საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საარჩევნო პროექტების სამუშაო ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ძალების უკანონო ქმედებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. საიას დაკვირვებით, საჯარო მოხელეები _ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზია, კახეთის გუბერნატორი ლევენ ბეჟაშვილი და გურიის გუბერნატორი რამაზ ნიკოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში კანონდარღვევით მონაწილეობენ, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის მოსახლეობისათვის წარდგენით გამოიხატა.
საიას თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ამ ქმედებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 პუნქტი დაირღვა, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. `ვთვლით, რომ სახეზეა გუბერნატორების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, რაც გამოიხატება მათ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენითა და მათთვის მხარდაჭერის დაფიქსირებით", _ განაცხადა გიორგო ჩხეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
წყარო: მედიანიუსი.