კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო

4 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

„რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.  28 ოქტომბერს გასამართ სხდომაზე დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა პროცესზე პროკურორი არ გამოცხადდა სხდომა გადაიდო. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრკურორი რევაზ ბაღაშვილი მივლინებაში იმყოფება.  აღნიშნულს დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ოქტომბერს ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის სათქმელად მზად იყო, თუმცა, სხდომა გადაიდო და მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 12 ნოემბერს გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა საქმის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა რევაზ ბაღაშვილმა დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოადგინა. 21 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მან არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებები შეაჯერა.   

ბრალდების მხარის განცხადებით,  2012 წელს თელასს გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და სახელმწიფოს რომ კომპანია ფინანსურად შეემოწმებინა, მას დაახლოებით 10 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა. ამდენად, „თელასის“ იმდროინდელმა ხელმძღვანელმა მაშიდნელ ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, კომპანია „L and M”-ს და სახელმწიფოს შორის ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ 1 მილონ ლარი შესთავაზა. ქრთამის „გათეთრების“ მიზნით ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო კომპანია „L and M”-ს   ანგარიშზე, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ გაწეული კონსულტაციის ანაზღაურება.

პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც “თელასსა“ და “L & M სერვიის“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საეჭვოდ ხდიდნენ, მისი თქმით, დასტურდებოდა, რომ „L & M სერვიისთვის“ თანხის გადახდა მხოლოდ ქრთამად აღებული თანხისთვის კანონიერი საფუძვლის შექმნა იყო: „პროცესზე დაიკითხა თელასის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიამ კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ახორციელებს არაგეგმიურ შესყიდვას 20 000 ლარზე მეტი თანხით, ეს საკითხი უნდა განიხილოს სამეთვალყურეო საბჭოს ცენტრალურმა ორგანომ.  მისივე თქმით, 2012 წლის ივლისში შ.პ.ს. „L & M სერვისის“  მომსახურების შესყიდვის საკითხი სხდომაზე არ განხილულა, ხოლო ოქმზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ხელმოწერები გაკეთდა ნოემბერში, იმის დამადასტურებლად, რომ თითქოს ივლისში საკითხი სხდომაზე განიხილეს“, - აღნიშნა პროკურორმა.

ბაღაშვილმა „თელასის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, დავით დოიჯაშვილის დაკითხვის ეპიზოდებიც გაიხსენა, სადაც დოიჯაშვილმა განაცხადა, რომ „თელასის“ წარმომადგენლები თვითონ იყვნენ დაინტერესებულნი „L & M სერვისთან” ხელშეკრულების გაფორმებით და ხელშეკრულება გაყალბებულია. პროკურორის თქმით, დოიჯაშვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ იმ დროისათვის, როცა ხელშეკრულება გაფორმდა „L & M სერვისი” დარეგისტრირებულიც კი არ იყო, როგორც კომპანია. 

აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ეჭვების შესახებ დაკითხვისას   „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ ჭინჭარაულმაც ისაუბრა. მისი თქმით, თელასის მიერ კომპანიისთვის გადასახდელი თანხა, 500 000 ლარი უპრეცენდენტოა, რადგან არასდროს საკონსულტაციო მომსახურებაში ამხელა თანხა  არ გადახდილა. აგრეთვე, საყურადღებოა რომ ამ თანხიდან 90 % იყო ავანსად მიცემული. ჭინჭარაულის ეჭვი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ  „L & M სერვისს“ არ ჰქონდა ოფისი და არც ვინმემ იცოდა ამ კომპანიის არსებობის შესახებ. 

„მოწმე ქეთევან ბადიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიას დავალებით, იგი გიორგი ნემსიწვერიძეს დაეხმარა კომპანიის წესდების შედგენაში და კომპანიის დარეგისტრირებაშიც. ასევე, იგი მოგვიანებით, გვარამიას დავალებით, ნემსიწვერიძეს გაჰყვა ბანკში, საიდანაც ნემსიწვერიძემ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გამოიტანა. მოწმემ ასევე დასძინა, რომ თანხის გამოსატანად ისინი გვარამიას მძღოლმა წაიყვანა და მინისტრის დაცვის წევრიც მათ გაჰყვა. როგორც ვხედავთ, საქმეში ნემსიწვერიძის არცერთი მოქმედება არ ხორციელდებოდა გვარამიას მითითებების, დავალებების ანდა დახმარების გარეშე.  თელასს რომ მართლაც დასჭირვებოდა აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურება, შეეძლო მაღალკვალიფიციური კომპანია დაექირავებინა, რომელიც საერთაშორისო დონეზე იქნებოდა აღიარებული და არა გიორგი ნემსიწვერიძე,  რომელიც იმ პერიოდში უზენაესი სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე მუშაობდა და არ ჰქონდა საჭირო ცოდნა და განათლება აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად“ - განმარტა პროკურორმა ბაღაშვილმა.

ბრალდების მხარისვე მტკიცებით, „L & M სერვისს“ არ შეუსრულებია არავითარი მომსახურება „თელასის“,  „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2-სა“ და მტკვარი ენეგეტიკისათვის“. ამ კომპანიების მიერ „L & M სერვისის“ საბანკო ანგარიშზე ჯამში ერთი მილიონ-ნახევარი ლარის ჩარიცხვის მიზანი მხოლოდ ქრთამად აღებული თანხისთვის კანონიერი საფუძვლის შექმნა იყო“, -  აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ბაღაშვილმა.  მისივე განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. 

შეგეხსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იუსტიციისა და განათლების მინისტრი იყო, პროკურატურამ 2012 წლის 21 დეკემბერს წაუყენა ბრალი. პროკურატურა გვარამიას  ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებას, ცრუმეწარმეობაში დახმარებასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება. 

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გვარამაია იყო ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი „კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის“, რომლის შედედაგადა მას 1 მილიონი აშშ დოლარი ქრთამად უნდა აეღოკომ „ინტერ რაო ესის“ შვილობილი კომპანიების „თელასის“, „ხრამჰესი 1“ „ხრამჰესი 2-სა“ და „მტკვარი ენერგეტიკისაგან“.გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „L & M სერვისი”, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, ჯამში 1 მილიონი აშშ დოლარი, ზემოაღნიშნული კომპანიებისაგან  „L & M სერვისის“ მიერ მათთვის თითქოსდა გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

აღნიშნულ საქმეზე გვარამიას გარდა, ბრალდებულნი არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, გიორგი ნემსიწვერიძე, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს „გუთიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ წარმომადგენლები, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და იზაბელა გუტიძე.  კიდევ ერთი ბრალდებული, “თელასის“ იმდროინდელი ხელმძღვანელი, აშოტ მანუკიანი იძებნება. 

ახალი ამბები