ერთი მუშა დაიღუპა ქუთაისის პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაზე, დამხმარე ნაგებობაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ივნისს საღამოს.
სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებისას მოხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ამ ცნობებიდან შეუძლებელი იყო იმის გარკვევა თუ ზუსტად რა მოხდა. ზოგიერთი სააგენტო იტყობინებოდა „ახალი პარლამენტის შენობის ჩამონგრევის“ შესახებ.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა უარყო ცნობა პარლამენტის შენობის ჩამონგრევის შესახებ და განაცხადა, რომ ხარაჩო ჩამოიშალა ახლომდებარე, დამხმარე ნაგებობაზე და შედეგად, დაახლოებით, 50 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
ქუთაისის ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების ცნობით, ნგრევის შედეგად 20 მუშაა დაშავებული, თუმცა სამშენებლო კომპანია უარყოფს ამ ინფორმაციას.
დეტალური და ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა მშენებლობის ადგილზე, არ არის ხელმისაწვდომი; მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა მიუახლოვდნენ პარლამენტის შენობას და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, რომლის დროსაც ის მოსწავლეებს და პედაგოგებს ხვდებოდა, განაცხადა, რომ "მე ვარ ძალიან გაბრაზებული ამ თემაზე" და მშენებლობის ყველა იმ ხელმძღვანელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, „ვინც უშუალოდ იმ [სამშენებლო] უბნის ხელმძღვანელია“.
სივილ ჯორჯია