კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდება ქუთაისის ციხეში? - GCRT კვლევის შედეგებს აქვეყნებს

22 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

"არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, არაჰუმანური დამოკიდებულება მედ-პერსონალის მხრიდან, C ჰეპატიტით და დიაბეტით დაავადებული ათობით ადამიანი" - "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT) სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებული ვითარების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

"პატიმრები აღნიშნავენ, რომ ექიმები გაცილებით ჰუმანურები არიან მათ მიმართ, ვიდრე ადრე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაა. კერძოდ, სიმწირეა მედიკამენტების კუთხით. ძირითადი წამლები ციხის აფთიაქში ფასიანია და ფინანსური სიდუხჭირის გამო  პატიმრები მის შეძენას ვერ ახერხებენ. ასევე მძიმე ვითარებაა ოპერაციების კუთხით. პატიმრები ამბობენ, რომ ოპერაციები კეთდება, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში", - ამბობს "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ანა ჩაფიძე humanrights.ge-სთან საუბარში.

კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდს მოიცავს და ქუთაისის მე-2 საპყრობილის 78 რესპონდენტის ინტერვიუს ეფუძნება, ცხადყოფს, რომ სასჯეაღსრულების დაწესებულებაში არცთუ სახარბიელო ვითარებაა. პატიმრები სხვადასხვა დაავადებებით ავადდებიან, დაავადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საპყრობილეში არსებული არასათანადო პირობების გამო  უარესდება.

"ჩვენი კვლევის მიზანი ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების ხელისშემშლელი მიზეზების იდენტიფიკაცია გახლავთ. ამდენად, ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლეთ ვითარება. უშუალოდ ის პირები გამოვკითხეთ, ვისაც ეს პრობლემები აწუხებთ, ანუ ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები. ასევე, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, გაგვეგო ციხის მედპერსონალის აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  პატიმრები საუბრობენ ექიმების არასაკმარის რაოდენოაზე. ასევე, ხშირ შემთხვევაში ეჭვქვეშ აყენებენ მედპერსონალის კომპეტენტურობას", - ამბობს ანა ჩაფიძე.

"წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" ქუთაისის ოფისის ფსიქოლოგი და ექიმი ციხეში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, პატიმართა მხრიდან ხშირია უნდობლობა მედპერსონალის მიმართ: "პატიმრები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე, რაც სწორედ უნდობლობითაა გამოწვეული. ექიმსა და პაციენტს, ამ შემთხვევაში პატიმარს შორის არ არის გულწრფელი, ღია დამოკიდებულება, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება პაციენტის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, პრობლემებია მედიკამენტების კუთხით. პატიმართა განმატრებით, ექიმებს შეზღუდული რაოდენობით აქვთ წამლები, ისიც ტკივილგამაყუჩებლები. დანარჩენი მედიკამენტები ფასიანია და პაციენტისთვის არახელმისაწვდომი ", - ამბობს "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის" ქუთაისის ოფისის ექიმი იზოლდა შენგელია.  

ორგანიზაციის კვლევის შედეგად დაიდო დასკვნა სამედიცინო აღჭურვილობასთან დაკავშირებითაც. ისევე როგორც სხვა მხრივ, ამ კუთხითაც ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში არასახარბიელო ვითარებაა. არ არსებობს სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა, ციხის გარეთ პატიმრის მკურნალობა კი, იშვიათი და მაქსიმალურად უკიდურესი მდგომარეობის გარდა  არ ხდება: "მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ კვდება პატიმარი. ისიც იმიტომ, რომ მისი სიკვდილი ციხეს არ დაეწეროს", "ჩვენთან კაცი წევს, სასწრაფო საოპერაციოა და არ უკეთებენ. ვერ ვხვდებით, რატომ", ჩემთან ერთი სიმსივნით დაავაებული წევს. ჰპირდებიან „რეზბალნიცაზე“ გადაყვანას, მაგრამ არ გადაჰყავთ", - ეს ამონარიდია პატიმართა ინტერვიუებიდან, რომელსაც "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" ქუთაისის ოფისი ავრცელებს.

პატიმართა მონათხრობს ეფუძნება ფილმი "ფიცის გავრცელების ზონა", რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, კვლევის ფარგლებში მომზადდა: "ხშირად ციხის ექიმებს ავიწყდებათ ჰიპოკრატეს ფიცი, რომლის გავრცელების ზონა ციხეცაა" - ამბობს აღნიშნულ ფილმში ერთერთი პატიმარი, რომელიც ექიმებს ჰუმანურობისკენ მოუწოდებს: "სხვა შემთხვევაში ექიმიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის."

"კვლევამ მრავალი პრობლემური საკითხი წამოსწია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე გატარდა რიგი ღონისძიებები. შესაბამისად, არის წინსვლა. თუმცა, რჩება საკითხები, რომელთა მოგვარება უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, პატიმართა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, დისკრიმინაციის გარეშე. ასევე, პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთიანი სისტემა, რომელიც პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებას, ადრეულ ინტერვენციას და, რაც მთავარია, დროულ, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს", - ამბობს ანა ჩაფიძე.

კვლევის ფარგლებში იგეგმება ღია კარის დღე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში  გაიმართება. მოეწყობა ფილმის "ფიცის გავრცელების ზონა" ჩვენება, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, გარკვეული რეკომენდაცია იქნება, როგორც პარლამენტარებისთვის, ისე ზოგადად, საზოგადოებისთვის.

ახალი ამბები