილად გადაიტანდა, სარწყავი სისტემები რომ მწყობრში და გამართული ყოფილიყო. ადგილობრივი მთავრობა, რომ გლეხებს ყურადღებას არ აქცევს, თბილისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკითხავენ, თუმცა იქიდანაც გაწბილებულები ბრუნდებიან.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფლების სავარგულებს წყლით მტკვრიდან გაყვანილი სარწყავი არხი ამარაგებს. ამ არხით ირწყვება გორის და კასპის რაიონის რამდენიმე სოფელი – ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი, დოესი, ყარაღაჯი, სასირეთი, გრაკალი და მეტეხიც კი. ავადსახსენებელი კომუნისტების დროს აღნიშნული სოფლები წყლის საცავი რეზერვუარებიდან ელექტროძრავების საშუალებით მტკვრიდან გადაქაჩული წყლის არხითაც ირწყვებოდა. ამ ხელოვნური არხით თეძმის ხეობის სოფლებიც მარაგდებოდა, თუმცა დღესდღეობით ელექტროენერგიის სიძვირის გამო წყალსაცავი არ ფუნქციონირებს, ხოლო მტკვრის დინებაზე დამოკიდებული მეორე გორი-დოესის არხი თითქმის დამშრალია.

სოფელ დოესის მოსახლეობამ დახმარებისათვის რწმუნებულის აპარატს არაერთხელ მიმართა. საკითხი ეხებოდა წყალსაცავის ამუშავების პრობლემას. ოფიციალური შეთანხებით, წყალსაქაჩი სადგური იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი მოსახლეობა ბაღების თითოჯერ მორწყვის შემთვევაში 0,01 ჰა მიწის ფართობზე 3 ლარს გადაიხდის. თუ გავითვალისწინებთ იმ გარეოებას, რომ აღნიშნული ზონის მოსახლეობა საშუალოდ 0,75 ჰა-ს ფლობს, მოსახლეობას თითო მორწყავზე  225 ლარის გადახდა მოუწევს. საკარმიდამო ნაკვეთების მორწყვა, რომლებიც საშუალოდ 0,15 ჰა-ს შეადგენს, 45 ლარი ჯდება.

გლეხებისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია. ისედაც მოუსავლიან სეზონზე უმრავლესობას თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია. ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით სოფელ დოესის მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრთან შესახვედრად ჩავიდნენ, თუმცა იქიდან ისე წამოვიდნენ, ვის შესახვედრადაც მიდიოდნენ ვერ ნახეს. ერთი სიტყვით, მოსახლეობა ისევ ღვთის და წვიმის იმედზეა. თუმცა, ბევრი მცენარესთვის წვიმა დაგვიანებულიც კია.

რაც შეეხება ადგილობრივ მთავრობას, გორის რაიონის გამგებელი ჩივის, რომ მას ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ გააჩნია. როგორც ცნობილია, გორის რაიონის ბიუჯეტი რევოლუციამდეც და შემდეგაც არ გაზრდილა. გამგებლის ბიუჯეტი ერთ დონეზეა ,,გაყინული” და 5 მლნ ლარს არ სცილდება.

საკმარისი თანხები და საშუალება არც შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის სამმართველოს გააჩნია. აღნიშნულ სამსახურში ამჟამად სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გაუქმდა რეგიონის ყველა რაიონის სოფლის მეურნეობის ყველა სამმართველო. გაერთიანდა და დაერქვა შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის სამმართველო, რომლის ხელმძღვანელად გორის რაიონის სოფლის მეურნეობის ყოფილი სამმართველოს  უფროსი სამსონ ქებაძე დაინიშნა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, რაიონის გამგებელს სამმართველომ არაერთხელ მიმართა თანხების გამოყოფის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. რაიონის გამგებელმა ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანხები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გამოუყოსო

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები