პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს

02.04.2012
განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„მთავარი იყო, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი და თავისუფალი ვარ“, - განაცხადა სოფო ნიკოლაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ. სხვა კომენტარის გაკეთების საშუალება მას ახლობლებმა არ მისცეს.

სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატის მაგული ღვალაძის განცხადებით, ბრალდებული 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობით გაათავისუფლეს.

„სოფომ დანაშაული აღიარა და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობით გაათავისუფლეს. გირაო ოჯახმა 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს, მანამდე კერძო საკუთრებას ყადაღა დაედება“, - განაცხადა მაგული ღვალაძემ.

შეახსენებთ, რომ ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებამდე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სოფიკო ნიკოლაშვილის საქმის დახურულ სხდომებზე განხილვის შესახებ.

გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილი შს გურჯაანის სამმართველომ 31 იანვარს დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში წაუყენა. გიორგი სიბაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელია. წინასწარ პატიმრობას ბრალდებული რუსთავის კოლონიაში იხდიდა.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

<< უკან დაბრუნება