კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ე. წ. ხურჩის ინციდენტის გამოძიების განახლებასთან დაკავშირებით

23 ოქტომბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 22 ოქტომბერს, შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ტერორისტული აქტის ორგანიზება და განხორციელება, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება შსს-ს მხრიდან ე. წ. ხურჩის ინციდენტზე გამოძიების განახლებას და იმედი აქვს, რომ საგამოძიებო მოქმედებები წარიმართება ობიექტურად, ყველა პროცესუალური ნორმის დაცვით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამოავლინოს ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთები.

2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სროლა ისმოდა სოფელ ხურჩაში, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებულ ტერიტორიაზეა. ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ცნობები, რომ  ავტობუსები, რითაც ქართველი ამომრჩევლები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხურჩაში ხმის მისაცემად მიყავდათ, ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს. ტელევიზიით აჩვენეს დრამატული კადრები, თუ როგორ იწვოდა ავტობუსები და დაპანიკებული ხალხი გარბოდა.იმავე დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და სროლების შედეგად დაჭრილი ადგილობრივი ქალბატონი საავადმყოფოში მოინახულა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურებს და აფხაზ სეპარატისტებს ადანაშაულებდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იმთავითვე კრიტიკულად შეაფასა ტერაქტის ოფიციალური ვერსია. 22 მაისს ხურჩაში ჩავიდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკვირვებლები, რომლებმაც ინციდენტის ადგილი შეისწავლეს გაეროს სადამკვირვებლო მისიის სამხედრო ექსპერტ ანდრეს ტრენბორგთან ერთად. ისინი ასევე გაესაუბრნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ჩატარებული კვლევის შედეგად დამკვირვებლებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ, კერძოდ: 1. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უშიშროების თანამშრომლები სროლის დაწყების დროს უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ, ან -  ძალიან მალე მოვიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უმოკლეს ხანში მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. სოფელი ხურჩა მდებარეობს დემილიტარიზებულ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სამხედრო განაყოფები იქ არ არიან განლაგებულები; 2. ადგილზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით ტელეჟურნალისტები, რომლებსაც ფაქტობრივად წინასწარ დადგმული მედიაშოუ უნდა გადაეღოთ; 3. ენგურს გაღმიდან გადმოყვანილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე კი არ წაიყვანეს, არამედ სტადიონზე, სადაც უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა; 4. ყუმბარები ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი უმოკლესი მანძილიდან.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა რეკომენდაციით მიმართეს მაშინდელ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაეწყო ძირეული და დამოუკიდებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაედგინა აფეთქებაში მონაწილე პირები (იხ.:www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7174&lang=geo ). 2008 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხურჩის ინციდენტს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა (იხ.:humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/Khurcha.pdf ). ეს თემა ასევე მოხვდა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში, მათ შორის ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ანგარიშში. სამწუხაროდ, ამ მიმართვებსა და ანგარიშებზე შსს-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა ხურჩის ინციდენტის გადაფასება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ მსგავსი პროვოკაციები და ინციდენტები წარსულს ჩაბარდა, მით უფრო - არჩევნების დღეს. ორგანიზაცია აკვირდება 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელსაც ცენტრის სახელით ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან, მათ შორის - ოგე ბორჩგრევინკი, რომელმაც 2008 წლის 22 მაისს ხურჩაში  ცხელ კვალზე მოიძია მომხდარი ინციდენტის გარემოებები.

ახალი ამბები